(რეზონანსი) ვარძია, შესაძლოა, რიგით მეოთხე ძეგლი გახდეს, რომელსაც სულ მალე იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებს. თუმცა, ქართული მხარის მცდელობა ჩაიშლება, თუკი მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ვარძიის წინ მიწისქვეშა სასტუმროს ააშენებს. მშენებლობა სოსო ორჯონიკიძემ უკვე დაიწყო, თანაც უკანონოდ.
რამდენიმე დღის წინ მშენებლობის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ „საყდრისის კომიტეტს კულტურული მემკვიდრეობისთვის" შეატყობინა. კომიტეტის წევრები ვარძიაში ჩავიდნენ და მშენებლობა გააპროტესტეს:
„როგორც მოსახლეობამ გვითხრა, აქ სოსო ორჯონიკიძის გარდა მიწებს სხვა ბიზნესმენები და მსხვილი კომპანიებიც ფლობენ. თუკი, ხელისუფლება მიწისქვეშა სასტუმროს უკანონო მშენებლობას დაუშვებს, მაშინ კომერციულ ნაგებობებს სხვებიც ააშენებენ." - აცხადებს კომიტეტის ერთ-ერთი აქტივისტი ნინო ბურჭულაძე.
„საყდრისის კომიტეტის" განმარტებით, მშენებლობა ისტორიული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში მიმდინარეობს, რაც კანონით ისედაც დაუშვებელია. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ ნებართვა მშენებლობაზე არ გაუციათ. სასტუმრო, როგორც თავად ორჯონიკიძე იტყობინება, 120 ნომრისგან შედგება.
კომიტეტმა ადგილობრივ ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. კომიტეტში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ ვერ შეძლო ასპინძის მერიამ ამ უკანონობის აქამდე აღკვეთა.
„საყდრისის კომიტეტი" ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე წამოწყებულ უკანონო მშენებლობას მონიტორინგს გაუწევს: „თუკი ხელისუფლება არ იმოქმედებს, ჩვენ, საზოგადოება თავად განვახორციელებთ მშენებლობის დემონტაჟს" - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.
საყდრისის კომიტეტი მოხალისეებისგან 2014 წლის გაზაფხულზე მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დასაცავად შეიქმნა და მას შემდეგ ბიზნესისგან მემკვიდრეობის დაცვას ცდილობს საყდრისის კომიტეტის ინიციატივით და აქტიურობით მიმდინარეობს 5 მნიშვნელოვანი ძეგლის რეაბილიტაცია. მათ შორის ფიტარეთის. სათხის მონასტრის და სამშვილდის ნაქალაქარის.
"პრაიმტაიმი"