ამერიკელი პოლიტიკოსი ტრამპს მოუწოდებს ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში გაწევრიანების მსურველთათვის კარი დაახურინოს
თამარ შუკვანი
08.04.2019

 ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი პატრიკ ბიუკენენი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს პირდაპირ განუცხადოს, რომ ნატო-მ ალიანსში გაწევრიანების მსურველთათვის კარი სამუდამოდ დახუროს - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „The American Conservative" წერს.

ბიუკენენის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უფრო დიდი სიგიჟეა, ვიდრე საქართველოსი, თუმცა იგი იმ შესაძლო შედეგებზე საუბრობს, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეიძლება მოჰყვეს, - მისი თქმით, ამ შემთხვევაში, აშშ რუსეთთან კონფლიქტში იქნება ჩათრეული.

თუმცა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბიუკენენის ეს განცხადება შეშფოთების საფუძველს არ იძლევა.

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, მაგრამ შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ. მსგავსი მოსაზრებები, რომ არსებობს, ეს დიდი ხანია ცნობილია. იმის შესახებ თუ რამდენად სწორი სტრატეგიაა ნატო-ს შემდგომი გაფართოება, განსაკუთრებით ევროპის ამ ნაწილში, დიდი ხანია კამათი მიდის, ამიტომ, ამ მოსაზრებაში რაიმე განსაკუთრებული და ახალი არაფერია.

„პირადად მქონია დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ ნატო გასული საუკუნის 91 წლის შემდეგ უბრალოდ უნდა გაუქმებულიყო, რადგან მან თავისი ფუნქცია დაასრულა. ასე რომ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ სიტუაციაში, როდესაც მოსაზრებების ასეთი სხვაობაა, შესაბამისად, მსგავსი რადიკალური მოსაზრებებიც არსებობს," - აღნიშნა მენაღარიშვილმა.

ბიუკენენის თქმით, ტრამპმა სტოლტენბერგს პირდაპირ უნდა განუცხადოს: „ნატოს წევრი ქვეყნების სია უკვე დახურულია სამუდამოდ. შეერთებული შტატები ამიერიდან ვერავის ვეღარ მისცემს გარანტიებს რუსეთთან ბრძოლაში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებული საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან ჩვენი საკუთარი სამხრეთ საზღვრებიდანაც სისხლი წვეთავს".

ამერიკელი პოლიტიკოსი ნატო-ს გენერალურ მდივანს აკრიტიკებს იმ ვიზიტის გამო, რომელიც მან საქართველოში გასულ თვეში განახორციელა. ვიზიტისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ „ნატოს 29 წევრმა ღიად განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება...". ხოლო, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ასეთი შეტყობინება გაუგზავნა: „ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ან სხვა რომელიმე ქვეყანა წყვეტდეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ნატოს წევრები," - განაცხადა სტოლტენბერგმა საქართველოში ვიზიტისას.

მენაღარიშვილის მოსაზრებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ბიუკენენის განცხადების საპირისპირო დაამტკიცოს. მისი თქმით, საქართველოს ალიანსში გაწვერიანება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ნატო-ს ინტერესსაც წარმოადგენს.

„ჩვენი ამოცანაა არა შეშფოთება ან აღშფოთება მსგავსი მოსაზრების გამო, არამედ ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ ამის საწინააღმდეგო დავამტკიცოთ. დავამტკიცოთ ის, რომ ნატო-ში საქართველოს ინტეგრირება გახლავთ არა მხოლოდ საქართველოს ინტერესი, არამედ თვითონ ალიანსისაც.

„არსებობდა, არსებობს და ალბათ, მუდმივად იარსებებს მსგავსი მოსაზრება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის, როგორც ჩვენი პარტნიორის, მიდგომა ჩვენი ქვეყნისადმი გადაიხედება.

„ცვლილება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამას სხვა, ბევრად უფრო სერიოზული საფუძველი სჭირდება, ვიდრე ერთი ან ექსპერტების ერთი ჯგუფის მოსაზრება გახლავთ," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×