საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებელ პირობად საქართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლას უყენებენ. არსებობს თუ არა მეორე წლისთავზე იმის საფრთხე, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება მოხდეს?
ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი აცხადებს, რომ შეჩერების მექანიზმის გამოყენება ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტურ ბრძოლაზე იქნება დამოკიდებული. "კურიერთან" ინტერვიუში ავრამოპულოსი ხაზს უსვამს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისათვის პრივილეგიაა, რომელიც თავად მოქალაქეებმა და ხელისუფლებამაც ერთად უნდა დაიცვან.
ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს ევროკავშირის მიმართ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგაც უწევს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეთა ნაწილი უვიზო რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს არღვევს. შესაბამისად, ამ ორი წლის განმავლობაში უკვე არაერთხელ გაჟღერდა დასავლელი პარტნიორებისაგან გაფრთხილებები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესახებ.
ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი კი საქართველოს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს წესების დაცვისაკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ ევროპაში უვიზო მიმოსვლით, მაგრამ ამავდროულად ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ დაიცვან მინიჭებული პრივილეგია.
"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან. პრიორიტეტი ორგანიზებულ დანაშაულთან, დანაშაულებრივ ქსელთან ეფექტური ბრძოლაა. სამწუხაროდ, ამ საკითხმა საზღვარგარეთ მყოფი ქართველების მიმართ დისკრედიტაცია გამოიწვია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ჩვენთან და მოხარული ვართ, ვნახოთ ევროპაში ჩამოსული ქართველები. ყველას გვჯერა ამ დიდი ევროპული ქვეყნის პერსპექტივისა", - განაცხადა ავრამოპულოსმა.
მისი განცხადებით, შეჩერების მექანიზმის გამოყენება არ მოხდება მანამ, სანამ ამის საჭიროება არ დადგება - "ვიდრე საჭირო არ გახდება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს არ გამოვიყენებთ".
განსაკუთრებული სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ საფრანგეთის, ესპანეთისა და გერმანიის მხრიდან არის. ანალიტიკოსები "რეზონანსთან" ამბობენ, რომ ამ ქვეყნების მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ მასალებს თუ გავეცნობით, მათი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ ცხადი გახდება. ერთი წლის წინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველო გააფრთხილა კიდევაც.
"იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო რეჟიმით განსაზღვრული პირობების დარღვევის რაოდენობა გაიზრდება, გერმანია შეჩერების მექანიზმის ამოქმედების განხილვას დაიწყებს", - თქვა მან.
მართალია, გერმანიას ეს მექანიზმი არ აუმოქმედებია, თუმცა როგორც გერმანიაში, ასევე ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც ამის რისკები კვლავ არსებობს. ანალიტიკოსები "რეზონანსთან" აცხადებენ, რომ მიზეზი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა და ევროპის ქვეყნებში კრიმინალის ზრდაა, სადაც ჩვენი თანამემამულეებიც ფიგურირებენ. მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საკამოდ დიდია, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სიტუაცია თუ ასე გაგრძელდა და საქართველოდან ემიგრაციის რიცხვი და თავშესაფრის მაძიებელი კვლავ მზარდი გახდა, არსებობს რისკები, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება რიგ ქვეყნებში მოხდება.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ "რეზონანსთან" ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის საფრთხე არ არსებობს, თუმცა უვიზო რეჟიმი საფრთხეშია და თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, შეჩერების მექანიზმით გაწერილ კრიტერიუმებთან ახლოს მალე ვიქნებით.
მისი განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში განიხილავენ სწორედ იმ ცვლილებებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიგრაციის ხელშეწყობის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ეხება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ უკანონო მიგრაციასთან ერთად გაზრდილია საზღვარზე უარის თქმის მაჩვენებელი, რაც, ფაქტობრივად, იმის სიგნალია, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.
"მართალია, ამ ეტაპზე ოფიციალურად არც ერთ ქვეყანას არ დაუყენებია საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს ასე არ მოხდება. გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია საზღვარგარეთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რაც შესაძლოა საფუძველი გახდეს იმისა, რომ ევროკავშირმა შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა გამოიყენოს. რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ მსგავსი საფრთხე თავიდან აირიდოს? ამისათვის საჭიროა საქართველოში ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან ძირითადი მიზეზი, რის გამოც საზღვარგარეთ მიდიან, მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია.
"ასევე ხელისუფლებამ აქტურად საინფორმაციო კამპანია უნდა ჩაატაროს, რათა აუხსნას მოსახლეობას, რომ უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა ქვეყანასაც და მათაც უარყოფითად წაადგება. ჩვენ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში საქართველოს მიმართ გარკვეული სახის უარყოფითი დამოკიდებულება უკვე გაჩენილია. საფრანგეთი, ესპანეთი და გერმანია, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებზე არცთუ კარგი დამოკიდებულების არიან. ამიტომაც ეს რისკები არსებობს და თუ ახლა ამაზე არავინ საუბრობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ისაუბრებენ", - აცხადებს ჩხიკვაძე "რეზონანსთან".
მისივე თქმით, შეჩერების მექანიზმის კრიტერიუმის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, რომელთაც არ აქვთ საფუძველი, მოითხოვონ თავშესაფარი, 50%-ზე მეტია წინა წელთან შედარებით, ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს უფლება, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დააყენოს. ჩხიკვაძე ამბობს, რომ შეჩერების მექანიზმი თუკი შემოღებული იქნება, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან შესაძლოა, 18 თვის ვადით შეჩერდეს და მოხდეს დაკვირვება, შეიცვლება თუ არა ამ პერიოდში სიტუაცია. თუკი არ შეიცვლება, შესაძლებელია, ამას ისევ 9 თვე დაემატოს და ეს პერიოდი 27 თვემდე გაგრძელდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ამოქმედდა შეჩერების მექანიზმი, ისევ დავუბრუნდებით ძველ პერიოდს, როდესაც ვიზებით შეგვეძლო ევროკავშირისა და შენგენის ზონების ქვეყნებში გადასვლა.