ხელისუფლება აზარტული თამაშების ბიზნესს უკვე დაუფარავად ქომაგობს. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობა მათი მავნებლური საქმიანობისგან დაიცვას, აზარტული ბიზნესი შეიზღუდოს და მკაცრი რეგულაცია დაწესდეს, თავისი გაუგონარი პოლიტიკით აზარტული ბიზნესის წახალისებას ახდენს. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებით საპარლამენტო უმრავლესობამ, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ბიზნესის ინტერესები გაცილებით წინა პლანზეა, ვიდრე მოსახლეობის კეთილდღეობა.
ეს განწყობა ჩანდა მაშინაც, როცა ახლახან მთავრობამ ტურისტულ რეგიონებში აზარტული თამაშების განვითარების ხელშეწყობის შესახებ დააანონსა. რეალურად არავინ იღებს პასუხისმგებლობას იმ დაუცველ მოქალაქეებზე, რომლებიც უკანასკნელ თეთრსაც აზარტულ თამაშებში ხარჯავენ და ამის გამო შეიძლება უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდნენ.
გუშინ პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. 2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგით ჩავარდა.
კენჭისყრას წინ დებატები უძღოდა. თავდაპირველად განცხადებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს. მან ისიც დაამატა, რომ თუკი ინიციატორი პროექტს ხელახლა ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.
ეს არგუმენტი მიუღებელი აღმოჩდა ლევან გოგიჩაიშვილისთვის, რომლის განცხადებითაც, კანონპროექტი ჩავარდა ლობირებისა და ერთი მონოპოლიური კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით.
"ამ კომპანიას მონოპოლია მოპოვებული აქვს ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმიდან, მას "აუთდორი" ჰქვია. კანონპროექტი იმის გამო ჩავარდა, რომ მათ ეკრძალებოდათ რეკლამების განთავსება. აზარტული სივრცე ქვეყანას აუბედურებს. უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო, ხალხის მხარეს წასულიყვნენ და მონოპოლისტური კომპანიის მხარე დაიჭირეს. ეს არის კორუფციული შეთანხმება ხელისუფლებასა და ამ კომპანიას შორის. მაინტერესებს, ამ საკითხზე შეხვედრები პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მერს ამ მონოპოლისტურ კომპანიებთან ჰქონდათ თუ არა?!
ჩვენ ამ საკითხს არ დავტოვებთ და ბოლომდე მივიყვანთ. ძალიან სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებაა. რადგან ჩემი ინიციატივა იყო, ესეც იყო მთავარი მიზეზი, რომ ვიღაცის თვალში არ ჩამწეროდა ქულები, ამიტომ ჩააგდეს," - განაცხადა მან.
ანალიტიკოსების შეფასებით, სათამაშო ბიზნესს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი შეგნებულად უწყობს ხელს. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა ზურაბ კუკულაძემ "რეზონანსთან" აღნიშნა, საეჭვოა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში აზარტული თამაშების აკრძალვის მიმართულებით ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯი გადადგას.
"ბოლო წლების ტენდენცია კიდევ ერთხელ გამოვლინდა. ამ მხრივ ძალიან სახასიათოდ მეჩვენა მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ კანონმდებლობის პათოსს ეთანხმებოდა, მაგრამ ტექნიკური დეტალების გამო მისი მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. ყოველთვის, როცა ამ თემაზე ჩამოვარდება საუბარი, ყველა ამბობს, რომ კარგია და მხარი უნდა დაუჭირონ, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერს აკეთებენ. ეს არ ხდება იმიტომ, რომ მართლა ტექნიკური ხარვეზია, უბრალოდ, ეს არის პოლიტიკური ნების გამოძახილი, რომ არ აპირებენ კანონის მიღებას და ამ საკითხს, სულ მცირე, კიდევ 2 წელი გაწელავენ.
ამ დროს უზარმაზარ პრობლემას ქმნის სათამაშო ბიზნესში მონაწილე კომპანიების საქმიანობა საზოგადოებაში მორალურად, ფსიქოლოგიურად და ეკონომიურადაც. ბილბორდების რეკლამის აკრძალვა, ისიც კონკრეტულ მონაკვეთზე, შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ ამასაც კი მხარი არ დაუჭირეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ სიტუაცია, რეალურად, შეიცვლება. ფაქტია, რომ პარლამენტში ან უცოდინრები სხედან, ან ამ მავნებლობას შეგნებულად უწყობენ ხელს," - ამბობს კუკულაძე.
სპეციალისტების ნაწილი ღიად საუბრობს, რომ კაზინოების ბიზნესს პარლამენტში ლობირებენ. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, რომლის თქმითაც, პრობლემასთან გასამკლავებლად პოლიტიკური ნება არ არსებობს.
"ვისმენთ განცხადებებს, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ 6 წლის განმავლობაში ეს საკითხი ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა წინ, მიზეზი ჩემთვის გაუგებარია. პარლამენტარებისა და მთავრობის წევრებისგან ეს პასუხი ვერ მოვისმინე. ღარიბ ქვეყანაში აზარტული თამაშები უმაღლეს დონეზეა მიშვებული. ბიზნესის ბრუნვამ გასულ წელს 10 მლრდ ლარს გადააჭარბა. არაფერია რთული გასაკეთებელი, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს. არ მესმის, ვინ ლობირებს ისეთი, რომ ვერავინ შეძლო საჭირო ზომების მიღება?!
უკვე კატასტროფული ვითარებაა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად გვეუბნება, რომ აქ ფული თეთრდება და იქნებ დაინტერესდეთ ამ საკითხითო, მაგრამ არავინ რეაგირებს. ამ დროს ცნობილია, რომ სექტორის ბრუნვა ბოლო 10 წელიწადში 133-ჯერ არის გაზრდილი, რაც არნახული მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ერთი ფაქტიც არ არის აღმოჩენილი, რომ ფულის გათეთრების შემთხვევა დაედასტურებინათ.
მეორე საკითხია, რომ მოსახლეობა ზარალდება. ოდესმე თუ მიხვდებიან, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოქალაქეების მიმართ, დამოკიდებულებას შეცვლიან, მაგრამ ამასობაში აზარტული ბიზნესის შემოსავალი გეომეტრიული სისწრაფით იზრდება, ხოლო ბიუჯეტში მიზერული შენატანებია. მეტიც, ქობულეთსა და ურეკში აზარტული თამაშების ხელშესაწყობად შეღავათს უწესებენ კაზინოებს, არ მესმის მთავრობის ლოგიკა," - აღნიშნა "რეზონანსთან" მერაბ ჯანიაშვილმა.