ბენეფიციარებს სოციალურ ბარათზე დარიცხული თანხის ნაწილით მხოლოდ პროდუქტების ყიდვა შეუძლიათ და ისიც კონკრეტულ მაღაზიათა ქსელში. გაურკვევლობას იწვევს ისიც, რომ პროდუქტების სახეობებიც შეზღუდულია. მოქალაქეები გაწბილებულები არიან. საუბარია იმ დანამატზე, რომელიც პენსიონერებს, დევნილებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებს ბარათზე ერიცხებათ, თუმცა სურვილისამებრ ვერ იყენებენ.
2019 წლის ბიუჯეტში ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებისთვის, თანხის გარდა, გათვალისწინებულია კვების ვაუჩერიც. სწორედ მისი მოხმარების წესი იწვევს უკმაყოფილებას ბენეფიციარებში. ერთი მხრივ, მისი გამოყენება მხოლოდ რამდენიმე მაღაზიის ქსელშია შესაძლებელი, რომელიც შეიძლება სულაც არ მდებარეობდეს ვაუჩერის მიმღების საცხოვრებელთან ახლოს, მეორე მხრივ კი, პრობლემას ქმნის ის, რომ სახელმწიფო წყვეტს, რა არის პრიორიტეტი მისთვის - კვება, ჯანდაცვა, კომუნალური გადასახადების გადახდა თუ სხვა. გარდა ამისა, შეზღუდულია პროდუქტების სიაც.
ჟურნალისტი თამო კეშელავა სევდიან ისტორიას იხსენებს, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.
"ერთ-ერთ დიდ მარკეტში მომიწია შესვლა და ჩემ წინ ოჯახი იყო: დედა, მამა და შვილი. ისე მოხდა, რომ სექციებშიც ერთად დავდიოდით. მერე უკვე დავყვებოდი თავჩარგული ჭირისუფალივით. იმ 30-ლარიანი ვაუჩერის გამოყენებას ცდილობდნენ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს რომ მისცა სახელმწიფომ. რა აქციაც იყო, არ მოეწონათ, მაინც უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვაგანო (არ ვწერ იმ მაღაზიის სახელს). კარტოფილი იაფია, მაგრამ ძალიან დაზაინებული, ერთი კილოდან ნახევარი კილოც არ გამოვაო - მოწყენილად დააბრუნეს უკან. მაკარონიც ეძვირათ, სოიოსთანაც გაჩერდნენ და კატლეტზეც იმსჯელეს, მაგრამ ეგაც ვერ ჩაჯდა ბიუჯეტში. ლობიო იყიდეს და მწვანილი, მაიონეზი და ზეთი ეძვირათ და მაინც შეიძინეს, დიდხანს არჩიეს ძეხვი, დიდხანს ეძებდნენ იაფ ძეხვს და რაღაც იპოვეს."
არსებულ რეალობას "რეზონანსთან" პროფესორი პაატა აროშიძე გამოეხმაურა.
"სოციალურად დაუცველი პირებისთვის ეს იყო დამამცირებელი ნაბიჯი, რადგან გაიცემა ვაუჩერი და კონკრეტული საკვებია განსაზღვრული. გაცილებით უპრიანი იქნებოდა დანამატი თანხის მიცემა ამ ადამიანებისთვის. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პროდუქცია ვადაგასულია, ამას ვერ დავადასტურებ, თუმცა ვერც უარვყოფ.
როდესაც სახელმწიფო აფინანსებს და ვაუჩერებს იძლევა, ამით კონკრეტული მაღაზიები სარგებლობენ და, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი იქნება ასეთ მაღაზიებში პროდუქტი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯობდა, თანხა მიეცათ ამ ადამიანებისთვის და მათ თავად გადაეწყვიტათ, რა სჭირდებათ და რისი შეძენა ურჩევნიათ. მეორე მხრივ, ამ თანხის ისე მიცემაც არ იქნებოდა კარგი, რადგან საკმაოდ მცირე დანამატზეა საუბარი," - განუცხადა "რეზონანსს" აროშიძემ.
მდგომარეობა საკმაოდ რთულია, ბენეფიციარები პრეტენზიას გამოთქვამენ ვაუჩერებზე, რომელიც ყოველმხრივ შეზღუდულია და მომხმარებელს "კარნახობს", რა უნდა იყიდოს, სად და როგორი.
სოციალურად დაუცველი ნინო ლომინაძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ 30-ლარიანი ვაუჩერით პროდუქტის ყიდვა თითქმის შეუძლებელია და სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილებები შეურაცხყოფის ტოლფასია.
"თავიდან რომ დაგვინიშნეს ეს ვაუჩერი, ყველას ძალიან გვიხაროდა. ვიფიქრეთ, პირველადი საჭიროების ნივთებს მოვიმარაგებდით, მაგრამ როდესაც წავედი მაღაზიაში და მივხვდი, რომ ჩემივე ფულს იმაში ვერ ვხარჯავდი, რაც მჭირდებოდა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა.
სახელმწიფომ მომცა 30 ლარი და მიკონკრეტებს, რა უფროა ჩემთვის საჭირო. როდესაც ამასაც შევეგუე, მერე მივხვდი, რომ მთავარი უბედურება ეს არ არის. განსაზღვრული საკვები, რომელიც ვაუჩერით უნდა ვიყიდოთ, არის გადასაყრელი და ნაგავი, რაც, წესით, მაღაზიაში არც უნდა იყიდებოდეს. მაღაზიების არჩევანში გვზღუდავენ, პროდუქტებში გვზღუდავენ და რასაც ვყიდულობთ, ისიც ნაგავია.
ამას სჯობდა, არც არაფერი ეჩუქებინათ და არც მოემატებინათ სოციალური დახმარება. დაგვამცირეს, დაგვიმონეს და ვითომ საქმე გაგვიკეთეს. ხალხს თვალს უხვევენ, მთელი უბედურება უსამართლობაში და სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულებაშია," - აღნიშნა "რეზონანსთან" ნინო ლომინაძემ.