„კატეგორილად იმის თქმა არ მინდა, რომ ინიციატივის ჩაგდება ლობისტების დამსახურებაა, თუმცა კანონპროექტი საკმაოდ დაბალენსებული იყო. აზარტული თამაშების პოპულარიზაცია სახელმწიფო ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს; ყოველ ნაბიჯზე სარეკლამო ბანერების არსებობა და ამ პროდუქტის რეკლამირება საჯარო ინტერესი ნამდვილად არ არის. სწორედ იმას ემსახურებოდა ინიციატივა, რომ ეს მაქსიმალურად შეზღუდული ყოფილიყო," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის მიერ საკანონდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა.
ფოფხაძისთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რითაც პარლამენტმა ეს კანონპროექტი ჩააგდო. მისი თქმით, მეორე მოსმენის რეჟიმში საკანონმდებლო ინიციატივის უფრო მეტად დაზუსტება შეიძლებოდა, რის შემდეგაც პარლამენტი კანონპროექტს მიიღებდა.
„არგუმენტი, რომ კანონპროექტი რაღაცა ნაწილში ვიღაცას არ მოსწონდა, აბსულუტურად დაუსაბუთებელია, რადგან მეორე მოსმენის რეჟიმში ნებისმიერ საკითხზე შეიძლებოდა საუბარი. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უმრავლესობა არ იყო მზად იმისთვის, რომ დადებითად გადაეწყვიტა, მითუმეტეს, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივას წარმოადგენდა, რომელიც ერთგვარი ეჭვიანობის საფუძველიც შეიძლება ყოფილიყო.
„უმრავლესობიდან ჩვენ წამოსვლამდე ინიცირებული კანონპროექტია და შესაბამისად, გაუგებარია უმრავლესობისთვის რა პრობლემას წარმოადგენდა ამ ინიციტავისთვის მხარდაჭერა. მეორე მოსმენის რეჟიმში თავისუფლად შეიძლებოდა საკითხების დახვეწა, დაზუსტება და რაღაც ფორმულირებაზე საუბარი. პრინციპის დონეზე, სადაო არაფერი უნდა ყოფილიყო," - აღნიშნა მან.
მისი განცხადებით, ამ საკითხით დაინტერესებული პირები არსებობენ, რომელთა ინტერესები კანონპროექტის გათვალისწინებით ზარალდება, თუმცა არსებობს საზოგადების ინტერესი, რომელიც პარლამენტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.
„პოპულარიზაცია და აზარტული თამაშების უკონტოლო რეკლამირება ნამდვილად არ წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ მომგებიანი ბიზნესი, შესაბამისად, მას თავისი ლობისტებიც და დაინტერესებული პირებიც ეყოლება. ამ ბიზნესის შეზღუდვა ვიღაცას შეიძლება ნამდვილად არ აწყობდეს და სერიოზული ზიანიც მიაყენოს, რადგან მცირე თანხაზე არ არის საუბარი.
„თუ ვინმეს უნდა თამაში და ამ პროცესში ჩართვა, ამას ეს კანონი არ გამორიცხავს, მაგრამ ახალი ადამიანების შეტყუებას ამ პროცესში და მათ გაუბედურებას გამორიცხავს. ბევრი ადამიანისთვის ეს ბოლო დანაზოგის დაკარგვის წინაპირობაა. ეს არ არის ჯანმრთელი პროცესი, იწვევს მიჩვევას და შეიძლება ამ ადამიანებისთვის ცუდი შედეგებით დასრულდეს. ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს ლობისტი და დაინტერესებული მხარე, ყველა უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ამის რეკლამირება არ არის სწორი.
„მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს აზარტული თამაშების რეკლამირება. გამოსავალი სწორედ ეს კანონპროექტი იყო. ვისაც მიაჩნია, რომ ამისთვის ფინანსები ზარალდება, იმ ადამიანების გავლენა პარლამენტზე უნდა იყოს ყოვლად გამორიცხული," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისათვის, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნის.