ეკატერინე ბასილაია
07.04.2019

 ზვიად გამსახურდიას თემის წამოწევით „ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა უკან დასახევი გზა დაიწვა, 1 წლის შემდეგ რომ დაეწყოთ, კიდევ შეიძლებოდა დრო გაეწელათ, ახლა გამორიცხულია, 2020 წლის არჩევნებამდე შედეგი უნდა დაიდოს, აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ზუგდიდში ივანიშვილისა და "ოცნების" სხვა ლიდერების სტუმრობის კომენტირებისას. ამ და სხვა საკითხებზე "მთელი კვირა" პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

„მთელი კვირა": შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ ყველაზე აქტუალური გახდა მერის არჩევნები ზუგდიდში, რომელიც გადაიქცა ერთგვარი მთავარი ბრძოლის ველად „ოცნებისთვის", ჯერ იქ ივანიშვილი ჩავიდა დაპირებებით და უმთავრესად, ზვიად გამსახურდიას გახსენებით, შაბათს კი ბახტაძე, კალაძე და ღარიბაშვილი. როგორ ფიქრობთ, ზუგდიდში გამსახურდიას თემის გააქტიურება არის მთავარი კოზირი და მოუტანს ივანიშვილს გამარჯვების ხმებს?

პაატა ზაქარეიშვილი: გეთანხმებით, რომ ზუგდიდმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ხელისუფლება მიხვდა, რომ სამეგრელოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. სააკაშვილმა საიდან დაიწყო რევოლუცია? სამეგრელოდან. ყველას კარგად ესმის, რომ თუ სამეგრელოს მოაწონე თავი, თუ სამეგრელო შენია, ეს გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ახლა ზუგდიდში იწყება ბრძოლა 2020 წლისთვისაც და ამიტომაც ამოტივტივდა ზვიად გამსახურდიას თემაც.

სააკაშვილმა გამსახურდიას ნეშტი გადმოასვენა. ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. პოლიტიკოსებს გამსახურდია ახსენდებათ მხოლოდ თავიანთი პოზიციების გასამტკიცებლად, თორემ რამდენიმე თვის წინ გამსახურდიას ვაჟები შიშმილობდნენ პროკურატურის წინ, რათა გამოძიება არ შეწყვეტილიყო და შიმშილობის შედეგად მოახერხეს სიტუაციის რაღაცნაირად გადატეხვა. ამასობაში წამოეწიათ არჩევნები და გამოძიება გახდა მთავარი თემა. შიმშილობა რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ გამსახურდიას თემა ამ ხელისუფლებისთვის აქტუალური იყო, მაგრამ შიმშილობამ გამოააშკარავა, რომ ისინი ამაზე არც ფიქრობდნენ და მხოლოდ არჩევნებმა შეახსენეს ეს თემა. აშკარაა, რომ აქ ფარისევლობის ელემენტებია და ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ თუ ამ ფარისევლობას ერთი დადებითი მაინც მოჰყვება, ისაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდება გამსახურდიას სიკვდილის გარემოებები, ეს დაფარავს ყველა ამ ფარისევლურ ნაბიჯებს. ყველა შედეგს ელოდება. წინ ორი წელია და თუ შედეგი არ დადგება, ეს ძალიან მძიმედ შემოუტრიალდებათ.

ამიტომ, ამ ვალდებულებით „ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა უკან დასახევი გზა დაიწვა. ეს თემა 1 წლის შემდეგ რომ დაეწყოთ, კიდევ შეიძლებოდა დრო გაეწელათ, ახლა გამორიცხულია, 2020 წლის არჩევნებამდე შედეგი უნდა დაიდოს. ასე რომ, გამსახურდიას თემით იწყება სამეგრელოს მოსახლეობის გულის მოგება. ეს აშკარაა. თუმც აქ მეორე მომენტიცაა, ახლა გამსახურდიაზე ლაპარაკის დაწყება ძალიან გვიანია და არავინ იცის, „ოცნებას" აჰყვება თუ არა ამ სპექტაკლში მოსახლეობა.

„მთელი კვირა": სამეგრელოს გულის მოგება ასე მნიშვნელოვანია?

პ.ზ: რა თქმა უნდა. სამეგრელოში ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა „ოცნებას" ყოველთვის. ახლა უნდა დაუმტკიცონ ყველას, რომ სამეგრელოში სიტუაცია გამოასწორეს. ამიტომ მთელი „ოცნების" და მთელი ოპოზიციის მობილიზებაც იქ მოხდება.

„მ.კ ": შაბათს „ოცნების" მთავარმა სამეულმა - ღარიბაშვილმა, კალაძემ და ბახტაძემ წარადგინეს მერობის კანდიდატი. ღარიბაშვილმა ამ გამოსვლაში ისევ „9-წლიან რეჟიმზე" ისაუბრა და თქვა, რომ არ დაუშვებენ ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ეს საამაყო მხარე გაანადგურა და გაამწარა. მომავალ 2 წელს ისევ ანტიმიშას ძახილს უნდა ველოდოთ, ისევ მუშაობს ეს მესიჯი?

პ.ზ: ვერ მუშაობს. თავად „ოცნებამ" დააბრუნა ის რეჟიმი. ძალიან ძნელია დააჯერო ამომრჩეველი, რომ სისხლიანი რეჟიმი ცუდი იყო, როდესაც შენ ახსენებ ამ რეჟიმის „გამპრავებელ" მოსამართლეებს. პრინციპულად არ თმობენ და როცა ასე ჩაბღაუჭებულები არიან მოსამართლეებზე, საზოგადოებამ რატომ უნდა დაიჯეროს, რომ სისხლიანი რეჟიმი ბრუნდება. მეორეც, თუ ბრუნდება, ვისი ბრალია, ვინ დააბრუნა, თუ არა „ოცნებამ"?! გარდა იმისა, რომ მთელი საზოგადოება ხედავს სასამართლოებს, მე კონფლიქტების მოგვარებაშიც ვხედავ, რომ არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი დაბრუნდა, არამედ ხალხიც, სახეებიც. ძალიან მინდა „ოცნება" დავიცვა, უფრო მათ მიმართ მაქვს სიმპათიები, ვიდრე „ნაციონალების" მიმართ, მაგრამ მე თვითონ ვხედავ, როგორც სპეციალისტ-ექსპერტი, რომ კონფლიქტებში მთლიანად დაბრუნდა „ნაციონალების" ნარატივი.

„მ.კ ": რას გულისხმობთ „ნაციონალების" ნარატივის და სახეების დაბრუნებაში.

პ.ზ: მაგალითად ჟენევის ფორმატში დაბრუნდა „ნაციონალების" ნაცრისფერი კარდინალი შალვა ცისკარაშვილი, რომელიც იყო ქართული დელეგაციის მუდმივი ფიგურა ჟენევის ფორმატში. იცვლებოდნენ მოადგილეები, წევრები, ის სულ რჩებოდა. ის „ოცნების" დროს წავიდა და სიტუაციას ღირსეული ადამიანი დავით დონდუა მართავდა, ახლა კი ცისკარაშვილი ისევ დააბრუნეს. ეს ჩემთვის პირდაპირი სიგნალია, რომ „ნაცმოძრაობა" ბრუნდება. მეტიც, მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე არის რუსლან აბაშიძე, რომელიც 2008 წლის ომის დროს იაკობაშვილის მოადგილე იყო. ცისკარაშვილს და აბაშიძეს კი არ ვედავები, უბრალოდ თუკი „ოცნება" ამ ხალხის გარეშე პრობლემას ვერ აგვარებს, მე რატომ უნდა დავიჯერო, რომ სისხლიანი რეჟიმი ბრუნდება?! როგორ უნდა გავამართლო ღარიბაშვილის მოწოდება, რომ თურმე არ უნდა დავაბრუნოთ 9-წლიანი რეჟიმი?!

„მ.კ ": კახა კალაძის განცხადება საინტერესო იყო. მან თქვა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამეგრელოს წინსვლა, იმიტომ რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არისო. რა წინსვლაა კონფლიქტებთან მიმართებით, ან ზუგდიდი განვითარდა თქვენი აზრით?

პ.ზ: ეს არის წმინდა წყლის წინასაარჩევნო პროპაგანდა, ამაზე მუშაობდა შევარდნაძეც, სააკაშვილიც. ეს აფხაზეთისთვის არაფერი არ არის, ეს არის ქართული საზოგადოებისთვის ილუზიის შექმნა. საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ზუგდიდში ხომ არ ჩადის, 80%-მა არ იცის რა ხდება ზუგდიდში, ამიტომ ასეთი პროპაგანდისტული გამოსვლებით ზუგდიდზე ლაპარაკი იოლია. ზუგდიდში ყველა წინასაარჩევნო კამპანიის დროს თემა არის აფხაზეთი და რა შეიცვალა 25 წლის განმავლობაში? არაფერი. ფაქტია ის, რომ ზუგდიდი ფეხზე დადგა „ნაციონალური მოძრაობის" დროს, პარკი გაკეთდა, სინათლე, მეტი სიმშვიდე დადგა, მართლა რაღაცები გაკეთდა. ვინაიდან სააკაშვილი მადლიერი იყო სამეგრელოში, მან ნამდვილად სერიოზული ინვესტიციები ჩადო ზუგდიდში, ამიტომ ამ ფონზე თუ ნახავთ განსხვავებას სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს შორის, რა თქმა უნდა, სააკაშვილის შემდეგ ბევრი არაფერი გაკეთებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×