“საქართველოს მიმართ გამოვლენილი აგრესიის უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელია”
ტატა შოშიაშვილი
08.04.2019

 „ბუქარესტის ცხრიანის" შემადგენლობაში შემავალ ქვეყნებს საერთო მოსაზრება აღმოაჩნდათ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და რუსეთის მიერ გამოვლენილ აგრესიასთან დაკავშირებით. „ცხრიანის" თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს გასული კვირის ბოლოს ვარშავაში შეხვდნენ. ალიანსის წევრების გარდა შეხვედრაში ევროპაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი რიჩარდ ბენკს ლანდოლტი მონაწილეობდა.

ამის შესახებ პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძრვანელმა, პაველ სოლოხმა განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასა და „ცხრიანში" შემავალი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შესახებ-იუწყება „TVP Parlament".

მაღალჩინოსნების შეხვედრაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენებზე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვება დაუშვებელია.

„პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, ხოლო დისკუსიების გამართვისას სტუმრებმა დაადასტურეს, რომ „ცხრიანი", როგორც ეს კოშინცში გამართულმა სამიტმა დაგვანახა, უსაფრთხოების საკითხების შეფასებაში ერთიანი (პოზიციების) დემონსტრირებას ახდენდა. განსაკუთრებით, საუბარია რუსეთის აგრესიული ქცევის შესახებ",-განაცხადა სოლოხმა.

მანვე განმარტა, რომ პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოების საკითხი. კერძოდ, საუბარი იყო რუმინეთსა და ბულგარეთზე, ასევე ხაზი გაესვა შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის აუცილებელ ზომებს.

ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძრვანელმა, პაველ სოლოხმა ისაუბრა კიდევ რამდენიმე საკითხზე, რომელიც შეხვედრის მსვლელობისას განიხილეს პოლონეთის პრეზიდენტმა და „ბუქარესტის ცხრიანში" შემავალი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა.

სოლოხის თქმით, „ცხრიანში" შემავალმა რამდენიმე მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ გერმანიის დამოკიდებულება და მხარდაჭერა „ჩრდილოეთის ნაკად-2-ის" მიმართ საშიშია არა მხოლოდ უკრაინისთვის, სლოვაკეთისა და პოლონეთისთვის, არამედ შეუძლია, რომ ევროპული სოლიდარობის ან ალიანსის ფარგლებში ერთიანობა შეასუსტოს.

მაგრამ აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინის გამო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

შეგახსენებთ, რომ „ბუქარესტის ცხრიანი" 2015 წელს ჩამოყალიბდა რუმინეთისა და პოლონეთის ინიციატივით და მათ გარდა ალიანსში შედიან: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×