ქართველი დიზაინერი ლელი ცისკარაული უკვე 12 წელია ესპანეთში, ბარსელონაში ცხოვრობს და მისი მომსახურებით ცნობილი ოჯახები სარგებლობენ. მაგალითად, ლელის ნამუშევრები მრავლადაა ფეხბურთის ვარსკვლავ ლიონელ მესის, პოპულარული ჟურნალისტებისა და მსახიობების სახლებში.
"საქართველოდან 2008 წელს წავედი. ვიფიქრე, რომ ჯობდა, საზღვარგარეთ დამემთავრებინა მაგისტრატურა. წამოვედი ბარსელონაში და ვისწავლე მაგისტრატურაში.
ახლა ჩვილი ბავშვის და საბავშვო ოთახის დეკორაციისთვის საჭირო აქსესუარებს – ბალიშებს, თეთრეულს, კონვერტებს, წინსაფრებს, საბავშვო ეტლების ჩანთებს, ორსული დედის ჩანთებს… აბსოლუტურად ყველა პროდუქტი პერსონალიზებულია – ხელით ვქარგავთ ბავშვების სახელებს, ინიციალებს… ძირითადად დედები გვიკვეთავენ და თვითონ წყვეტენ, როგორი ქსოვილი უნდა იყოს და ზედ რა ეწეროს.
3 წლის წინ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების მეკარის, იკერ კასილასის მეუღლე, სარა კორბონერო იყო ორსულად, მეორე ბავშვს ელოდებოდა. ის აქ ძალიან ცნობილი ტელეწამყვანია. მისი მეილი რომ ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი – სიხარულისგან ვწიოდი და ვკიოდი. მოგვწერა, რომ შემთხვევით გვიპოვა "ინსტაგრამზე", ძალიან მოეწონა ჩვენი პროდუქცია, სურდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზება მოეხდინა და გვერდით დაგვიდგებოდა. გამოთქვა სურვილი, შეეძინა ორი ბალიში და საბავშვო საწოლის მოწყობილობა.
როცა გზავნილი მიიღო, "ინსტაგრამზე" გააზიარა და დაწერა, რომელი კომპანიისაც იყო. იმ დღეს გადაიწვა ჩემი მეილები და სოციალური ქსელები – უამრავი ორსული მწერდა, უამრავი შეკვეთა მივიღე.
იმ თვეში 280 შეკვეთა მივიღე. მაშინ გახდა ჩემი მარკა ცნობილი. მერე "ბარსელონას" ფეხბურთელის, ჯორდი ალბას, მეუღლე დაგვიკავშირდა. უნდოდა ბავშვის ბალიშები, საწოლის აქსესუარები… ატვირთა სოციალურ ქსელში და დაწერა, დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი პროდუქციის დამზადებისთვისო. მეორე დღეს კი მივიღე ლიონელ მესის მეუღლის, ანტონელა როკუციოს, მეილი. ალბას და მესის მეუღლეები ახლო მეგობრები არიან. დიდი შეკვეთა მოგვცა – ბალიშები, ჰოსპიტლის ჩანთა, ორი კონვერტი… საოცარი სისწრაფით დავამზადეთ. ასეთი კლიენტები ყოველთვის ხომ არ გვყავს!
ანტონელამაც ატვირთა თავის "ინსტაგრამზე" და ჩვენი კომპანია მონიშნა. ვერ გადმოგცემთ, რა მოჰყვა ამ ამბავს! არგენტინიდან, სამხრეთ ამერიკიდან და საიდან არ მოგვწერეს. ანტონელას მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოების შემდეგ ჩემი მეუღლე მთელი დღეები მეილებსა და მესინჯერში პასუხების გაცემით იყო დაკავებული. მესის მეუღლემ მალე კიდევ მოგვცა დიდი შეკვეთა – მისი და იყო ორსულად და დისშვილისთვის აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენგან იყიდა", - განუცხადა "სარკეს" ლელი ცისკარაულმა.