საქართველოში რუსული ცხვარი შემოდის და ექსპორტზე როგორც ქართული, ისე გადის. ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება, რომ ცხვრის ექსპორტი ქვეყანაში არნახულად გაიზარდა, თუმცა ირკვევა, რომ ქვეყნიდან გასული ცხვრის ხორცის დიდი ნაწილი რეალურად არაქართული პროდუქტია. 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთიდან ცოცხალი ცხვრის შეძენაზე 1.5 მლნ აშშ დოლარი დახარჯა, ანუ ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე შარშანდელ იმავე პერიოდში.
მეცხვარეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ამ პროცესის მიმართ საწინააღმდეგო დიდად არაფერი აქვთ, რადგან რუსული ცხვარი პირდაპირ სასაკლაოზე შეჰყავთ, ადგილზე იკვლება და დაავადების გავრცელების რისკს არ ქმნის, როგორც ეს სომხური ცხვრის შემთხვევაში ხდებოდა. თუმცა, რუსული ცხვარი რომ ქართული პროდუქტის სახელით გადის, იგი საქართველოში წარმოებულად ვერ ჩაითვლება და ამან შეიძლება, ექსპორტზე სამომავლოდ სერიოზული პრობლემა შექმნას.
"საქსტატის" ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ცხვრის ხორცის ექსპორტმა 2.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 47%-ით (0.7 მლნ აშშ დოლარით) აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
შეიძლება ითქვას, 2019 წელი საქართველოში ცხვართან დაკავშირებული საქონლით აქტიური ვაჭრობით დაიწყო, მაგრამ იმპორტისა და ექსპორტის სტრუქტურა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევის მიხედვით, ცოცხალი წვრილფეხა პირუტყვის იმპორტი ბოლო 3 წელიწადში განსაკუთრებით გაიზარდა და 2018 წელს ცოცხალი ცხვრის იმპორტის ახალი რეკორდი - 7.5 მლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 3.4 მლნ დოლარით აღემატება 2014 წლის წინა რეკორდულ სიდიდეს.
"2019 წლის დასაწყისი გამოირჩეოდა საქართველოდან ცხვრის ხორცის ექსპორტის მხრივაც, რომლის ზრდის ტემპმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა ცოცხალი ცხვრის იმპორტის ზრდის ტემპს, როგორც აბსოლუტურ, ისე შეფარდებით მაჩვენებლებში. ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლების ზრდა არ მომხდარა რეექსპორტის ან რეიმპორტის ხარჯზე. მაგალითად, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე სულ რაღაც 0.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვარი გავიდა, ხოლო იმავე პერიოდში ბატკნის ახალი და გაცივებული ხორცის იმპორტი საერთოდ არ დაფიქსირებულა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ბექა გონაშვილის შეფასებით, თუ საქართველოდან 31 მლნ დოლარის ღირებულების მხოლოდ ცხვრის ხორცი გავიდა ექსპორტზე, იმპორტმა კი 7,5 მლნ დოლარი შეადგინა, "გამოდის, რომ ცოცხალი ცხვრის შემოყვანისას მაქინაცია ხდება და ფასს ნაკლებს წერენ", - აღნიშნა გადაცემა "საქმეში" გონაშვილმა.
"თუ 31 მილიონი მხოლოდ დაკლული ცხვრის ხორცია, ამას დაახლოებით, 4-5 მლნ დოლარის ცოცხალი ცხვრის ექსპორტის მაჩვენებელიც უნდა დავუმატოთ და 35 მილიონი დოლარის ექსპორტი არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოს, რადგან ჩვენი პოტენციალი 20 მილიონს ვერ სცდება.
პირველ რიგში, აქ აღრიცხვიანობის პრობლემაა. მეორე დიდი პრობლემა ის არის, რომ ცხვარი შემოდის რუსეთიდან და აქედან ხორცის სახით როგორც ქართული, ისე გადის. ამას გარკვეული ახსნაც აქვს, რომ მან კოდი შეიცვალა და, შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ეს ცხვარი თითქოს საქართველოშია გაზრდილი, მაგრამ ამას ქვეყნისა და ქართველი მეცხვარეებისათვის რეპუტაციული რისკი ახლავს", - აღნიშნა გონაშვილმა.
მოგვიანებით, "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ცოცხალი პირუტყვის ფასიც გაზრდილია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სხვაობა დაახლოებით 40 ლარია.
"ქართული ცხვრის ბაზარზე მდგომარეობა წელს აშკარად გაუმჯობესებულია. შედარებაც არ არის იმ ვითარებთან, რაც 3-4 წლის წინათ იყო. ბაზრები დივერსიფიცირებულია. წელიწადში ექსპორტზე, საშუალოდ, 200-220 ათასი ერთეული ცხვარი იგზავნება. მათ შორის, ირანში - დაკლული სახით, ხოლო ქუვეითში, დუბაიში, ყატარსა და სხვა ქვეყნებში - ცოცხალი სახით.
აქ ერთი პრობლემაა, რაც აუცილებლად მოითხოვს ყურადღებას - რუსეთიდან ძალიან დიდი ოდენობით ცხვრის ხორცი შემოდის, რომელიც სასაკლაოზე შედის, შემდეგ იფუთება და როგორც ქართული, ისე იგზავნება ამ ქვეყნებში. ამან დროთა განმავლობაში შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეგვიქმნას ქართველ მწარმოებლებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება. ფაქტობრივად, იგივე ხდება, რაც სომხური ცხვრის შემთხვევაში, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პირდაპირ სასაკლაოში შესულ პირუტყვს დაავადების რისკი არ ახლავს", - განაცხადა გონაშვილმა.
იმპორტთან დაკავშირებით მიმდინარე ტენდენციის მიუხედავად, მესაქონლეობის ბაზარზე, კერძოდ, მეცხვარეობაში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებენ ფერმერთა ასოციაციაში, სადაც "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა.
"ჩვენი ფერმერის" ხელმძღვანელი მიხეილ ჭიჭაყუა ამბობს, რომ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება ცხვრის რაოდენობა ქვეყანაში, რა მხრივაც სტატისტიკა სახარბიელო არ არის.
"მეცხვარეობაში პრობლემა ბოლო პერიოდში ნამდვილად გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს. მთავარია, მიღწეული შედეგი გავაუმჯობესოთ. ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოწვევა ცხვრის სულადობის შენარჩუნებაა, რა მიმართულებითაც ნორმალური სიტუაციაა. ბოლო ინფორმაციით, 900 000-მდე სული ცხვარი გვყავს ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი მომდევნო წლების განმავლობაში მოიმატებს.
რაც შეეხება ექსპორტს, ძირითადად, ხორცის სახით ხორციელდება, თუმცა ცოცხალ ცხვარზე არაბულ ქვეყნებში მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. დღეს ბაზარი საგრძნობლად დაცულია. დაავადებების მხრივაც ვითარება გამოსწორდა, ეს რისკი აღარ არის და სულადობაზე ამანაც უნდა მოახდინოს გავლენა. მთავარია, მატება არ შემცირდეს.
იმედია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზარზეც შევძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას. ამაში ფერმერების როლიც დიდია. რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოც მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ მესაქონლეობის ბაზარზე ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ბევრი რამ მეწარმეებზეც არის დამოკიდებული. ჯერჯერობით სიმშვიდეა და მთავარია, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ", - ამბობს ჭიჭაყუა.
ირველ ეტაპზე სად უნდა დამონტაჟდეს".