ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს ჩიხიდან გამოსასვლელად ალტერნატიულ გზას სთავაზობს; ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ბრექსიტის ერთი წლით გადავადების ინიციატივით გამოდის. შესაბამისად, პროცესი შესაძლო 12 თვით გახანგრძლივდეს, თუმცა, ევროკავშირი ბრიტანეთს გარკვეულ პირობას უყენებს, - თუკი ლონდონი ბრექსიტის უკვე არსებული შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.
ამასთანავე, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის უფრო ადრე დატოვების შესაძლებლობაც გაუჩნდება. ტუსკმა გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს ამის შესახებ წერილით მიმართა, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთისთვის მსგავსი ხანგრძლივი ვადისა და მოხერხებული პირობების შეთავაზება ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრექსიტის თარიღის გადაწევის ინიციატივით გამოვიდა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. დღეს ბრიუსელში საგანგებო სამიტი იმართება და აღნიშნულ საკითხს კენჭს უყრიან.
თუკი ევროკავშირის ერთი სახელმწიფოც კი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გახანგრძლივების წინააღმდეგი იქნება, მიმდინარე წლის 12 აპრილს ბრექსიტი შეთანხმების გარეშე მოხდება, - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს ისე, რომ ორ მხარეს შორის შეთანხმება მიუღწეველი დარჩება.
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე „რეზონანსთან" საუბრისას გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი გარკვეული შეთანხმების მიღწევის გარეშე დატოვოს;
„გადავადება შესაძლებელია, - ამ შემთხვეაში ყველაზე კარგი გამოსავალია, რაც შეიძლება რომ ყოფილიყო. დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე, მეეჭვება, მოხდეს. შესაძლოა ეს პროცესი გადავადდეს მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები მიდის.
„ეს თარიღი გადაიწევს. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები ამდენი ხანია გრძელდება, საბოლოო მიზნამდე მაინც არ არის მისული. ალბათ, გადავადდება და რაღაც კონკრეტულ თარიღი აირჩევა, რა დროშიც მხარეები ეცდებიან, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებამდე და შედეგებამდე მივიდნენ," - აღნიშნავს ის.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრექსიტის პროცესის ერთი წლით გახანგრძილივებას შესაძლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ მერკელმა ტერეზა მეისთან შეხვედრისას აღნიშნა, - ბრექსიტის თარიღის გადატანა 2019 წლის ბოლომდე ან 2020 წლის დასაწყისისთვის არის შესაძლებელი.
ჩხიკვაძე ბრექსიტის ჩიხში მოქცევის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ევროკავშირის ისტორიაში აღნიშნული პროცესი პირველად ხდება.
„ერთ-ერთი მიზეზი, პროცესი თუ რატომ არის ჩიხში შესული, გახლავთ ის, რომ ევროგაერთიანების და შემდეგ უკვე ევროკავშირის ისტორიაში პირველად ხდება რომელიმე ქვეყანის მიერ ევროკავშირის დატოვება. ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, პირიქით, ქვეყნები ევროკავშირში შედიოდნენ. ეს სიახლეა, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ბრიტანეთისთვის.
„სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დროში ასე გაიწელა. ეს რომ ყოფილიყო უკვე განვლილი გზა, რაც სხვა ქვეყნებს გავლილი ექნებოდათ, შესაძლოა ეს პროცესი უფრო სწრაფად და დაჩქარებულად წასულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ახალია და სწორედ ბრიტანეთი კვალავს ამ გზას, ამის გამო ხდება მისი დროში გაწელვა," - აცხადებს ჩხიკვაძე.
იგი ბრექსიტის პროცესს დადებითად არ აფასებს, თუმცა, მისი თქმით, „ხალხის ნება უზენაესია."
„ეს არ არის კარგი, - ევროკავშირში ყოფნა უკეთესი იქნებოდა და შეიძლებოდა რაღაც პრობლემების გადაჭრა ევროკავშირის შიგნით, რა პრობლემებიც შესაძლოა ბრიტანეთს ჰქონოდა.
„რაც შეეხება ოფიცალურ პასუხს, ბრიტანელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთი უნდა გამოსულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ ხალხის ნება უზენაესია, სწორედ ამის მიხედვით ხდება ის, რაც დღეს მიმდინარეობს," - დასძინა მან.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა საქართველოს შანსია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ჩხიკვაძე მის განცხადებას შემდეგნაირად ხსნის:
„ნამდვილად არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი; ჩემთვის დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ თემაზე საინტერესო იქნებოდა, - რას ფიქრობს და რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც მან განაცხადა, რომ ბრიტანეთის გასვლა, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსია. შესაძლოა მას რაღაც კონკრეტული თეორია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და საინტერესო იქნება ის, თუ რას ფიქრობს სიღრმისეულად," - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.