პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი უკომენტაროდ დატოვა. პოლიტიკოსთა ნაწილი არაადეკვატურად და სამარცხვინოდ მიიჩნევს სასახლეში მის გამოსვლას, როცა ზურაბიშვილს 9 აპრილს მოკლული თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი კი შეცდომით ამოიკითხა. ჭოველიძის მამის განცხადებით, ღონისძიებაზე დასასწრებად მისულს სკამიც არავინ შესთავაზა, არც მისი შვილის გვარი დასახელებულა და პროტესტის ნიშნად მან ცერემონიების სასახლე დატოვა.
მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და პრესსამსახურმა განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილს თამარ ჭოველიძის სახელის წაკითხვა ტექნიკურად გამორჩა, ეკა ბეჟანიშვილის გვარი არ შეშლია და უშეცდომოდ წაიკითხა, ხოლო მისი ოჯახის დაპატიჟება ცერემონიალზე იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მათ ტელეფონს არ უპასუხეს.
სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის მემორიალთან ვიზიტსა და ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართულ მიღებასთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ "სკანდალურ" ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას "გაპარვად" აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას.... იმან მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით - დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობისა და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა! გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!" - წერს პრეზიდენტი.
ოპოზიციის წევრები კი "რეზონანსთან" ამ ფაქტს უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ზურაბიშვილი ხალხს გაურბის. მათი აზრით, პრეზიდენტი კამერებთან იშვიათად ჩნდება და ჯობია, საერთოდაც აღარ გამოჩნდეს.
"ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე კი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილს ადეკვატურობის განცდა დაკარგული აქვს და ვერც თავის სტატუსს ეკიდება პასუხისმგებლობით.
"სალომე ზურაბიშვილი არც ეკიდება რანგს პასუხისმგებლობით და ვერც მოეკიდება, მას არა აქვს ამის შესაფერისი არც კომპეტენცია და რაც ყველაზე მთავარია, არ აქვს მანდატი. ხალხში და კამერების წინ სამ თვეში ერთხელ ჩნდება და იმდენ შეცდომას უშვებს, რომ ჯობია, საერთოდ არ გამოჩნდეს," - ამბობს კახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე კი ქვეყნის მთავარსარდალს მოგზაურს უწოდებს, რომელიც შეფასებას საერთოდ არ იმსახურებს. მისი აზრით, პრეზიდენტი არაადეკვატურია და მისი ქცევის ანალიზიც კი შეუძლებელია.
"მის საქმიანობას მოღვაწეობასაც ვერ დავარქმევ, საერთოდ, შეფასებას არ იმსახურებს. შეფასება რაღაც ნიშანს ქვემოთაა. ეს ადამიანი ალბათ უფრო მოგზაურის როლშია. მას როგორც პრეზიდენტს და ამ სტატუსის მატარებელს ვერ განვიხილავ. ეს ადამიანი არაადეკვატურია, ჩვენ არ ვიცით, რაც არის? მისი ყველა ქცევა თუ ნაბიჯი ანალიზს და ლოგიკურობას მოკლებულია," - ამბობს ჭიჭინაძე.
უმრავლესობის წევრ რომან კაკულიას აზრით კი, არის დეტალები, რომელიც არ უნდა შეგეშალოს, თუმცა შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინაა. მისი თქმით, ალბათ ზურაბიშვილი ამ გაუგებრობას თავადაც მძიმედ განიცდის, მაგრამ ჭოველიძის მამისთვის ბოდიშის მოხდას აზრი უკვე აღარა აქვს.
"არის დეტალები, რომელიც არ უნდა შეგეშალოს, თუმცა შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინაა. მე ვიცნობდი ძალიან ბევრ სახელმწიფო მოხელეს, რომლებსაც ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ მოუვიდოდათ, ეს ძალიან სამწუხაროა," - განაცხადა კაკულიამ.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოდიშის მოხდას პოლიტოლოგები ითხოვენ. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რანგში მან უდიდესი შეცდომები დაუშვა. უპატიებელია მისი არასწორი საქციელი 9 აპრილის მემორიალთან, ასევე, დაგეგმილ ღონისძიებაზე თამარ ჭოველიძის გვარის გამოტოვება. პრეზიდენტის თითქმის ყოველი საჯარო გამოსვლა ინციდენტით მთავრდება, რაც სახელმწიფოსთვის უხერხულია. ისინი პრეზიდენტის მხრიდან ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობაზეც საუბრობენ და უფრო მეტ ადეკვატურობას ითხოვენ.
"მისი შეცდომების რაოდენობა წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევს. ხალხში ან კამერებთან მისი ყოველი გამოჩენა სკანდალით მთავრდება. გამუდმებით შეცდომებს უშვებს. ის იმ სტანდარტს, რაც სჭირდება სახელმწიფო მეთაურს, ვერ აკმაყოფილებს, რაც დიდი სირცხვილია და ქვეყანას აზარალებს," - ამბობს გია ხუხაშვილი.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე 9 აპრილს მომხდარ ფაქტს "ცუდ და მახინჯ საქციელს" უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს. მისი აზრით, ის რომ ისევ მაჟორიტარი დეპუტატი იყოს, ამაზე ყურადღებას ასე მძაფრად არავინ გაამახვილებდა, მაგრამ იგი ქვეყნის მთავარსარდალი და პირველი პირია.
"სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი რომ იყოს, არა უშავს, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, ძალიან სამარცხვინოა. თუ ქვეყანას წარმოადგენს და თუ ჩვენს პოლიტიკოსებს იმაზე აქვთ პრეტენზია, რომ ქვეყნის სათავეში დგანან, მათ, პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა სცენ პატივი, განსაკუთრებით იმათ, ვინც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
"შეცდომით მოუვიდა თუ შეგნებულად, ორივე შემთხვევაში ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის ძალიან ცუდი და მახინჯი საქციელი," - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.
ფოტო: "მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ "სკანდალურ" ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას "გაპარვად" აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას.... იმან მთავარი ვერ გაიგო..."