კორპუსებში გაზის სენსორული დეტექტორების დამონტაჟება სავალდებულო ხდება. ჯერჯერობით რეგულაციის ავტორებმაც არ იციან, რა ეღირება და ვისი ვალდებულება იქნება აპარატურის საცხოვრებელ ბინებში დამონტაჟება - "ყაზტრანსგაზის", მერიის თუ მოსახლეობის. სემეკ-ის ინფორმაციით, რეგულაციები აპრილის ბოლომდე შევა ძალაში.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღიმის მასივში მორიგი აფეთქების შემდეგ პრინციპული გადაწყვეტილება გაახმოვანა:
"მე მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სამინისტროებთან, ვინც უნდა შემოიღოს რეგულაციები. ჩვენ მოვითხოვეთ და ვიმსჯელეთ, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს. მათი თანხმობაც არის და ერთიანი ძალისხმევით მოხდება ცვლილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით.
აუცილებელია, საცხოვრებელ სახლებში შესაბამისი სენსორების დაყენება და ეს უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. თუკი მოხდება ბუნებრივი აირის გაჟონვა, მაშინვე ჩაირთვება სიგნალიზაცია და საფრთხე თავიდანვე იქნება აცილებული, თუმცა მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე.
ბევრჯერ ითქვა, რომ კუსტარულად დაყენებული გამათბობლები წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. როდესაც გაზი ჟონავს, ადამიანი ვერ გრძნობს სუნს და ძალიან ბევრია ინტოქსიკაციის ფაქტი და უბედური შემთხვევა, ამიტომ მოსახლეობაც განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს.
ცვლილებები როდის შევა ძალაში, ამაზე კონკრეტულად შეგიძლიათ, ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხოთ. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და შევჯერდით, გვაქვს პოზიცია, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ძალიან მალე, წლის ბოლომდე ეს რეგულაციები ამოქმედდება", - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
ის, რაზეც მერმა ისაუბრა, ეკონომიკის სამინისტროსა და სემეკ-ის ერთობლივი რეგულაციების ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით შევა ძალაში, თუმცა "ბიზნეს-რეზონანსის" კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ აქვს არც მერიას, არც გაზგამანაწილებელს, არც ეკონომიკის სამინისტროს და არც სემეკ-ს.
დედაქალაქის მცხოვრებლებს კი აინტერესებთ, კონკრეტულად როდიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია; რა ეღირება სენსორული აპარატურა; ვის დაევალება შესყიდვა და მონტაჟი.
ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ აუცილებელია კონტროლის გამკაცრება, მაგრამ კონკრეტულად როგორ, ეს უკვე აღარ იციან:
"კერძო სამთავრობო უწყებების ჩართვით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტექნიკურ რეგლამენტზე, ასევე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. იგი მიზნად ისახავს კონტროლის გამკაცრებას ბუნებრივი აირის მომსახურებაზე. განიხილება კომპლექსური პროგრამა, რომელიც მოიცავს მრავალ ელემენტს, მათ შორის არის გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიებისა და პიზიკური პირების სერტიფიცირება, დეტექტორების საშუალებით უსაფრთხოების პრევენცია, ასევე კანონმდებლობის გამკაცრება როგორც სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე იმ მომხმარებლების მიმართ, ვინც არ ემორჩილებიან კომპანიების მითითებებს, თვითნებურად ამონტაჟებენ სახიფათო, არასტანდარტულ მოწყობილობებს", - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.
რეგულაციას, რომელზეც მერმა ისაუბრა, ჯერჯერობით აღმასრულებელი არ ჰყავს. "ბიზნეს-რეზონანსი" მერიას დაუკავშირდა, მაგრამ "ყაზტრანსგაზში" გადაგვამისამართეს. გაზგამანაწილებლის ინფორმაციიით, ჯერჯერობით ეს ვალდებულება მათ არ აქვთ და სემეკ-ის გადაწყვეტილებას ელოდებიან, დააკისრებენ თუ არა მათ დეტექტორების დაყენებას.
მარეგულირებელი კომისიის წევრი გიორგი ფანგანი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ უკვე აპრილის თვეში რეგულაციები ამოქმედდება:
"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ დასრულებულია მუშაობა ახალ რეგულაციებზე, რომელთა შემუშავებაში 4 თვის განმავლობაში სემეკი, ეკონომიკის სამინისტრო და ასევე სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ. ამ რეგულაციის მიხედვით მკაფიოდ იქნება გამიჯნული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.
დეტექტორები არის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არ არის ერთადერთი უსაფრთხოების ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში გაზის გაშვების დროს უნდა მოხდეს მისი შემოწმება. ეს ეხება ძველ ბინებსაც. უშუალოდ აპარატურის შეძენა ვისზე იქნება, სიმართლე გითხრათ, ჯერ ეს არ არის დადგენელი, მაგრამ მონტაჟი დაევალება გაზგამანაწილებელს.
ჩვენი რეგულაციები მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯერ მიდის შესწავლა, სად უნდა გამოვლინდეს ამ მხრივ სახიფათო ზონები და ამის მიხედვით გადაწყდება, პირველ ეტაპზე სად უნდა დამონტაჟდეს. რაც შეეხება ფასს, ჯერ ესეც არ არის ცნობილი, ბაზარზე არის სხვადასხვანაირი დეტექტორები და ამის მიხედვით არის გადასაწყვეტი მისი შესყიდვა. ვიქრობთ, აპრილის ბოლომდე ეს რეგულაცია ამოქმედდება", - აღნიშნა ფანგანმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.