საპენსიო სისტემის დატოვება 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს რამდენიმე დღეა, უკვე შეუძლიათ. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, პირველ რვა დღეში სისტემა 70-მა ადამიანმა დატოვა. მსგავსი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ორი თვის განმავლობაში შეეძლებათ. სავარაუდოდ, ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, რადგან, საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, სისტემა 53%-ს არ მოსწონს.
რეფორმა, რომელიც 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა, სავალდებულო მხოლოდ 40 წელს ქვემოთ დასაქმებულებისათვისაა. 40 წელს ზემოთ მოქალაქეებს სისტემის დატოვების შესაძლებლობა ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ექნებათ. სწორედ სისტემაში დარჩენილთა რაოდენობა გახდება ინდიკატორი, რამდენად წარმატებულად მუშაობს რეფორმა მაშინ, როცა მასში იძულებით მონაწილეობის ვალდებულება აღარ არსებობს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა 53%-ს საპენსიო რეფორმა არ მოსწონს. მასშტაბურ სახელმწიფო ინიციატივაში, რომელიც 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა, გამოკითხულთა 49%-ია ჩართული. 95%-ის აზრით, ეს ყოველთვიურ შემოსავალზე უარყოფითად აისახა.
სოციოლოგიური კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 2087 ადამიანი გამოიკითხა. გამოდის, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის რეფორმა მიუღებელია, თუმცა 40 წელს მიუღწეველი მოქალაქეებისათვის არჩევანის თავისუფლება არ არსებობს, ისინი კი ვინც თავისუფალი არჩევანის წინაშე დგანან, საბოლოო გადაწყვეტილებას 2 თვეში მიიღებენ.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, პირველ 8 დღეში სისტემა მხოლოდ 70-მა ადამიანმა დატოვა.
"ჩართულია 7 000-ზე მეტი კომპანია და 715 ათასი პერსონალური ანგარიში. ამ მომენტისათვის სისტემა 40 წელს გადაცილებულმა მხოლოდ 70-მა მოქალაქემ დატოვა. მოდიან როგორც რეგიონულ ცენტრებში, ასევე დედაქალაქში და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. პირველი დეკლარაციიდან 3 თვის გასვლის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში აქვთ უფლება, დატოვონ სისტემა.
სქემაში ჩართული პირების გაწევრიანების თარიღად საპენსიო სააგენტო იმ თარიღს მიიჩნევს, როდესაც კომპანიების ბუღალტრებმა პირველი დეკლარაციები დახურეს და დასაქმებულთა პირველი საპენსიო შენატანები განახორციელეს; ანუ 2019 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ პირველი ხელფასის ჩარიცხვიდან, უფრო ზუსტად კი დეკლარაციის დახურვიდან უნდა გადათვალოთ 3 თვე და პირველი კვარტალის დასრულებიდან შემდეგი 2 თვის განმავლობაში შეუძლიათ, დატოვონ სქემა.
საპენსიო რეფორმაში ჩართვიდან 3 თვის შემდეგ პირს ეძლევა 2-თვიანი ფანჯარა დატოვებისათვის. ეს რადგან ფინანსური დოკუმენტია, ვადიანი პირადობის მოწმობის ან მინდობილობის გარეშე შეუძლებელია სისტემის დატოვება. ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 70 ფილიალი, სადაც პირს შეუძლია მივიდეს, დაწეროს განცხადება და უარი თქვას ამ მომსახურებაზე. ეს არის თბილისში 6 ფილიალი, აქედან 5 - სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაზე, ხოლო ერთი - საპენსიო სააგენტოს ფილიალი", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" სააგენტოში.
პროცედურებსა და თავად რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. დარგის სპეციალისტების საკმაოდ დიდი ნაწილი არ ეთანხმება სავალდებულობის კომპონენტს.
ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ საპენსიო რეფორმაში დარჩენის ერთადერთი მიზეზი შეიძლება არაინფორმირებულობა და სისტემის რისკის ნაკლები ანალიზი იყოს.
"საპენსიო სისტემაში, როგორიც ის დღესაა, დარჩენის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს ნაკლები ინფორმაცია და რისკის შეუფასებლობა. ახლა ყველაფერი იმაზეა, ენდობა თუ არა ხალხი ამ სისტემას და თვლის თუ არა, რომ თანხა, რომელსაც გაიღებს, უკან დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნდობის კომპონენტი, რასაკვირველია, ღირს სისტემაში ყოფნა, მაგრამ მე პირადად, არჩევანის თავისუფლება რომ მქონდეს, მერწმუნეთ, არ დავრჩებოდი", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ყიფიანმა.
ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია საპენსიო რეფორმის წარმატების რეალურ ინდიკატორად მიიჩნევს იმას, თუ რამდენი 40 წელს გადაცილებული მოქალაქე დატოვებს სისტემას.
"რასაკვირველია, ვეწინააღდეგები იმას, რომ ვინმესათვის რაიმე სავალდებულო იყოს. თუ სისტემა არის გამართული, კარგი, მისაღები და მომგებიანი, მასში ხალხი ნებაყოფლობითაც ჩაერთვება. ამის საუკეთესო ინდიკატორი, თუ როგორ ხედავს მოსახლეობა ამ რეფორმას და როგორ აფასებს, იქნება 40 წელს გადაცილებული იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სისტემას დატოვებენ.
ჯერჯერობით ეს მხოლოდ საწყისი პროცესია და ამიტომ ვერ გამოჩნდება რეალური სურათი პირველ დღეებში. როგორც წესი, ჩევენთან ყველაფერს ბოლო დღისათვის გადადებენ ხოლმე და სწორედ 2 თვის შემდეგ დავინახავთ რეალურ სურათს. სავალდებულობის კომპონენტი იმიტომაა, რომ ნაკლებ ინტერესს ელოდნენ", - აცხადებს მაკალათია "ბიზნეს-რეზონანსთან".
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 653 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.