თამარ შუკვანი
05.04.2019

 „ეს ხელისუფლების ბრალია, რადგან მან აიღო პრიორიტეტი იმისა, რომ ე.წ. უვიზო მიმოსვლა ქაღალდზე გვქონდეს. ამის ხარჯზე დათმო ის საკითხი, რაც დაახლოებით მილიონამდე ქართველ შრომით მიგრანტს შეეხება. უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ კარგად ვიცით, ევროპაში 100-დან 99 გაჭირვების გამო მიდის და მუშაობა სჭირდება, და არა იმისთვის, რომ ისწავლოს ან დაათვალიეროს პარიზის ლუვრი," - ასე აფასებს თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას.

კახა კუკავა:. უვიზო მიმოსვლა კარგია იმ ერთი ადამიანისთვის, ვინც მართლაც მიდის მოკლევადიანი ვიზიტებით, ლეგალურად. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ რეალობა არ გაითვალისწინა და აქცენტი იმ ერთ ადამიანზე გააკეთა და 99%-ის სტატუსი გააფუჭა. როდესაც ახლა გვილოცავენ, ბევრი ვერ ხვდება რა იმალება ამ ტერმინის უკან, რომ ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. კი, კარგად ჟღერს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩეხეთი ყველა ქართველს გამოყრის, რომელსაც ჩეხეთში ყოფნისა ოფიციალური ნებართვა არ აქვს. ეს არის ხელისუფლების მიერ წარმოებული გაუაზრებელი და არაპრაქტიკული კურსის შედეგი.

„რ": რამდენად რეალურია, რომ უვიზო მიმოსვლას შესაძლოა გარკვეული საფრთხე დაექმუროს? ვგულისხმობ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას.

კ.კ: ევროპის დამოკიდებულებას კარგად აჩვენებს, როდესაც შეჩერების მექანიზმით გვესაუბრებიან. მილიონობით მიგრანტმა ევროპა მართლაც წალეკა და ამაზე არ იღებენ ხმას, ქართველი რამდენი არის იქ, რომ გერმანია და საფრანგეთი დაიტვირთა?

ესეც აჩვენებს საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, არ არის სტრატეგიული პარტნიორი, თორემ ამდენი საუბარი ქართველ მიგრანტებზე არ იქნებოდა.

ეს ევროპელების მხრიდან არის არამეგობრული ჟესტი, მაგრამ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა თუ გაუქმებაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ გვესმოდეს საკითხი ევროპის ქვეყნებში დასაქმებული ადამიანების შესახებ. იქ დასაქმებულები აქ შემოსავლის მთავარი წყაროა. ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ევროპაში არალეგალურად დასაქმებული ყველა ქართველი დაბრუნდეს, ეს კატასტროფა იქნება, რომელიც სამოქალაქო ომს არ ჩამოუვარდება თავისი მასშტაბებით.

როდესაც მთავრობა მოუწოდებს, არ წახვიდეთ და ყველანი დაბრუნდითო, თუკი ნახევარი მილიონი კაცის საქართველოში დაბრუნდა, ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს დაახვედრებენ აქ თუ რას გააკეთებენ? ნახევარი მილიონი უმუშევარი რომ დაბრუნდეს საქართველოში და დამატებით აქ, ვისაც ინახავენ, მილიონ ნახევარ კაცს, ისინიც, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×