თამთა ჩაჩანიძე
10.04.2019

 "ივანიშვილის გზავნილები წლების განმავლობაში არის ერთი და იგივე - რომ "ქართული ოცნება" მუშაობს კარგად, რომ ხალხი ცხოვრობს უკეთესად, მაგრამ საზოგადოება ამას ვერ ხედავს".

ასე აფასებს ექსპერტი არჩილ გამზარდია "რეზონანსთან" საუბრისას ქართული ოცნების თავმჯდომარის ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემაში "პირისპირ" გავიდა.

"რეზონანსი": რა მთავარი გზავნილები დაინახეთ ბიძინა ივანიშვილის მორიგ საჯარო გამოსვლაში?

არჩილ გამზარდია: ნახევარი ირონიით შემიძლია ვთქვა, რომ აღარაფერი გზავნილი აღარ დამინახავს, გზავნილები წლების განმავლობაში არის ერთი და იგივე, რომ "ქართული ოცნება" მუშაობს კარგად და პრობლემები არის მხოლოდ ოპოზიციაში, ყველა, ვინც არ ეთანხმება "ქართულ ოცნებას", არის წინა ხელისუფლების მომხრე, რომ ხალხი ცხოვრობს უკეთესად, მაგრამ ამას საზოგადოება და მოსახლეობა ვერ ხედავს, რომ პრობლემები მხოლოდ რაღაც საქმეებში აქვთ და არა ძირეულად, რომ "ობიექტური" მიზეზები აქვთ და ხელისუფლება არაფერ შუაშია.

"რ": ხედავთ თუ არა რაიმე განსხვავებას ივანიშვილის ინტერვიუებს შორის?

ა.გ: განსხვავება ის იყო, რომ შვიდი თვის წინ, როდესაც ეს შეფასებები კეთდებოდა, მაშინ რეალობა სხვა იყო, მაგრამ დღეს რეალობა სრულიად სხვაგვარია. დროდადრო მის ტექსტებში იცვლებიან ფიგურანტები ვიღაცა ემატება, ვიღაცა აკლდება, ახლა დაუმატა ხუხაშვილი ,შავგულიძე და ბესელია, მაგრამ არსებითად არაფერი ახალი არ არის, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში,ზუსტად ერთიდაიგივე კონცეპტუალური მახასიათებლებით მსჯელობს.

ივანიშვილის და მთლიანად "ქართულ ოცნებაში", არის ხოლმე ასეთი მიდგომა, ვინც არ არის "ქართულ ოცნებასთან", ის არის მისი მტერი. მსგავსი მიდგომა ჰქონდა თავის დროზე სხვა მმართველ ძალებსაც, ამიტომაც, ანალოგიურად ყოფილი პარტნიორები, უკვე აღმოჩნდნენ ივანიშვილის მტრების და მთლიანად "ქართული ოცნების" მტრების ნუსხაში.

"რ" : ივანიშვილმა, ყოფილი გუნდის წევრები ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია, რასაც საკმაოდ მწვავე შეფასება მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რაში აწყობს ასეთი მწვავე შეფასებები?

ა.გ : ივანიშვილი, საბოლოო ჯამში ვერ სწავლობს იმას, რომ კონკრეტულ პირებზე ლაპარაკისაგან თავი შეიკავოს, ამ პროცესით, საზოგადოების პოზიციების ფორმირებას ვერ ახდენს და მტრებს კი, იმატებს და იმატებს ყოველდღიურად, ამიტომაც "ქართული ოცნების" ძირითადი აქტიორები კარგად იყენებენ ივანიშვილის ამ სისუსტეებს, მას ახმოვანებენ და ისიც სიამოვნებით ახმოვანებს ნეგატივს კონკრეტულ პიროვნებებზე.

მთლიანობაში, ამით ცდილობს შექმნას მათგან მტრის ხატი, მაგრამ ერთი უცნაური რამაა, ვისაც ივანიშვილი თავს ესხმის, როგორც წესი საზოგადობაში მათი რეიტინგი მაღლა იწევს. ფასს ადებს თითოეულ ადამიანს, ვისაც ის ახსენებს ,ეს ადამიანები არაფრით არ ზარალდებიან,ზარალდება ამით მხოლოდ თვითონ ივანიშვილი.

"რ" :რამდენად შეიძლება დავუკავშიროთ ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, 2019 წლის მაისის შუალედურ მაჟორიტარულ და მერის არჩევნებს?

ა.გ: ივანიშვილის ეს ინტერვიუ შეიძლება შუალედურ არჩევნებს დავუკავშიროთ, ის უმიზეზოდ ბუნებრივია არ გამოჩნდებოდა, უახლოეს ხანებში თუ, მეორედ გამოვა, რაღაც უნდა თქვას ახალი, თუმცა, თავის დროზე მისი საჯარო კომუნიკაციები ცოტათი მეტად რაღაცის მომტანი იყო მმართველი ძალისათვის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე, საბოლოოდ გაქარწყლდა ეს მოსაზრება და მხოლოდ კონკრეტულმა რესურსებმა გაიმარჯვეს: ეს იყო მატერიალური, ტექნიკური,სახელისუფლებო ძალაუფლებითი და ადამიანური რესურსები, ამიტომ, ივანიშვილი თუ ფიქრობს, რომ ამ გამოსვლას არჩევნების პროცესების სათავისოდ წარმართვა შეუძლია,ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პროცესი საერთო ჯამში რესურსებამდე მიდის.

ივანიშვილის საჯარო გამოსვლებს, თანდათან სტრატეგიული ეფექტი ეკარგება, მისი რეალური შედეგი არის ჩაფიქრებულის უკუეფექტი, რასაც ის იღებს ხოლმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×