ევროპის ქვეყნებიდან არალეგალური მიგრაციის გამო საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ფაქტები გახშირდა. ამ მხრივ ყველაზე მეტად პრობლემას ქართველები გერმანიაში აწყდებიან, საიდანაც ქართველებს ლამის ყოველდღიურად აძევებენ. არალეგალისათვის ამ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა და დარჩენა თითქმის წარმოუდგენელია. არ არის გამორიცხული, ამან ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე შექმნას. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მდგომარეობა ჯერჯერობით საგანგაშო არ არის, თუმცა სტატისტიკა საკამოდ მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 2018 წელს დეპორტირებული იყო საქართველოს 4 566 მოქალაქე, რაც 2017 წლის მონაცემთან შედარებით 10,66%-ით (440 ადამიანით) მეტია.
საქართველოს მოქალაქეების გამოძევება ყველაზე მეტად თურქეთიდან ხდებოდა, თუმცა მონაცემები წინა წელთან შედარებით შემცირებულია - 2017 წელს დეპორტირებული იყო 1 868 ადამიანი, ხოლო 2018 წელს - 1 788.
გაიზარდა ისრაელიდან დეპორტირებულთა რაოდენობა - 440-დან 813-მდე. მესამე ადგილს დეპორტირებულთა რაოდენობის მხრივ გერმანია იკავებს.
გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა ასევე საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, მარტო იანვარში 24 ქვეყნიდან 347 მოქალაქის დეპორტაცია მოახდინეს. მიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი გოგიშვილი ამბობს, რომ პერსპექტივაში ასეთი ტენდენცია თუ შენარჩუნდება, უარყოფით შედეგს მოიტანს და ქვეყნის იმიჯზეც აისახება.
"ბოლო პერიოდში უცხო ქვეყნებიდან ქართველების დეპორტაციის ფაქტები საკმაოდ გახშირდა, თუმცა მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს ვითარება საგანგაშოა. მთლად ასე არ არის. სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში ეს ბუნებრივი პროცესია, უბრალოდ, ჩვენ გვეხება და მტკივნეულად ვრეაგირებთ.
ევროპის ქვეყნებიდან სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც აძევებენ, პრობლემა მარტო ჩვენ არ გვეხება. მაგალითად, გერმანიაში ან ავსტრიაში სხვა ქვეყნების მოქალაქეების დეპორტაციაც აქტიურად გრძელდება. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება. მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, ერთია - ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნა.
ცხადია, ჩვენთვის არასასურველი ტენდენციაა, რადგან ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ მომენტში ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენასთან გვაქვს საქმე. პერსპექტივაში ეს ტენდენცია თუ შენარჩუნდება, ადრე თუ გვიან, უარყოფით შედეგს მიიღებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი გოგიშვილმა და დასძინა, რომ მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნებს შორის ურთიერთობებისას ყოველთვის იქნება, თუმცა საგანგაშოა კრიმინალებთან დაკავშირებული პროცესი, რაც საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.
"ჩვენი მოქალაქეები დიდი ხანია, უცხოეთში არიან, უმეტეს შემთხვევაში, არალეგალურად და იქ ადგილზე უკვე გამკაცრებულია სიტუაცია. ამიტომ არალეგალი მიგრანტის აღმოჩენა ბუნებრივად ხდება. ასე ვიქცევით საქართველოშიც, როცა არალეგალ პირებს აღმოვაჩენთ, დეპორტაცია საქართველოდანაც ხდება.
ცალკე საკითხია კრიმინალებთან დაკავშირებული პროცესიც, რაც დიდი ხანია, მიმდინარეობს. პოლიციის ატაშეებსა და ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად ხდება დანაშაულებრივი ჯგუფების აღმოჩენა და შესაბამის ზომებს იღებენ. დეპორტაცია ყოველთვის მოხდება, სანამ არალეგალური მიგრაციის მცდელობა იქნება და ეს ქართველებმა სწორად უნდა გაიგონ", - ამბობს გოგიშვილი.
სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად სახელმწიფოს მოუწევს, მიდგომა შეცვალოს და პრობლემა მოაგვაროს. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერ ვანო ჩხიკვაძის თქმით, შესაძლოა, მიმდინარე პროცესმა ევროკავშირის მხარდამჭერებს შორის გარკვეულ განწყობაზე იმოქმედოს. საქართველოს რეადმისიის ვალდებულება აღებული აქვს, ამიტომ ეს ყველა ვარიანტში უნდა შეასრულოს.
"ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ეს არის რეალობა. საქართველოს რეადმისიის ვალდებულება აღებული აქვს, ამიტომ ეს ყველა ვარიანტში უნდა შეასრულოს. იქნება თუ არა ეს მასობრივი, ძნელი სათქმელია, ეს თვითონ ამ ქვეყნების გადასაწყვეტია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ევროპაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი, შესაძლოა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. საფრთხე ჯერჯერობით არ არის, მაგრამ წვეთ-წვეთად გროვდება და ის მონაპოვარი, რასაც ვიზალიბერალზიაცია ჰქვია, შეიძლება, რეალური საფრთხის წინ დადგეს", - ამბობს ჩხიკვაძე და დასძენს, რომ ევროკომისიისათვის ჯერჯერობით ქვეყნებს არ მიუმართავთ საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნით, მაგრამ რისკი ნამდვილად არსებობს.
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი არ გამორიცხავს, რომ გერმანიას სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც მიბაძონ, თუმცა აქვე დასძენს, რომ, გერმანიისაგან განსხვავებით, ისინი ჩვენი თანამოქალაქეებით შეწუხებული არ არიან.
"გერმანიის მსგავსად, მასობრივი დეპორტაცია არ მგონია, რომ სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც დაიწყონ. საქმე ისაა, რომ გერმანია ქართველმა არალეგალებმა თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე მეტად შეაწუხეს. ეს არ არის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული დეპორტაცია. პირიქით, სანამ მათ სამშობლოში დააბრუნებდნენ, ქართველებს ყველაფრით ეხმარებოდნენ.
გერმანიაში მცხოვრები ქართველების ნაწილს არ აქვს ისეთი მიზეზი, რომ მათ თავშესაფარი მისცენ. თავშესაფრის მიღებას გარკვეული კრიტერიუმები სჭირდება და მას ვერ აკმაყოფილებენ. ამის გამო ხდება მათი სამშობლოში დაბრუნება. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმში წერია, რომ თუ მიგრაცია 50%-ით გაიზარდა, მაშინ ქვეყენას უფლება აქვს, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე განაცხადი გააკეთოს. სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს", - აცხადებს გოგოლაშვილი.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის განმავლობაში საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისათვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.