რეგიონებში სამორინეების მოსაწყობად საგადასახადო შეღავათები დაწესდა. მთავრობის დადგენილებით, 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილი სამორინე სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან 10 წლით განთავისუფლდება. ფაქტია, რომ ამ ბიზნესს ხელისუფლება ლობირებს და აპირებს, მთელი ქვეყანა აზარტული დაწესებულებებით აავსოს.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვას, სანაცვლოდ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთსა და ფოთის მუნიციპალიტეტში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები დაწესდა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, გრიგოლეთსა და ფოთში ახალი, არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე მოწყობილი სამორინე გათავისუფლდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან 10 წლის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში, გრიგოლეთსა და ფოთში მოსაკრებელი წელიწადში 250 000 ლარი იქნება.
29 მარტს გამოიცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სანებართვო მოსაკრებლისაგან თავისუფლდებიან სამორინეები ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. საქართველოში სამორინეს მოწყობაზე შეღავათები კიდევ რამდენიმე რეგიონში მოქმედებს. ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა თავისუფლდება მოსაკრებლისაგან ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ანაკლიასა და განმუხურში. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მოსაკრებელი წელიწადში 250 000 ლარია, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 100 000 ლარი. სხვა რეგიონებსა და ქალაქებში სამორინეს მოწყობაზე მოსაკრებელი 5 მილიონი ლარია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი ხელისუფლების მხრიდან სასათბურე პირობებშია. დიდი ფული ქმნის დიდ გავლენას და დღეს ყველაზე მომგებიანი სათამაშო ბიზნესი არის ყველაზე გავლენიანიც.
"10 წლით ლიცენზიის მიცემა არის ძალიან დიდი დრო და სათამაშო ბიზნესის სასათბურე პირობებში ჩაყენება. თუ მიზანი ნამდვილად რეგიონების განვითარებაა, ამაზე უნდა ზრუნავდეს ხელისუფლება და არა - აზარტული თამაშებისა და კაზინოების ამხელა საშეღავათო ვადის მიცემაზე. კარგია ინიციატივის ნაწილი, თუმცა უნდა გადაიხედოს ვადები. შეღავათი 3 ან მაქსიმუმ 5 წელი უნდა დაუწესდეთ. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ სამორინები რჩებიან მოგებული, ქვეყნის ბიუჯეტი კი - წაგებული.
ფაქტია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აზარტული თამშების ბიზნესი ზედმეტად კარგ სიტუაციაშია. ვხედავთ, რომ არავითარი რეგულაცია, არც ერთი მიმართულებით არ ხორციელდება. ამ ბიზნესს ჰყავს ლობი, რომელიც ახერხებს საკუთარი ინტერესების მუდმივად დაცვასა და გატარებას როგორც ბინესის, ასევე პოლიტიკის ყველა ეშელონის მიმართულებითაც. ყველამ კარგად ვიცით, რომ დიდი ფული ქმნის დიდ გავლენებს და ეს დღეს ყველაზე მეტად აზარტულ ბიზნესს ეტყობა, იგი არის ყველაზე გავლენიანიც.
ამაზე ქართველი ექსპერტები და მედიასაშუალებები არ ვსაუბრობთ, ამას ამბობენ უცხოური არასამთავრობოები და სწორედ ის მოხვდა ამერიკის დეპარტამენტის ანგარიშში. ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ საჭიროა ამ ბაზრის რეგულირება, ჩვენ კი ჯიუტად ვაგრძელებთ უზომო პრივილეგიების მინიჭებას", - აცხადებს "რეზონანსთან" კაპანაძე.
სპეციალისტების ნაწილი ღიად საუბრობს, რომ კაზინოების ბიზნესს პარლამენტში ლობირებენ. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ პრობლემა მზარდია და ვხედავთ, რომ 6 წლის განმავლობაში რეგულაციის საკითხი ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა წინ.
"მიზეზი ჩემთვის გაუგებარია. პარლამენტარებისა და მთავრობის წევრებისაგან ეს პასუხი ვერ მოვისმინე. ღარიბ ქვეყანაში აზარტული თამაშები ბოლომდე მიშვებულია. ბიზნესის ბრუნვამ გასულ წელს 10 მლრდ ლარს გადააჭარბა. არაფერია რთული გასაკეთებელი მათ მოსათოკად, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობს.
აშკარაა, რომ ამ ბიზნესს ლობირებენ, თან - უმაღლეს დონეზე. ერთი მხრივ, არ იღებენ კანონს რეკლამის შესახებ, რომ აქ მაინც დარეგულირდეს და, მეორე მხრივ, ხელს უწყობენ აზარტული თამაშების ბიზნესის რეგიონებში განვითარებას. თანაც, ყველაზე შემოსავლიან და მაღალი ბრუნვის მქონე ბინზესს, გადასახადების გაზრდის ნაცვლად, საშეღავათო პირობებში აყენებენ.
არ მესმის, რა ეკონომიკური გათვლაა და რას წაადგება. კიდევ უფრო მომძლავრდება და კიდევ მეტად გაფართოვდება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოც ერთსულოვანია აზარტული თამაშების წახალისებაში.
უკვე კატასტროფული ვითარებაა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად გვეუბნება, აქ ფული თეთრდება და იქნებ დაინტერესდეთ ამ საკითხითო, მაგრამ არავინ რეაგირებს. ამ დროს ცნობილია, რომ სექტორის ბრუნვა ბოლო 10 წელიწადში 133-ჯერ არის გაზრდილი, რაც არნახული მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ერთი ფაქტიც არ არის აღმოჩენილი, რომ ფულის გათეთრების შემთხვევა დაედასტურებინათ", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჯანიაშვილმა.