მალხაზ გაგუა
10.04.2019

 "გუნდი თითქმის დაწყნარდა", - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პარტიიდან ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილი-კვაჭანტირაძის ოთხეულის წასვლაზე. "დიდი შეღავათები მიიღო მოსახლეობის ყველა ფენამ, გაჩნდა სამუშაო ადგილები. (მაგრამ) კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი... ჩვენი მიღწევების შეფასება (მოსახლეობას) უჭირს".

გუშინდელი ტელეინტერვიუ, პრინციპში, დიდად არ განსხვავდებოდა ივანიშვილის სხვა ინტერვიუებისაგან, გარდა იმისა, რომ "იმედის" დამყოლ ჟურნალისტთან დაპირისპირებისათვის მაინცდამაინც დიდი საბაბი არ მიეცა. სხვა მხრივ, ყველაფერი იგივე იყო - პირველ რიგში კი ის, რომ ხელისუფლება ყველაფერში 100%-ით მართალია და საერთოდ ყველაფერი კარგად მიდის. "ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს გაუმჯობესება", - თქვა მან.

საუბრის დიდი ნაწილი სასამართლო სისტემას დაეთმო, აქედან ლომის წილი კი ივანიშვილმა პირადად მურუსიძის ადვოკატობასა და ყოფილი თანაგუნდელის, შალვა შავგულიძის კრიტიკას მიუძღვნა. ბოლოს ამ უკანასკნელს, არც მეტი, არც ნაკლები, სანდრო გირგვლიანის საქმეში "ნაცმოძრაობასთან" კოლაბორაციონისტობაში დასდო ბრალი. უფრო ზუსტად, ეჭვი გამოთქვა, რომ შავგულიძე, ვინც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი იყო, გამიზნულად ისე წარმართავდა საქმეს, როგორც დამნაშავეებს აძლევდათ ხელს.

კოლაბორაციონიზმის ბრალდება არ ასცდა კიდევ ერთ ყოფილ თანამებრძოლ გუბაზ სანიკიძეს. არ დაივიწყეს გია ხუხაშვილიც, თავისი წილი კრიტიკა მის მისამართითაც გაისმა. ამავე დროს, სუბიექტურად ბევრს იმის განცდა დარჩა, რომ განსაკუთრებით ბიძინა პოეტ დავით მაღრაძეზეა ნაწყენი. მაღრაძე, თავის დროზე, "ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო, შემდეგ, ერთი პერიოდი, ჩრდილში გადაინაცვლა, ახლახან კი ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაზე გააკეთა განაცხადი, თანაც ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა.

ივანიშვილი შედარებით ლმობიერი იყო სოციალისტებისა და კონკრეტულად ბექა ნაცვლიშვილის მიმართ, რომელმაც ასევე დატოვა "ოცნება", თუმცა უფრო სოციალურ საკითხებზე ხელისუფლების პოლიტიკის დაწუნებითა და ნაკლები "კარების გამოჯახუნებით".

ივანიშვილი აცხადებს, რომ ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ზვიად კვაჭანტირაძეს გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა.

"ჩემი აზრით, მათ წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. ღია კარის მტვრევით წავიდნენ... ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა...

"რომ გენახათ, გადამდგარი ბესელია როგორ ირჩევდა გედი ფოფხაძეს მოადგილედ იურიდიულ კომიტეტში და როგორ მთავაზობდა გოგიჩაიშვილს თავმჯდომარედ, იქ იმდენი დარღვევა იყო იურიდიული, მე მათ ადგილზე შემრცხვებოდა. ასე იყო გუნდის შიგნით, როდესაც ხდებოდა მოსამართლეთა კრიტერიუმების განხილვა. ყველა მათი წინადადება მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან და პირადად ვუთხარი, ეს სირცხვილია-მეთქი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იმ ენერგიულობისთვის, რომლითაც გუშინ ივანიშვილმა მურუსიძე დაიცვა, და ზოგადად "კლანად" წოდებული ჯგუფი სასამართლოში, თავად მურუსიძესაც არ მიუღწევია თავის საჯარო გამოსვლებში.

"როგორც ჩანს, მურუსიძე-ჩინჩალაძის გვარები ამორჩეულია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ და არა - ჩვენ მიერ. ჩვენ ეს გვარები არ ვიცოდით და "ქართული ოცნების" წევრებს ამაზე აქცენტი არასდროს არ გაუკეთებიათ. გვარები ჩვენ გავიგეთ, როცა მათი ლანძღვა დაიწყო საჯარო სივრცეში. ყველა ეს გვარი და მათი ოდიოზურობა, კლანურობა მოდის "ნაციონალური მოძრაობისა" და მათგან მართული "ენჯეოების" მხრიდან. მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მათ დაბრუნებას ცდილობენ".

არ იქნა დავიწყებული ივანიშვილის ნემეზისი, ეკა გიგაური "საერთაშორისო გამჭვირვალეობიდან".

"შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა", სადაც გიგაურია, ვინც ჩვენ გვახსოვს, რომ 26 მაისს დარბეული ხალხი დააჯილდოვა, დღეს "ენჯეოდ" წარმოგვიდგება. ჩვენ გვახსოვს 2013 წელს გიგაურის განცხადებაც. ჩვენს გუნდში ამაზე მრავალჯერადი მინიშნებაც გვქონდა და შეხსენებაც, ეს ახალი არ არის, მაგრამ მინდა, საზოგადოებას შევახსენო: 2013 წელს გიგაური საჯაროდ წერს, რომ ყველა მოსამართლე უვადოდ უნდა იყოს არჩეული. მიგვანიშნებდნენ "ქართულ ოცნებას", არ გაბედოთ, მოსამართლეებს არ შეეხოთო. იგივე გიგაური დღეს ნახეთ, რა დღეშია და როგორ ილაშქრებს - უვადოდ არჩევის წინააღმდეგიც არის, მოსამართლეების წინააღმდეგიცაა, ყოველდღე პოზიციებს ცვლის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×