
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სანადირო თოფით თანასოფლელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გარდაცვლილები 1960 წელს დაბადებული ნ.მ. და 1968 წელს დაბადებული ბ.ა. არიან. ორივე მათგანი სოფელ სამიქაოს მკვიდრი იყო.
როგორც სოფლის რწმუნებულმა ზაზა ვეკუამ განაცხადა, მომხდარს თვითმხილველი არ ჰყავს. მისთვის უცნობია, თუ რა იყო მკვლელობის მოტივი, თუმცა ამბობს ერთ-ერთ გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
"ორივე გარდაცვლილი გვერდიგვერდ ცხოვრობდა. ვის სახლშიც შემთხვევა მოხდა, მათი მეზობელია, მოხუცი კაცია... როგორც ვიცი, მომხდარს ის არ შესწრებია, რადგან იმ დროს გარეთ იყო გასული. როდესაც სახლში შებრუნებულა, ერთი გარდაცვლილი იქ უნახავს, მეორე კი სახლის უკან იპოვა... სავარაუდოდ ამ მეორემ ჯერ მეზობელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა, მკურნალობდა კიდეც. როგორც ვიცი, მათ კონფლიქტი არ ჰქონიათ", - განუცხადა "ამბებს" ვეკუამ.