"თიბისი ბანკის" სკანდალური საქმე პარლამენტში მწვავე დებატების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. პარასკევს სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ საქმეში პოლიტიკური დევნის მიზნით ეროვნული ბანკის გამოყენების ნიშნები იკვეთება. ამიტომ გვენეტაძეს დეპუტატებმა ჰკითხეს, დამოუკიდებლად მოქმედებდა თუ არა ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი და, ასევე, საბანკო რეგულაციაზეც დაუსვეს კითხვები, რამაც, მათი აზრით, ათეულათასობით მოქალაქე მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კი "თიბისის" დამფუძნებლებსა და პოლიტიკოსებს სთხოვს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ხელს შეუშლის საბანკო სექტორისა და ეროვნული ბანკის მშვიდ და დამოუკიდებელ მუშაობას. კობა გვენეტაძის განცხადებით, "თიბისი ბანკი" და ეროვნული ბანკი დაუბრუნდნენ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს და განსაკუთრებული სიახლეები მოსალოდნელი არ არის.
"ამ საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი ხელს უშლის როგორც "თიბისი ბანკის", ისე ეროვნული ბანკის ნორმალურ და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას. მოვუწოდებ საზოგადოებას, დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებებისგან, დაიცვან ეთიკურობისა და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი.
კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით კი "თიბისი ბანკის" დამფუძნებელსა და პოლიტიკოსებს, მოგვცეთ საბანკო სექტორსა და ეროვნულ ბანკს მშვიდად და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალება," - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
"როგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, პროკურატურის საქციელს გმობთ თუ არა, რომ გამოძიება დამთავრებული არ იყო და ისე მიაწება იარლიყი?" - ჰკითხა მას "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ, ვისთვისაც გაუგებარია, პოლიტიკოსებმა "თიბისის" საქმეზე საუბრისგან თავი რატომ უნდა შეიკავონ.
ბოკერიას თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაფერი მოიმოქმედა, როდესაც პროკურატურამ ფულის გათეთრების კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება და ეს გაასაჯაროვა.
"მე მომესმა თუ თქვენ მოგვიწოდეთ პოლიტიკოსებს, რომ განცხადებებს ნუ გააკეთებთ, არ დააზიანოთ საბანკო სექტორი თუ "თიბისიო". რა მაინტერესებს, პროკურატურამ რომ ბრიფინგები აწყო და გაავრცელა ინფორმაცია გათეთრებაზე, ცრუ ინფორმაცია, ჩემი აზრით, ეგ იყო თუ არა საზიანო და თქვენ, როგორც საბანკო სექტორის პასუხისმგებელი პირი, პროკურატურის საქციელს გმობთ თუ არა, რომ გამოძიება დამთავრებული არ იყო და ისე მიაწება იარლიყი და მერე იზრუნა საჯაროობაზე? და ივანიშვილის განცხადებას, როცა კონკრეტულ პირებს დაესხა თავს, შეჭამეს საქართველოო, ამას როგორ აფასებთ?" - იკითხა ბოკერიამ.
"მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდა, უკან გვაბრუნებთ?" - ასე მიმართა პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მოსთხოვა, დაეზუსტებინა, რა საფუძვლით დაიწყო 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის შესწავლა და თუ აქვს ეროვნულ ბანკს ანალოგიური მაგალითები, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გოგიჩაიშვილს, ასევე, აინტერესებს, "თიბისის" საქმეზე შეხვდა თუ არა კობა გვენეტაძე შს მინისტრსა და პრემიერს.
"ყველაზე მძიმე ამ ისტორიაში ჩემთვის არის რაღაც დეჟა ვუ წარსულში დაბრუნების. მეგონა, რომ ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ ადეიშვილის სტილი, როდესაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა უნისონში მუშაობდნენ. უკან გვაბრუნებთ? გქონდათ თუ არა თქვენ რაიმე კონსულტაციები და შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, შს მინისტრთან და იყო თუ არა თქვენ შორის კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე "თიბისიდან" თანამშრომლებს უშვებენ და კობა გვენეტაძეს მოუწოდა, განმარტოს, კადრებს ეროვნული ბანკის მითითებით ხომ არ ათავისუფლებენ. ამავე დროს გამოხატოს პოზიცია "თიბისის" საქმესთან დაკავშირებით - არის თუ არა ფულის გათეთრება.
"თვლით თუ არა დღეს თქვენ, რომ პროკურატურამ ზუსტად იმ საფუძვლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე, კვალიფიკაცია ზუსტად ისეთი მისცა, როგორი მოთხოვნაც თქვენ გადააგზავნეთ, ან როგორი ინფორმაციაც მიაწოდეთ. თვლით თუ არა თქვენ პირადად, რომ ეს არის ფულის გათეთრება?" - იკითხა გოგიჩაიშვილმა.