„ჩემი პირადი აზრი სრულიად განსხვავებულია. ჩემი იდეა იყო, რომ ეს შენობა კულტურის ცენტრი ყოფილიყო. როგორც ჩანს, მთავრობას მიაჩნია, რომ მიღებები საჭირო საქმეა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უპირველესი საქმეა ეროვნული ღირსების საკითხი. ამიტომ ეს შენობა დაპროექტებული იყო, როგორც „საქართველო - რუსთაველის სახლი" ანუ ჩვენი რაობა, ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში და მსოფლიო კულტურის როლი ჩვენში - ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო აქ წარმოდგენილი, ეს იქნებოდა უმთავრესი ობიექტი მთელ ქართულ კულტურულ სივრცეში," - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი პრეზიდენტის ყოფილი სასახლის შენობის სახელმწიფო ცერემონიების სასახლედ გადაკეთებაზე.
ბათიაშვილი ქართული კულტურის მნიშვნელობის დაკარგვაზე საუბრობს:
„სკოლის მოწაფე იქნებოდა, ტურისტი, უცხო ქვეყნის ოფიციალური თუ არაოფიციალური სტუმარი, მეფე იქნებოდა თუ პრეზიდენტი - ამ შენობაში ყველას შეეძლებოდა მიეღო სრული ინფორმაცია, რას ნიშნავს საქართველო. ამ შენობაში პერმანენტულად შეიძლებოდა ჩატარებულიყო გამოფენები, სამეცნიერო კონფერენციები იმიტომ, რომ ჩვენი როლი მსოფლიო კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შევძელით, რენესანსული იდეოლოგიით აღგვეზარდა თაობები. ეს შოთა რუსთაველმა გააკეთა. ეს იდეოლოგია ციდან არ ჩამოვარდნილა, ეს ჩვენმა წინაპრებმა მოამზადეს. ახლა ეს ყველაფერი მეათე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე სტუმრების მიღება და ბანკეტების ჩატარება იქნება," - განუცხადა ბათიაშვილმა „ინტერპრესნიუსს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფუნქცია იქნება, რასაც პრეზიდენტის ყოფილი სასახლის შენობა შეითავსებს.
„ჩვენი მთავარი ამოცანა, შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე არის აშენებული ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, დავუბრუნოთ ხალხს. შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება ახალი მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლეს.
„რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთ ერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება. მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, კონკრეტულად, რა ფუნქცია, რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს, ამის თაობაზე საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ავლაბრის სასახლე მაღალი დონის სტუმრებს მიიღებს.
„ავლაბრის რეზიდენციის ძირითად ნაწილს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ერქმევა და იქ მაღალი დონის სტუმრების მიღება გაიმართება. ეს არ გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. ეს არის შეთანხმება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რომ ძირითად ნაწილს ავლაბრის რეზიდენციისას დაერქვას სახელმწიფო ცერემონიების სასახლე.
„ადმინისტრაციულ შენობას რაც შეეხება, ამაზე პარლამენტში შექმნილია საპარლამენტო ჯგუფი, სადაც დეპუტატებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლებიდანაც არიან ჩართულები და მეც გახლდით ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც იყო მსჯელობა, რა მიმართულებით განვითარდეს ადმინისტრაციის ნაწილი," - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.