წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ისტორიის ყიდვის და გადაწერის მცდელობა-ესაა შეფასებები, რომელსაც „რეზონანსთან" ანალიტიკოსები და ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით აკეთებენ. მათი აზრით, ივანიშვილი წერილში არა 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს, არამედ წინა საარჩევნო კამპანიისთვის ქულების დაწერას ცდილობს. მათი აზრით, წერილის შინაარსი ისტორიის გადაწერის უხარისხო მცდელობაა.
ასევე, საკმაოდ წინააღმდეგობრივია, როდესაც საზოგადოების გაერთიანებაზე და წარსულის დავიწყებაზე საუბრობს, რადგანაც მთავარ პოლიტიკურ იარაღად ისევ სისხლიანი 9 წელი აქვს მომარჯვებული და წერილშიც კი წარსულს თავად არ ივიწყებს. მათივე აზრით, ივანიშვილს ჰგონია, რომ ამქვეყნად ყველაფრის მათ შორის ისტორიის ყიდვაც შეუძლია და ყველაფერი მისია.
"უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ჰყოფს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ ღია წერილშია ნათქვამი. ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა.
ექსპრემიერის განცხადებით, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მისი თქმით, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და "რჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ".
ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე "შინნაზარდი დიქტატორი აირჩია", რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა.
„მიუხედავად ამისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა. ამ დღეს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
მაგრამ, მაინც მივიღეთ პარადოქსული ვითარება: როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს.
სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია.
„ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება. სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ პირიქით, ეროვნული მოძრაობა - საკუთარ თავში.
მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ. ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს" და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.
წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული. 9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!" - წერია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში.
ოპოზიციაში „რეზონანსთან" ბიძინა ივანიშვილის წერილს ცინიკურს უწოდებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ივანიშვილის წერილი, რომელიც 9 აპრილს ეძღვნება და მისი ვიზიტი სოფელ ხიბულაში მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, "ქართულ ოცნებას" შუალედური არჩევნების წინ ხმები სჭირდება. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ქართულ საზოგადოებას არ დავიწყნია უახლესი ისტორია და კარგად ახსოვს, რომ ივანიშვილი 9 აპრილის მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს საარჩევნო კამპანიას უფინანსებდა.
"მარტივად, ბიძინა ივანიშვილის სჭირდება ხმები წინასაარჩევნოდ და ახლა ცდილობს ადამიანების გულის მოგებას, განსაკუთრებით სამეგრელოში. ისეთივე ყალბია ეს წერილი,როგორც ყალბი იყო მისი ვიზიტი ხიბულაში, რომელიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებაზე იყო ორიენტირებული.
ადამიანი, რომელიც პირდაპირ აფინანსებდა გენერალ ლებედის წინასაარჩევნო კამპანიას, რომელიც იმ სადესანტო დივიზიის მეთაური იყო, რომელიც არბევდა სასტიკად მშვიდობიან მომიტინგეებს 9 აპრილს, რა თქმა უნდა, ესეც უდიდესი ცინიზმია მისი მხრიდან და მას ჰგონია, რომ ადამიანებს უახლესი ისტორია ავიწყდებათ. არა, არ ავიწყდება ადამიანებს უახლესი ისტორია და ამ ცინიზმს წინასაარჩევნოდ ხმების მონადირების მიზნით ასეთი ეპისტოლეების გამოქვეყნებას დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები არ ირწმუნებენ მის გულწრფელობას და შესაბამისად არ მიიღებენ,"-ამბობს თინა ბოკუჩავა.
ივანიშვილს წერილს მმართველ გუნდში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ მათი გუნდის ლიდერის განცხადება, საზოგადოების ერთიანობის იდეას ემხრობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია, რომლებიც წერილის შინაარსს ფარისევლობად მიიჩნევენ. ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ვოლსკისთვისაც.
„არასწორი არგუმენტია, არავითარი სიღრმე ამ არგუმენტს არ გააჩნია და თუ კი კარგად გავაანალიზებთ სიტუაციას, დანგრევის პირას და ძალიან აგრესიულ რუსეთს, როდესაც სტაბილურობა არა მარტო მათ, არამედ მის სამეზობლოს ყველა ქვეყანას სჭირდებოდა, რასაკვირველია გადაწყვეტილებები იმ პერიოდში მიღებული, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიერ, რაზედაც თვითონაც ყვება, იყო რაციონალიზმიდან გამომდინარე და ამან მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მომავალში საერთოდ ამ მსოფლიოს განვითარებას," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ეს არის ისტორიის ყიდვის და მისი გადაწერის უხარისხო მცდელობა. ეს წერილი არის წყალი, რომელიც არაფრის მომცემია. მისი აზრით, ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო და ყველაფერს მხოლოდ ამ კუთხიდან აფასებს. ხუხაშვილისთვის გაუგებარია რომელი საზოგადოების გაერთიანებაზე და წარსულის დავიწყებაზე საუბრობს, როდესაც წერილშიც კი ისევ სისხლიან 9 წელზე და წარსულზე ლაპარაკობს.
„როდესაც სააკაშვილის დიქტატორობაზე საუბრობს, აგვიხსნას მაინც წლების განმავლობაში მას რატომ აფინანსებდა. ივანიშვილს ძალიან უნდა, რომ გვიყვარდეს და ძალიან წუხს იმაზე, რომ არ გვიყვარს. თუ უნდა, რომ შევიყვაროთ, მაშინ ლექსების წერა დაიწყოს. მას ქართველი ხალხის სიყვარულის ბუშტი გაუსკდა.
"7 წელი პაემანზე დადიოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა, რომ დამოუკიდებელი საქართველო უყვარს. კარგი იქნებოდა, რომ ამ წერილისთვის ცოტა მარილი მოეყარა და თვითკრიტიკული ყოფილიყო. წერილში არანაირი თვითკრიტიკა არ არის, რაც ყველაფერს აუფასურებს. რაღაც უფრო ძალიან თავდაჯერებულია",-აცხადებს ხუხაშვილი.