კინორეჟისორ გიორგი დანელია, რომელიც მოსკოვში გარდაიცვალა, მისი უახლოესი ადამიანები იხსენებენ.
ნიკუშა შენგელაია, მხატვარი: "დედაჩემი სოფიკო და გია დანელია დეიდაშვილები იყვნენ და ნამდვილი და-ძმასავით უყვარდათ ერთმანეთი. ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ, მერე კი მათი ყოველი შეხვედრა ნამდვილი ზეიმი იყო... ფილმის "არ იდარდოს" გადაღება ჩემს თვალწინ მიმდინარეობდა.
მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გია დანელიასთან მაქვს გატარებული... ძალიან გული დამწყდა, მიუხედავად იმისა, უკვე ვიცოდი, რომ უიმედო მდგომარეობა რომ ჰქონდა და თითქოს ყველაფერს შეგუებული უნდა ვყოფილიყავი. ბოლო კვირების განმავლობაში იმდენად ცუდად იყო, რომ ხელოვნურ აპარატზე იყო მიერთებული.
ბოლოს ტელეფონით ხშირად ვსაუბრობდით, დარდობდა, რა ცხოვრება მოვიდა, მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ და შენ - რუსეთშიო... ექიმები ნებას არ რთავდნენ, ამიტომ ბოლო წლებში ფრენა აკრძალული ჰქონდა".
ელდარ შენგელაია, რეჟისორი: "გია დანელია ჩემი იმდენად ახლო მეგობარი იყო, რომ მოსკოვში რომ ჩავდიოდით მე და ჩემი მეუღლე, მხოლოდ მასთან მივდიოდით და სხვასთან არავისთან. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა... გია გენიალური ადამიანი და რეჟისორი იყო. მან გადაიღო არაერთი შესანიშნავი ფილმი და მე სიამაყით უნდა გითხრათ ერთი რამ, მოსკოვში არ არის მისი ვარსკვლავი, საქართველოში, თბილისში კი ჩვენ რუსთაველის თეატრის წინ გავხსენით მისი სახელობის ვარსკვლავი, რითაც უბედნიერესი იყო... საქართველო იყო მისთვის უპირველესი, ეს მის შემოქმედებაშიც კარგად ჩანს".
ბუბა კიკაბიძე, მომღერალი, მსახიობი: "მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, ძმებივით ვიყავით და უმძიმესი დღეა ჩემთვის! მადლობელი ვარ ღმერთის, რომ შემახვედრა ეს არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი სიხარული მომანიჭა მთელი ცხოვრების განმავლობაში".