„საქართველოში ბრიტანეთის საელჩო არის, მაგრამ ანკარაში გასცემენ ვიზას და ეს გაუგებარია, ირლანდიას საელჩო არ აქვს, მაგრამ შეეძლო ევროკავშირის სხვა ქვეყნისათვის ვიზის გაცემა ეთხოვა”
თამარ შუკვანი
10.04.2019

 საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო გადაადგილების დაწესების პარალელურად, განსაკუთრებით გართულებულია დიდ ბრიტანეთში გასამგზავრებლად ვიზის აღება, რაც მთელ რიგ პროცედურებს, ბევრ დროს, ენერგიასა და ხარჯებს მოითხოვს.

ანალიტიკოსი და „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შენგენის ზონაში არ შედის დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, - მათ შეინარჩუნეს ის პრეცედურები, რაც მანამდე არსებობდა და ფაქტობრივად, ვიზალიბერალიზაცია ამ ქვეყნებს არ შეეხო.

„ევროკავშირში არის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების მიღება ძალიან გართულებულია. იმის ფონზე, რომ ვიზალიბერალიზაცია დანარჩენ შენგენის წევრ სახელმწიფოებს შეეხო, ეს ორი ქვეყანა შენგენის ზონაში არ შედის და მათ ძველებური პროცედურები შეინარჩუნეს, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ბევრი დრო, ფინანასები, ენერგია და დამატებით შუამავალი კომპანიები ვიზის მისაღებად.

„თანაც, ეს ვიზები საქართველოში არ მზადდება - არამედ თურქეთში და ბულგარეთში, რაც დამატებით ტრანსპორტირებას და ხარჯებს მოითხოვს და თითოეულ მოქალაქეს ნერვების ფასადაც უჯდება," - აღნიშნა მან.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებშიც გართულებულია გამგზავრება.

„არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც საკმაოდ რთულია გამგზავრება. არ ხდება ამის აფიშირება, თუმცა ეს ასეა. ტენდენცია გაძლიერდა, - საქართველოს მოქალაქეების დარჩენამ ევროკავშირის ქვეყნებში, სერიოზული იერსახე მიიღო. ასევე გაჩნდა ტენდენცია იმისა, რომ კრიმინალური დაჯგუფებები შემადგენლობაში ქართველების რაოდენობა გაიზარდა. გაჩნდა სტერეოტიპი, რომ ქართველები ქურდობენ და ა.შ. რაც სამწუხარო რეალობაა.

„დიდი ბრიტანეთი სპეციფიკურად განსხვავებული ქვეყანაა და იქ ყოველთვის არ იყო იოლი შესვლა. ახლა კი უფრო მეტად გამკაცრდა, რადგან ბრიტანეთი ტერორისტების სამიზნე გახდა. ბრიტანეთსა და ევროკავშირთან ერთდროულად გართულდა შესვლის პროცესი," - აცხადებს მაისაია.

კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი შესაძლოა დავუკავშიროთ ემიგრაციის პრობლემას. მისი თქმით, საქართველოდან გასული მოსახლეობა ევროპაში რჩება, რაც რეალურად ევროკავშირის ქვეყნებისთვის შეშფოთების საფუძველს იძლევა.

„სერიოზული პრობლემები არსებობს არალეგალურ ემიგრაციასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ ამ ეტაპზე ეს ქვეყნები საჭიროდ არ თვლიან საქართველოსთან ამ ვიზების ლიბეალიზაციას.

"თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რაც შენგენის ზონის ქვეყნებში ხდება, გარკვეულწილად რისკი არსებობს, რომ საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდმა ნაწილმა ბრიტანეთსა და ირლანდიას, ამ პროცედურების ლიბერალიზების შემდეგ, მიაშუროს, რაც ამ სახელმწიფოების ინტერესში არ შედის.

„საქართველოში ბრიტანეთის საელჩო არის, მაგრამ მაინც ანკარაში იძლევიან ვიზას და ეს გაუგებარია. საელჩოს შეეძლო თვითონ გაეკეთებინა ეს და საკონსულოს ფუნქცია შეეთავსებინა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არამედ თავად ბრიტანეთი როგორ უყურებს ამას.

„ირლანდიას საელჩო არ აქვს, მაგრამ ასევე შეეძლო ევროკავშირის რომელიმე ქვეყანისთან იმის შესაძლებლობა მიეცა, რომ მათი ვიზები გაეცა, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთ რთულ მდგომარეობას ნამდვილად შეამსუბუქებდა, რის შედეგადაც თანხები და დრო დაიზოგებოდა.

„ბრექსიტსაც შეიძლება დავუკავშიროთ, იქიდან გამომდინარე, რომ ბრექსიტის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ ეს არის. ბუნებრივია, რომ ბრიტანელებს ეს პრობლემა სერიოზულად აწუხებთ, არა მარტო ბრიტანეთს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც. ეს განწყობები, რაც დღეს ბრიტანეთში და ზოგადად ევროპაშია, ხელს ნამდვილად არ უწყობს საქართველოს მოქალქეებისათვის ასეთი სახის ლიბერალიზაციას," - განაცხადა კორნალი კაკაჩიამ.

ვახტანგ მაისაია თვლის, რომ საქართველოდან მოსახლეობის მასობრივი გადინება მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარეობს;

„ეს ყველაფერი გამომდინარეობს ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური ვითარებიდან. ბუნებრივია, საქართველოში ახლა ინფლაციის დონე წინ უსწრებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს. დღეს ცხოვრება უფრო გართულდა და გაუარესდა.

„ინდექსაციის პრობლემას არავინ აქცევს ყურადღებას; ვისაც საშუალოდ 1 000 ლარი აქვს ხელფასი, რეალურად ეს 500 ლარია. თუკი ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ეს არის. იგივე ეხება პენსიას, რომელიც 190 ლარია, რეალურად კი, - 120 ლარს შეადგენს.

„ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ დაბალია, ინვესტიციები არ არის, სამუშაო ადგილები არ იქმნება, არსებობს ნეპოტიზმის და კორუფციის ნიშნები. ამ კუთხით, პერსპექტივები არ არსებობს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×