შეამცირებს თუ არა გაზის დეტექტორების დაყენება ქალაქში აფეთქებების სერიას -ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები გამკაცრდება
ელზა პაპოშვილი
08.04.2019

 მას შემდეგ რაც გაზის გაჟონვის შედეგად დედაქალაქში აფეთქებების სერია გრძელდება, პარალელურად, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება, რაც კორპუსებში გაზის დეტექტორების დამონტაჟებასაც ითვალისწინებს.

რეგულაციები, რომელიც ბუნებრივი აირის უსაფრთხო მოხმარებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა.

რამდენად სანდოა უბედური შემთხვევებისგან თავის დაცვა ბუნებრივი და მხუთავი აირის დეტექტორების დახმარებით, ამასთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტების დამოკიდებულება არც თუ დადებითია.

„რეზონანსთან" ისინი აცხადებენ, რომ დეტექტორების გამოყენება პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგანაც ეს მოწყობილობები არ არის ბოლომდე დახვეწილი და გამართული. ისინი რეაგირებენ, მაგალითად, წყლის ორთქლზე, რომელიც შეიძლება ჩაიდნიდან ამოდიოდეს. ასევე რეაგირებენ ხმაურზე, სხვა სუნებზეც და ა.შ. ასე რომ, მათ უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენად საიმედოა ეს დეტექტორები. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა სპეციალისტების დასკვნა ყველა ცალკეულ მოწყობილობაზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, სისტემურია თუ არა ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, რამდენად უსაფრთხოა გაზგაყვანილობის ქსელი როგორც ახალაშენებულ, ასევე ექსპლუატაციის ვადაგასულ შენობებში.

ქალაქის მერი კი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. კალაძემ ეს გადაწყვეტილება დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების ფაქტზე კომენტირებისას გაახმოვანა. მისივე განმარტებით, მერიას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და რეგულაციები წლის ბოლომდე ამოქმედდება.

„ჩვენ მოვითხოვეთ ამ მიმართულებით რეგულაციების გამკაცრება. გვქონდა შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროსთან. ვისაუბრეთ, თუ როგორ ვხედავთ ამ კუთხით ცვლილებებს. მათი მხრიდან თანხმობაც არის და ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით ეს ცვლილებები განხორციელდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობლები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისივე თქმით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა, კორპუსებში სპეციალური სენსორები დამონტაჟდეს, რომელიც ბუნებრივი აირის გაჟონვას სიგნალიზაციით დააფიქსირებს.

„ვფიქრობ, აუცილებელია შესაბამისი სენსორების დაყენება. ეს უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. თუკი მოხდება აირის გაჟონვა, ჩაირთვება სიგნალიზაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდანაც მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, თბილისის მერის განცხადებით, მერია პირველივე წუთიდან ჩაერთო საქმეში.

„მოხდა დაზარალებულების დროებით საცხოვრებელში გადაყვანა. დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს, რათა ყველაფერი რაც შეიძლება მალე იქნას მოწესრიგებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

ენერგოექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაზის დეტექტორების ნაწილი, რომლებიც სამზარეულოებშია დამონტაჟებული, რეაგირებს არა ეთანზე და მეთანზე, არამედ ნებისმიერ სუნზე.

ექსპერტი ამბობს, რომ როგორც კი კონცენტრაცია აიწევს და ამ დეტექტორამდე მიაღწევს, მისი ჩართვა იწყება, რაც ხშირ შემთხვევაში ცრუ განგაშის მიზეზი ხდება. თუმცა ჭაღიაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობამ მისი შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ ის კონცენტრირებული მხოლოდ გაზის აღმოჩენაზე იყოს. მისი თქმით, დეტექტორებს კოდი მოჰყვება და მასზე არის მიწერილი თუ ისინი კონკრეტულად რომელი მოდიფიკაციის არინ და მახასიათებლებში უნდა ეწეროს რა ნივთიერებებზე რეაგირებს.

„გაზის დეტექტორების დაყენება არ არის პრობლემიდან გამოსავალი და მისი გადაჭრის მთავარი გზა. ეს არის მხოლოდ პრევენცია, რომელიც რისკების შემცირებას გარკვეულ წილად მოახდენს.

"საფრთხის შემცვლელობა 70%-მდე რომ შევაფასოთ, შეიძლება 50%-მდე დაიყვანოს. თუმცა, აბსოლუტურად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. გაზი არის ფეთქებადსაშიში ნივთიერება და შესაბამისად, შენობები, რომლებშიც ეს კომუნიკაციები გაყვანილი გვაქვს, გაზის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"როდესაც ვსაუბრობთ, რომ კუსტარულად არის გაზი დამონტაჟებული, საუბარია ყველა კორპუსის სახლებზე, გარდა კერძო საცხოვრებლების. ჩვენი კორპუსის საცხოვრებლები გაზის გამათბობლების და გამაცხელებლების პირდაპირი მოხმარებისთვის არ იყო განსაზრვრული. შესაბამისად ჩაითვლება, რომ მხოლოდ დედაქალაქში კი არა, მთელს ქვეყანაში, რა სისტემებიც არის დაყენებული ყველა კუსტარულია",-აცხადებს ჭაღიაშვილი „რეზონანსთან".

ენეგრეტიკის ექსპერტის თქმითვე, ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელი ახლად აშენებული კორპუსებია. აქ გვხვდება ერთი იგივე კუსტარულად გაყვანილი ქსელები. მეორე პრობლემა, როდესაც მრიცხველები გარეთ არის გამოტანილი და თვითონ პროექტშივე არ არის განსაზღვრული გაყვანილობა.

ექსპერტი ამბობს, რომ მიწისძვრის დროს, შესაძლოა კორპუსმა დეფორმაცია მიიღოს და ამ მილების დაზიანება გამოიწვიოს. ანუ, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ამორტიზირებულ უძრავ ქონებას, ასევე ფეთქებადსაშიში ზონაც შეიქმნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×