ბესელია და "სამეული", ასევე შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე - ყველა ეს ადამიანი, ვინც ადრე "ოცნების" აქტიური წევრი თუ აქტიური გულშემატკივარი იყო, ხოლო დღეს მმართველ პარტიას აკრიტიკებს უმთავრესად მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერების გამო, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ვრცელ ინტერვიუში სწორედ ამ თემაზე საუბარს დაუთმო ყველაზე დიდი დრო.
"ქართული ოცნების" ლიდერის მთავარი ბრალდება იყო ის, რომ მისი გუნდის ყოფილ წევრებს - ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს, გედევან ფოფხაძესა და ზვიად კვაჭანტირაძეს 7 წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ თურმე პრინციპულად მიუღებელია სასამართლოში მურუსიძე-ჩინჩალაძისა და პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ყოფნა. ეს "პრინციპული დეპუტატები" უნისონში მოდიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" და, რეალურად, "ნაციონალების" თამაშს თამაშობენ.
ამავე დროს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დასდო ბრალი შალვა შავგულიძეს, დავით უსუფაშვილს, გია ხუხაშვილსა და გუბაზ სანიკიძეს. მისი თქმით, ეს ადამიანები "ოცნების" გუნდის წევრები იყვნენ, დღეს კი ხუხაშვილი ხოტბას ასხამს სააკაშვილს, სანიკიძე საერთოდ მათი მხარდამჭერია, უსუფაშვილმა რევოლუციური სცენარი დაუწერა "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებს შორის შუალედში, დეკემბერში, ხოლო შავგულიძეს "ნაცები" ირჩევენ.
ივანიშვილს ეჭვი აქვს, რომ შავგულიძე მაშინაც გარიგებული იყო "ნაციონალებთან", როცა გირგვლიანის საქმეს ადვოკატობდა. მისი თქმით, მოსამართლე ლევან მურუსიძეს არ შეეძლო ეს საქმე პირველ ინსტანციაში დაებრუნებინა, რადგან ადვოკატმა თავის დროზე არ დაწერა აპელაცია და პარადოქსია, რომ შავგულიძე ასოცირდება, როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და დაიცვა გირგვლიანების ოჯახი, მურუსიძე კი ასოცირდება, როგორც მკვლელი.
მის ბრალდებებს ადრესატებმაც უპასუხეს. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ასეთი ღირებულებების მქონე ივანიშვილის გვერდით ის 2012 წელს არ დადგებდა.
"თუ ადამიანი გეუბნება, რომ მე მინდა, შევცვალო სააკაშვილი, მაგრამ ყველაფერ დანარჩენს დავტოვებ, არ მგონია, ხალხიც ამის მოსურნე ყოფილიყო 2012 წელს, როდესაც კამპანიის მესიჯი სამართლიანობის აღდგენა იყო. ივანიშვილს წინასწარ ასე რომ ეთქვა, მე მის გვერდით არ დავდგებოდი," - აცხადებს იგი.
მისივე თქმით, ივანიშვილს არგუმენტი არა აქვს იმ პრეტენზიებზე, რაც მოსამართლეების საკითხის გამო მის მიმართ არსებობს, ამიტომაც ყველას, ვინც აკრიტიკებს, პასუხად ეუბნება, რომ "ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს, რაც არასერიოზულია.
"გასცეს პასუხი, რატომ ლობირებდნენ ჩინჩალაძის სიას და რატომ უნდა ყოფილი "ზონდერები" სასამართლოში მაშინ, როცა ამ მოსამართლეებმა შექმნეს "ნაციონალური მოძრაობის" სამართლებრივ-პოლიტიკური საფუძვლები. ეს რატომაა სწორი და რატომაა არასწორი, რომ ღირებულებებს თანმიმდევრულად მივყოლოდით. ჩინჩალაძე-მურუსიძე რომ უნდათ სასამართლოში, ესაა სწორედ "ნაციონალიზაცია" "ქართული ოცნებისა".
"პერსონალიების დონეზეც უკვე იდენტური ხდება. ტყუილია, რომ ჩვენ ახლა ამოვიღეთ ხმა. 2013 წელს გამოვხატე ჩემი პოზიცია. ვთქვი, რომ უვადოდ დასაჭერი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მიუღებელია, რაც ივანიშვილთან კერძო შეხვედრებზეც არაერთხელ მითქვამს და ამას თუ დაივიწყებენ, ეს მათი პრობლემაა. ზარდიაშვილზე გავიხსენებ, ის რომ სიაში შეიყვანეს, საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო.
"ზარდიაშვილი ვინ იყო, გავიგე მაშინ, როცა ეკა ბესელიას მოადგილეობაზე დაიწყო საუბარი, რაც გავაპროტესტე გუნდში. მაშინ კვირიკაშვილმა მთხოვა, პროტესტისგან თავი შემეკავებინა," - აცხადებს ფოფხაძე.
ეკა ბესელიას თქმით, როცა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებულ ადამიანებს ან მათ მსახურებს იცავს, ფაქტია, ვინ დგას "ნაცმოძრაობის" ინტერესების გამგრძელებლად.
"გაბრაზებულია და ნაწყენია იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გაგვაჩუმა. სააკაშვილმა ჩემი გაჩუმება ვერ მოახერხა მაშინ, როდესაც საბრალდებო სკამზე ერთ მხარეს სკოლის მოსწავლე შვილი მეჯდა და მეორე მხარეს - ძმა.
"ახლა ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა ჩემი გაჩუმება ხათრის გამო. უკაცრავად, მაგრამ როცა საქმე ამ ქვეყნის მომავალს, იდეალებს, სამართლიანობას ეხება, შვილზე და ძმაზე ძვირფასი ქვეყანაზე არავინ მყავს და მათ გამო ვერ გავჩუმდი და ვერავის გამო ვერ გავჩუმდები.
"ჩვენ ერთმანეთთან სასაუბრო საერთო ფუნდამენტი დავკარგეთ. ჩვენ დავრჩით იქ, სადაც ვიყავით, მაგრამ მან ნამდვილად შეიცვალა ხედვა. მე მგონია, ამ ინტერვიუმ მეტი კითხვა და კიდევ უფრო მეტი უნდობლობა და ბზარი გააჩინა," - აღნიშნა ბესელიამ.
დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილს "ლოცვა ან შელოცვა" სჭირდება.
"გირგვლიანის საქმეში შავგულიძე ყოფილა მიშას მზაკვარი თანამზრახველი და მურუსიძე ყოფილა მიშას უცოდველი მსხვერპლი. ამ აზრის კულტივირებას ცდილობს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი პირადად. ხომ გასაგებია, რა სჭირს თავად ამ ლიდერს, რა დღეშია ხელისუფლება მისი ლიდერობით და საით მიექანება ქვეყანა ამ ხელისუფლების ხელში?
"პირადად მე რაც მეხება, აქ ყველაფერი წესრიგშია. კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე "მიშისტობაში" და ლუწ რიცხვებში მიშა - "ბიძინისტობაში". მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებამდე დიდი ხნით ადრე.
"ამასობაში ბიძინამ თავისი წერილით პატიოსნად გვამცნო, რომ ეშმაკი მყავს შემოჩენილი და მე კი არა, ის "ყოფს" ჩემი მეშვეობითო. გუშინაც "ის" მძლავრობდა. ამიტომ არგუმენტებით დისკუსია აზრს კარგავს. გადასაწყვეტია, ლოცვა თუ შელოცვა," - აცხადებს უსუფაშვილი.
კიდევ ერთი ადრესატი - შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისთვის კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისათვის სიცრუესა და ცილისწამებას არ ერიდება.
"ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება, ბატონო ბიძინა, თქვენი ეს მცდელობა. ალბათ საჯაროდ არც ვუპასუხებდი და ახლად დაწყებულ კამპანიას გავაგრძელებდი, მაგრამ ვითვალისწინებ საზოგადოების დიდ ინტერესს," - განაცხადა შალვა შავგულიძემ და ბრიფინგზე ახსნა, რატომ არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
ინტერვიუს შეფასება არ სურს გია ხუხაშვილს, რომლის თქმით, "ერთადერთი ემოცია არის თანაგრძნობა მის მიმართ".
"ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს რომ აფინანსებდა, მაშინ ჩემს თავზე სააკაშვილი წისქვილის ქვას ატრიალებდა, სად ნახა, სად ამოიკითხა ჩემი სააკაშვილისადმი ხოტბა, არ ვიცი.
"მთელი ინტერვიუს განმავლობაში შავზე ლაპარაკობდა თეთრს და პირიქით. არათუ გამრუდებულ რეალობაშია, არამედ საერთოდ საპირისპირო რეალობაშია. მას აქვს გარკვეული ნოსტალგია, პოლიტიკურ დეპრესიაშია და უნდა, რომ ხალხს უყვარდეს. სად ამოიკითხა, სად ნახა, რომ მე სააკაშვილი შევაქე, აბსოლუტურად გაუგებარია," - განაცხადა ხუხაშვილმა.