რეზონანსი
08.04.2019

 "მასწავლებლის გლობალური პრიზის“ ფინალისტის, ჩიბათის სკოლის პედაგოგის ლადო აფხაზავას პირად ანგარიშზე მოსახლეობა კვლავ აგრძელებს თანხის ჩარიცხვას. აფხაზავა გეგმავს, რომ ხალხის მიერ შეგროვებული თანხით, გურიის სკოლებისთვის მცირე საგრანტო კონკურსები გამოაცხადოს და ასე დაეხმაროს პედაგოგებსა და მოსწავლეებს პროექტების განხორციელებაში:

"ცხადია, იმის ილუზია არ მაქვს, რომ მართლაც მილიონი ლარი შეგროვდება და არც არის საჭირო მილიონი იმისათვის, რომ ვაკეთო საყვარელი საქმე და თან სხვა პედაგოგებსა და მოსწავლეებს დავეხმარო იმ პროექტების დაფინანსებაში, რომელთა განხორციელებაც მათ ასე ძალიან სურთ. უფრო ზუსტად კი ხალხი დაეხმარება მათ. სწორედ ის ხალხი, რომლებიც თითო-თითო ლარს რიცხავენ ჩემს ანგარიშზე".

ლადო აფხაზავა ასევე გეგმავს, რომ შეგროვებული თანხით თავის მასწავლებელს დაეხმაროს, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.

მილიონიანი კამპანია ჩიბათელი მასწავლებლისთვის სოციალურ ქსელში 26 მარტს დაიწყო. იდეის ავტორმა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ მისი ინიციატივა ასე განმარტა:

"ჩემი იდეა იყო, რომ ყველას თითო ლარი გადაგვერიცხა ლადოს ანგარიშზე. ის არის კარგი, საღი ადამიანი და ჩვენ გვაქვს შანსი, მივცეთ მას შესაძლებლობა განახორციელოს თავისი გეგმები. დარწმუნებული ვარ, სიყვარულს + 1 ლარი, ლადოს გააკეთებინებს ძალიან ბევრ კარგ საქმეს".

ლადო აფხაზავასთვის მილიონის შეგროვების იდეას საზოგადოების ნაწილი უარყოფითად შეხვდა. ისინი სოციალურ ქსელში წერენ, რომ ბევრი ადამიანია ქვეყანაში, რომლებსაც ლადოს აფხაზავაზე მეტად სჭირდებათ დახმარება.

(რადიო თავისუფლება)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×