შარშანდელთან შედარებით, "დაუყოვნებლივ გადასახდელი" ვალის მოცულობა თითქმის გაორმაგებულია
თამარ მუკბანიანი
11.04.2019

 საქართველოს "დაუყოვნებლივ გადასახდელი" საგარეო ვალის მოცულობა, გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. 2018 წლის მეორე კვარტალში გადასახდელი იყო 758.2 მლნ, ხოლო წელს 1.426 მლრდ დოლარია. წლიდან წლამდე მთავრობა უფრო მეტ ფულს სესხულობს და, შესაბამისად, შემდეგ წლებში გადასახდელების ოდენობის ზრდასაც უნდა ველოდოთ.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, "დაუყონებლივ გადასახდელი" ვალის მოცულობა 1,426 მლრდ დოლარს შეადგენს. აქედან ყველაზე დიდი წილი კომერციულ ბანკებზე მოდის, საფინანსო სექტორს 765,1 მლნ დოლარის გასტუმრება მოუწევს; 323,6 მლნ დოლარი მოდის სხვა სექტორებზე, პირდაპირი ინვესტიციებზე: კომპანიათაშორის სესხებზე - 301,1 მლნ დოლარი, სამთავრობო სექტორზე კი მხოლოდ 33,1 მლნ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ თანხიდან 1,232 მლრდ დოლარი ძირითადი თანხაა, 193,8 მლნ დოლარი კი - პროცენტი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "დაუყოვნებლივ გადასახდელი" ვალის მოცულობა თითქმის გაორმაგებულია. ეროვნული ბანკის საგარეო ვალის გადახდის გრაფიკით, 2018 წლის მე-2 კვარტალში სამთავრობო სექტორს 111,1 მილიონი დოლარის გადახდა უწევდა, ეროვნულ ბანკს - 0,7 მილიარდი დოლარის, კომერციულ ბანკებს - 422,8 მილიონი დოლარის. სრული მოცულობა კი 758,2 მილიონი დოლარი იყო. ეს რაც შეეხება "დაუყოვნებლივ გადასახდელებს", ხოლო სრულად მეორე კვარტალში საქართველომ 1,132 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ სესხისა და გადასახდელების მაღალი ოდენობაც კი არ იქნებოდა პრობლემა ეფექტურად ათვისების შემთხვევაში. სწორედ ამ ნაწილშია ყველაზე მეტი კითხვა ხელისუფლებასთან, რომელიც ნასესხები ფულის დახარჯვას ვერ ახერხებს.

"ვინაიდან საგარეო ვალი წლიდან წლამდე იზრდება და საქართველოს ეკონომიკის მთლიანი დავალიანება 17 მლრდ დოლარია, (ეს ჩვენი შიგა პროდუქტის 109%-ია), ბუნებრივია, ეკონომიკაზე გადასახდელების ნეგატიური გავლენა დიდია. გარდა ძირითადი თანხისა, მძიმე ტვირთია ტრანშები, პროცენტი, სესხის მომსახურების თანხა და ა.შ. რასაკვირველია, ეს განსაკუთრებულად ეროვნულ ვალუტას ურტყამს, რადგან ნასესხები უცხოურ ვალუტაში გვაქვს.

დიდი ვალიც შეიძლება გქონდეს, მაგრამ მიღებულ ფულს ეფექტურად უნდა ხარჯავდე. საქართველოს მთავრობასთან მიმართებით ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. ფაქტია, ნასესხები თანხის წესიერად ათვისება ვერ ხდება, რაც დიდი პრობლემაა. შარშან მილიარდ ლარზე მეტი ვერ დახარჯა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ანუ ფული, რომელიც ვისესხეთ, ვერ ავითვისეთ. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მთავრობა ვერ მუშაობს.

მთლიანი ვალი ქვეყნისთვისაც და ბიზნესისთვისაც საკმაოდ მძიმე ტვირთია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დგება ტრანშების გასტუმრების პერიოდი, რაც გავლენას ახდენს ლარის კურსზეც," - ამბობს "რეზონანსთან" თუთბერიძე.

თავისთავად ვალის აღებასა და დაბრუნების პროცესში რომ ცუდი არაფერია, იზიარებს ფინანსისტი ლია ელიავაც, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ უცხოური ფული, რომელსაც საქართველო იღებს, იხარჯება არაფრისმომცემ სფეროებში და დაბრუნების პროცესიც ამიტომაა პრობლემური.

"დაუყოვნებლივ გადასახდელი არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი არ არის გაწერილი დეტალურად. სინამდვილეში ჩვენ საგარეო ვალის გადახდა გვიწევს გრაფიკით და, შესაბამისად, ყველა რისკი, რომელიც შეიძლება ვალუტას ან სხვა ეკონომიკურ ფაქტორებს შეეხოს, გაწერილი და გაანალიზებულია წინასწარ.

ჩვენ თუ დავაკვირდებით სახელმწიფო ვალის მოცულობას განითარებულ ქვეყნებში, ის ბევრად აჭარბებს მათი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას და ამაში არაფერია ცუდი. მთავარია, როგორ დაიხარჯება ეს სახსრები. ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლება უნდა ხდებდეს ამ ფულით და შემდეგ დაბრუნებაც აღარ არის მტკივნეული.

ჩვეულებრივ როცა საქართველოს მთავრობა იღებს ვალს, ეს არის ან ინფრასტრუქტურის დანიშნულებით ან საკონსულტაციო, ანუ ვალი, რომელიც არაფრის მაქნისი და არაფრის მომტანია. იგი არ უწყობს ხელს რეალური ეკონომიკის ზრდას, სწორედ ეს არის პრობლემა და ამიტომაა ვალის დაბრუნების პროცესიც ძალიან დიდი პრობლემა," - აცხადებს "რეზონანსთან" ელიავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×