თამთა ჩაჩანიძე
10.04.2019

 "არა მგონია, თქვას, დღეიდან კიდევ ერთი წელი მომეცითო, მაგრამ წერილიდან ვნახეთ, რომ არაფერი ახლის თქმა მას არ შეუძლია", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ნოდია.

"წერილში ამბობს, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, უბრალოდ, ხალხი არ არის რაციონალური და არ გვიფასებსო. მთავარი არის მტრის ხატი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა დავუბრუნდეთ, როგორც საშინელ წარსულს. ამის იქით, როგორც ჩანს, არაფრის მოფიქრება არ შეუძლია. თვითონ წარსულს არც დაშორებია - შვიდი წელია, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და მათი რიტორიკის 85%-ია, როგორ დაძლიეს "სისხლიანი წარსული" და როგორც ჩანს, არც შეუძლიათ, რაიმე სხვა რიტორიკა ჰქონდეთ. არა მგონია, რომ დღეს თქვას რაიმე ახალი", - აცხადებს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგის აზრით, წერილში ზვიად გამსახურდიას დადებით კონტექსტში მოხსენიებაც წინასაარჩევნოდაა გათვლილი, რადგან გამსახურდიას სახელი ზუგდიდში ჭრის და ჩათვალეს, რომ ეს სვლა მომგებიანი იქნებოდა.

"ცხადია, წერილში გამსახურდიას დადებითად მოხსენიება წინასაარჩევნოდ არის გათვლილი. როგორც ჩანს, იციან, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი სამეგრელოში მუშაობს. ჩათვალეს, რომ ამ კუთხით შემოუარონ სააკაშვილს, რომლის წარმომადგენელიც არის მისი მეუღლე და ამ მხრიდან ზვიადისტური კარტი ერთგვარად გამოაცალონ.

"მეშვიდე წელს რატომ გაახსენდა გამსახურდია? იუბილეები ადრეც იყო, 80 წლის იუბილე თუ არის ახლა, 75 წლის იუბილეც მათი მმართველობის პერიოდში იყო და ახლა, როცა სანდრა რულოვსი იყრის კენჭს ზუგდიდში, ეშინიათ წაგების", - აცხადებს ნოდია.

ამბობს, ხუთი თვის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სიტყვით გამოსვლის დროსაც არ ჰქონდა რაიმე კონკრეტული გეგმა და ამ გამოსვლის მთავარი მიზანი იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოგება.

"როდესაც ივანიშვილი ამ განხადებას აკეთებდა, არა მგონია, რაიმე კონკრატული გეგმა ჰქონოდა, უბრალოდ, იმ წუთში სჭირდებოდა რაღაცის თქმა, უთხრეს პოლიტტექნოლოგებმა და კონსულტანტებმა, უნდა აღიარო, რომ საქმე არ მიდის ისე კარგად, როგორც ხალხი მოელოდაო და ყველაზე საუკეთესო, რაც მოიფიქრეს, იყო იმის თქმა, რომ ერთი წელიც მაცადეთ და მერე ნახეთ, რა კარგი ვიქნებიო. მთავარი იყო იმ დროისთვის არჩევნების მოგება და ხუთი თვის შემდეგ არ ჩანს პოლიტიკის შეცვლა ან რაღაც კონკრეტული ნაბიჯები", - აცხადებს პოლიტოლოგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×