ელზა პაპოშვილი
09.04.2019

 პრეზიდენტის სახელით  9 აპრილთან დაკავშირებულმა  საზეიმო მიღებამ  დღის მთავარი გმირების გარეშე ჩაიარა.  უზენაესი საბჭოს  დეპუტატების ნაწილმა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერეს, ავლაბრის რეზიდენციაში დაგეგმილ მიღებაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. პროტესტის მიზეზი, მათი თქმით, პრეზიდენტის განცხადებებია. 

„რეზონანსთან“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა თავის დროზე ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობა გაამართლა. ამბობენ, რომ ზურაბიშვილი "წლების განმავლობაში კრემლის რიტორიკას იმეორებდა". უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატები სიმბოლურად  ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას საფლავზე  მივიდნენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პროტესტი, თუ რატომ არ მიდიან მიღებაზე. 

დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები, რომლებიც  9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის, როდესაც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს.  

„იმ ადამიანთან შეხვედრაზე არ მივიდოდით, რომელიც მაშინაც და დამხობის მერეც გვებრძოდა.  დღესაც ებრძვის ქართულ სახელმწფოს.  ადრე გვიმტიკიცებდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ უნდა იყოს. ხელისუფლების დამხობის შემდეგ კი  ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც კიტოვანს,  ჯაბას და სიგუას,  გამარჯვება მიულოცა, რომ დიქტატურა დაამხეს.  

შეიძლება ყველა გვიმტკიცებდეს, მთელი მსოფლიო, რომ  რუსეთთან  მართლები ხართო და შენ იძახდე დამნაშავე ვარო. იცით რა, სალომემაც და უამრავმა ხალხმა, ვინც გვესროდა შეგნებულად, შეუგნებლად, ჯერ ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ და მერე ვილაპარაკოთ შეგირებაზე, როცა დღევანდელი მათი ქმედება დაგვარწმუნებს, რომ ისინი ისევ ქართული სახელმწიფოს ებრძვიან,“ - განაცხადა უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრმა, ნემო ბურჭულაძემ. 

უზენაესი საბჭოს კიდევ ერთი  ყოფილი წევრი ბეჟან ჯავახია კი სალომე ზურაბიშვილზე ამბობს, რომ ის ადრეც  და ახლაც  რუსეთის მოკავშირეა.  მისი აზრით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებები უპატიებელია.  უზენაესი საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი წევრი რევაზ კემულარია აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა ისეთი წერილი დაწერა, რომ ამის შემდეგ მისი ყველა სიტყვა დაუჯერებელია. 

 „მან დაწერა ერთხელ ისეთი წერილი: ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა, კიტოვანი არიან დემოკრატები და ებრძვიან ტირანიას. მივესალმები მათ გამარჯვებას. ამაზე მეტი პასკვილი რა უნდა იყოს. ეს ყველაფერი განცხადება მიმართული იყო ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ამიტომ მე მიჭირს მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტს პატივს ვცემ, ჩემს სახელმწიფოს, ჩემს სამშობლოს მე მიჭირს მივიდე იქ და ჩამოვართვა ხელი ისეთ პრეზიდენტს რომელსაც წვლილი მიუძღვის თავისი წერილებით კანონიერი ხელისუფლების დამხობაში,“ - განაცხადა უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრმა რევაზ კემულარიამ.

ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე აცხადებს,რომ სალომე ზურაბიშვილის ქურდების არჩეულ პრეზიდენტია და ის  მასთან მისვლას და ხელის ჩამორთმევას არ აპირებს. 

„მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ 90-იანი წლებიდან ვიცოდით რას წარმოადგენდა ქალბატონი სალომე და მისი მეუღლე. არც ერთ ზვიადისტს არ გვეშლება. შეიძლება სხვას შეეშალა ვინც არ იყო ზვიადისტი. ჩვენ არ შეგვშლია. ჩვენ შესანიშნავად ვიცოდით ვინ იყვნენ და ახლა იმასთან მისვლა...მე არ მესმის რა აზრი აქვს, მივიდე და ტაში დავუკრა?“ - განაცხადა ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტმა ამ თემაზე დუმილი არჩია. მან რუსთაველის  ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და  9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა.  ის "ფეისბუქზე" წერს, რომ 9 აპრილი უსამართლობაზე და ძალადობაზე ერის გამარჯვების დღეა.

„9 აპრილის ტრაგედიამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაპოვნინა. ერთდროულად გლოვის და სიხარულის დღეა. უსამართლობაზე, ძალადობაზე ერის და ეროვნული სულის გამარჯვების დღეა!“ -  წერს პრეზიდენტი.

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მყოფმა პრეზიდენტმა ტერიტორია დაცვის თანამშრომლების დახმარებით, უკომენტაროდ დატოვა. ზურაბიშვილმა არც ჟურნალისტებს უპასუხა და არც იმ ადამიანებს, რომლებიც მას პრობლემაზე უყვებოდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×