(რეზონანსი) მკვლელებსა და კაციჭამიებთან ერთად ვიხდი სასჯელს, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმის საპატიმროშიც რომ გადამიყვანონ, იქაც პირველი ვიქნები ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით, - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე აცხადებს.
„არასდროს ვყოფილვარ არც "ძველი" და არც "ქუჩის" ბიჭი, სიმართლის, პატიოსნების და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და ვარ კიდეც დატაკებული. იმ შემთხვევაში, თუ ბრალს ვაღიარებდი, სამ წელს მომისჯიდნენ, 200-ათასიან ჯარიმასა და აშშ-დან დეპორტაციას, მე კი ვითხოვ "დანაშაულის" მტკიცებულებებს, რაც დღემდე არ წარმოუდგენიათ. მოიყვანეს თავიანთი აგენტები, რომლებმაც ცრუჩვენებები მისცეს სასამართლოს. აგენტმა მილმანმა თქვა, თითქოს 2017 წლის 23 აპრილს კაზინოში წავიყვანე და "ვეხმარებოდი". არადა, 22 აპრილს ინგლისში ჩემპიონი გავხდი, 23-ში კი თბილისში ჩამოვფრინდი, რაც პასპორტის შტამპითაც დასტურდება. ისიც თქვა, რომ ბრუკლინში რომელიღაც თავშეყრაზე მნახა, მაშინ, როცა იმ დროს სან-ფრანცისკოში ვიყავი და ამას ჩემი მწვრთნელები და სპარინგ-პარტნიორებიც ადასტურებენ. მეორე "მოწმეს" ჰკითხეს, ხურციძეს თუ იცნობო? ვიცნობო, მაგრამ როცა ჩემი ამოცნობა სთხოვეს, ვერ მიცნო, დარბაზში არ არისო", - განაცხადა ავთანდილ ხურციძემ.
ქართველმა მოკრივემ ამერიკულ ციხეში მომდარი ინციდენტის დეტალებზეც ისაუბრა, როდესაც მას პატიმრებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუწია.
როცა კამერაში შევედი, დავინახე, რომ ერთ ქართველს თხუთმეტი ლათინოსი ეჩხუბებოდა, შულაიას ხელისგული მოჭმული ჰქონდა (ხომ გითხარით, კაციჭამიები არიან-მეთქი). დამინახეს თუ არა, ყველა ერთად დამესია. ერთი მოლდოველი ბიჭი იყო კიდევ, მოჭიდავე ვარო. ყურები კი ჰქონდა ხინკლის ნაოჭებივით, მაგრამ მოჭიდავე კი არა, მორბენალი ყოფილა. დანა რომ დაინახა, ერთი კი დაიძახა რუსულად, "მამაო", და ისეთი სისწრაფით გაიქცა, კინაღამ წამაქცია ჰაერის ტალღამ. ერთი თვის შემდეგ, როცა საერთო საკანში დავბრუნდი, სხვა პატიმრებმაც მოირბინეს ბოდიშებით, საშხაპეში რომ არ ვყოფილიყავით, დაგეხმარებოდითო. მორიგე არც გამოსულა ოთახიდან. როგორც მითხრეს, მხოლოდ ხელი გამოყო და პილპილის დეოდორანტი გამოაფრქვიაო. კოლუმბიელები ჩვენზე გაცილებით ბევრი იყვნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ცალი თვალი სისხლით მქონდა სავსე, ვისაც მივაწვდინე ეს ბებერი მუშტი, ფეხზე არც ერთი არ დამიტოვებია. დანის პატრონს განსაკუთრებული "პატივი ვეცი": რომ დავარტყი, დანა გაუვარდა ხელიდან და გაქცევა დააპირა, მაგრამ გრძელ კიკინაში ვწვდი და კარგად "დავამუშავე", - აღნიშნა ხურციძემ.