1980-იანი წლების ბოლოს, საქართველოში დიდი ტრაგედია დატრიალდა, რომელზეც მთელი საბჭოთა კავშირის პრესა წერდა. მომხდარმა შეძრა მთელი ქვეყანა. ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი მოითხოვდნენ.
თამაზ ნამგალაური საკუთარი ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურებისა და სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ბავშვს სწორედ იმ დღეს, თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი...
წლების შემდეგ, ნამგალაურის და „პროფილთან“ ინტერვიუში, მომხდარს იხსენებს და დარწმუნებულია, რომ მის ძმას დანაშაული არ ჩაუდენია.
"თამაზი სწავლობდა იურიდიულზე და როგორ ფიქრობთ, კაცმა, რომელმაც კრიმინალისტიკა კარგად იცის, შემთხვევის ადგილას ტოვებს სისხლის კვალს, ფლავს ეზოში, ჩამოდის თბილისში ჩვეულებრივად წვება და იძინებს? ჩვენ კასაციის უფლება არ გვქონდა, განაჩენი კი 45 დღის განმავლობაში მოიყვანეს სისრულეში.
მერე გავიგეთ, რომ არ იყო დახვრეტილი. გვითხრეს, რომ თამაზი ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო, მის საკანს საერთოდ არ კეტავდნენ. თამაზი ვარჯიშობდა. თურმე ჰქონდა ვიტამინების ნაკლებობა და ღრძილების პრობლემა. გვითხრეს, რომ მიგვეტანა წამალი. ფრანგული წამალი ვიშოვეთ და შუამავლის ხელით შევუგზავნეთ, რისთვის ავარჯიშებდნენ, ამაზე პასუხი დღესაც არ მაქვს. მე მაინტერესებს, თუ ის იყო პედოფილი, რატომ ინახავდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პედოფილ ადამიანს, რომელიც ბავშვებს ხოცავდა, იჭერდა და კლავდა“?
ოფიციალური ვერსიით კი თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. მისმა მეუღლემ შვილებს გვარი შეუცვალა და საქართველოდან წავიდა. მომხდარის შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ ის თითქოს არ დასაჯეს სიკვდილით და გააპარეს საბჭოთა კავშირიდან.
ამონარიდი ნამგალაური ჩვენებიდან
"1988 წლის 12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა წავსულიყავი. სახლიდან გამოვედი, რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე, მერე ტაქსი დავიქირავე და მარტო წავედი დუშეთში, არ ვიცი, რატომ. ეზოში რომ ჩავედი, ჩემი ბიძაშვილი დათო დავინახე, დავუძახე, ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარე მეთქი, ისიც გადმოვიდა და დამეხმარა. არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი, წადი შენი და გადმოიყვანე-თქო, ახლა ჩემები ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი, დათო წავიდა და თავისი პატარა დაც მოიყვანა. მერე ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად... დათო რომ წავიდა, გოგონა ოთახში შევიყვანე, კარი ჩავკეტე, ხელში ავიყვანე და ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა ყელში, ხელი წავუჭირე, მეორე ხელი პირზე დავაფარე და გავგუდე, მერე გავხადე და გავაუპატიურე, ამასობაში დათოც დაბრუნდა, დას ეძებდა, გოგონა საწოლებს შორის დავმალე, დათო ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ არ არის - მეთქი, დათოც წავიდა. მეგონა, გოგონა მკვდარი არ იყო და ყელში თოკი წავუჭირე, მერე ჩანთა გადმოვიტანე, გოგონა შიგ ჩავდე, იქვე ჩავყარე გოგონას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ზეწარი, ბალიშის პირი, ჩანთა ბოსტანში გადავიტანე და იქ დავმარხე. მიწას რომ ვაყრიდი დედამისმა დამიძახა, გოგონა ხომ არ დაგინახავს-თქო, მე ვუთხარი, იქეთ გარბოდა-მეთქი. მერე თბილისში დავბრუნდი, უკვე საღამო იყო, ვიბანავე, ვისადილე, ტელევიზორს ვუყურე და დავიძინე. მეორე დღეს დამაპატიმრეს".
უმძიმესი დანაშაულის აღიარება ნამგალაურის სასამართლო პროცესზე ერთადერთი შოკისმომგვრელი ამბავი არ ყოფილა. ცნობილმა ძიუდოისტმა ყველასათვის მოულონდელი საბოლოო სიტყვა წარმოსთქვა:
"არც წინასწარი გამოძიებისას ვუარყოფდი და არც ახლა ვუარყოფ დანაშაულს, მე ახლა 31 წლის ვარ, თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან რა გარანტიაა იმისა, რომ ისევ არ ჩავიდენ რაიმეს, ამიტომ მე მხარს არ ვუჭერ ჩემს დამცველს და გთხოვთ, ჩემს მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა" .
(2020NEWS)