თამარ შუკვანი
11.04.2019

 ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება" დატოვეს. მიზეზად უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა საკითხი დაასახელეს. როგორც ისინი აცხადებენ, 13 აპრილს „დაიცავი საქართველოს" საგანგებო შეკრებას შეუერთდებიან.

„სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში ჩვენ თვალს ვადევნებთ მორალური ფასეულობების გადახედვის უხეშ მცდელობას. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა. ჩვენთვის მიღებელია მურუსიძე- ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინების და „ნაცებად" სახელდების მცდელობა. ჩვენთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის, ჯალათების უხეში „გაპრავება".

„ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებასთან, რომელიც სულ ახლახანს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ მე ვტოვებ „ქართული ოცნების" უმრავლესობას და 13აპრილს, 14:00 საათზე, ფილარმონიაში ვუერთდები „დაიცავი საქართველოს" საგანგებო შეკრებას.

„მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც თვლის, რომ ეს უპერსპექტივო წრე გასარღვევია. შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ ახალი პოლიტიკური ასპარეზი, სადაც მოძალადე და მედროვე კი არ ფასდება, არამედ ღირსეული, სამართლიანი და პრინციპული ადამიანი. შემოგვიერთდით 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონიაში - დაიცავი საქართველო," - განაცხადა შაქარიშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯიშკარიანმა კი აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ისტორიის წაშლა, თითქოს ისტორია 2012 წლიდან დაიწყო და მანამდე არაფერი მომხდარა.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტში, მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე და აზრის მოხვევა, რომ თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილი, ყველა ჩვენი თანამებრძოლი და ის ბრძოლა საერთოდ, რაც ვაწარმოეთ 2012 წლამდე, იყო „ნაცების" წისქვილზე წყლის დასხმა და ჩვენ ვართ ყველანი „ნაციონალები", ვინც ამას ვიზიარებთ, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეურაცხყოფა და მიუღებელია.

„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის წლები, რომელიც გამოვიარეთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად. ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში 26 მაისის, 7 ნოემბრის, სანდრო გირგვლიანის თემით მოვიდა და ეს ფონი თითოეულმა ჩვენთაგანმა შევქმენით საზოგადოებასთან ერთად. ახლა ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს, თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან. გუნდში ყოველთვის იყო კომპლექსი, ადამიანებს ჰქონდათ კომპლექსი, რომ ისინი არ არსებობდნენ 2012 წლამდე. ისინი იშვნენ 2012-ში, 2014-ში, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე და მათი ისტორია სწორედ აქედან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე.

„არასწორია ინტერპრეტაცია, რომ მესამე ძალა უნდა შეიქმნას. ეს არის მათი ნება და მათი დაკვეთით გავრცელებული ჭორი. მესამე ძალა კი არა, ახალი პლატფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც ძველ ფასეულობებზე ახალს და მომავალს ჩაუსახავს და ჩაუნერგავს ჩვენს მოქალაქეებს," - აღნიშნა ჯიშკარიანმა.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ მისთვის ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, 13 აპრილს დაგეგმილ საგანგებო შეკრებას თავადაც დაესწრება.

„შეუძლებელია, რომ ეს ორი ახალგაზრდა ეგუებოდეს იმას, რაც ხდება მმართველ პარტიაში. შეუძლებელია, რომ ვატოს, ჯაბას და ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოდნენ წლების განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად, მოსწონდეთ ის, რაც ხდება - აღზევება ხდება წარსულის ძალადობრივი ელემენტების და მათი მხარდაჭერების, თუ შემქმნელების. ამიტომ, მათი პროტესტი ძალიან ბუნებრივია და ძალიან ორგანული ჩემთვის. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ერთ პოზიციაზე და მომავალსაც ვხედავ სწორედ საერთო ბრძოლის ველზე.

„ახლა, ისევ დადგა ერთიანობის აუცილებლობა. რა იქნება მომავალი გაგრძელება ამ შეკრებისა, ამაზე ალბათ, მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ, როცა ეს შეხვედრა დასრულდება. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ის პოლიტიკური ახალი პლატფორმა, რომლის შექმნას მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ, ძალაშია. ვაპირებთ, შემოვიკრიბოთ ყველა ის ადამიანი ამ გაერთიანებაში - ეს იქნება საზოგადოების წარმომადგენელი, თუ პოლიტიკოსები, ახალგაზრდები, ძველი თაობა...," - განაცხადა ბესელიამ.

ჯიშკარიანისა და შაქარიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მმართველი გუნდის რღვევის პროცესს არ წარმოადგენს.

„თქვენ ძალიან გინდათ, რომ რღვევის პროცესი იყოს, მაგრამ ეს არის ის პროცესი, რომელიც პარლამენტში იყო და რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა. ჩვენ არაერთი "ფეისბუქ სტატუსი" ვნახეთ ვატო შაქარიშვილის ავტორობით და რამდენიმე თვის წინაც კი, ის უკვე იმაზე მოგვასწავებდა, რომ ეს ადამიანი ვერ და არ იქნებოდა "ქართულ ოცნებაში". აქედან, გამომდინარე, აქ ახალი არაფერი არ არის და არც თქვენს მიერ დაანონსებული ამბავი არ არის პერსპექტიული, რომ ეს არ არის "ქართული ოცნების" რღვების პროცესი.

„გულწრფელი რომ ვიყო, შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში მართლაც არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის, მწვავე გამოწვევებიც, შეიძლება ასე ითქვას. ამ პრობლემების და გამოწვევების ადეკვატურად, ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ ნაბიჯებზე ვზრუნავთ, ვფიქრობთ. "ქართული ოცნება" ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ გამოწვევების ადეკვატური იყოს, პრობლემის აღმოფხვრაზე და ხალხის გაჭირვებაზე იყოს ორიენტირებული, მაგრამ ამის გადაჭრის გზები არ არის პოპულისტური გამონათქვამები, პოპულისტური ნაბიჯები. ამის გადაჭრის გზები არის რეალური საქმე.

„ჩვენ, მაგალითად, გუშინ სრული ისტერია მოვისმინეთ ჩვენი ოპოზიციური ფლანგის შესრულებით, რომელიც არ იყო ადეკვატური იმ საუბრებთან, რაც გუშინ წინ ჩვენი ლიდერის ინტერვიუში იყო. ეს იყო ისტერია, რომელიც მწარე სიმართლით იყო გამოწვეული. პარტიის თავმჯდომარის, ლიდერის მხრიდან შემოთავაზებული იყო არა ლანძღვა-გინება და ისტერია, არამედ საქმეზე ორიენტირება.

„თუ ღირებულებების აცდენაა ადამიანზე, დემოკრატიაზე, ხალხის გაჭირვებაზე ორიენტირება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუ ღირებულებებზე აცდენაა სამჯერ მეტი პროექტების განხორციელება, რომელიც რეალურად ხორციელდება ამ ქვეყანაში, ასევე, თუ ღირებულებებზე აცდენაა სიცრუესთან და პოპულიზმთან დაპირისპირება და რეალურად, ქვეყანაზე ზრუნვა, მაშინ შეგვიძლია ასეც ვთქვათ. მაგრამ,როდესაც ერთ მხარეს გვაქვს რეალური ზრუნვა დემოკრატიასა და ადამიანის გაჭირვებაზე და მის აღმოფხვრაზე, ხოლო მეორე მხარეს გვაქვს პოპულისტური განცხადებები, სიცრუე, მაშინ ვფიქრობ, ღირებულებების აცდენაზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი," - აღნიშნავს მდინარაძე.

ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე:

„ისინი რომ მიდიოდნენ, მე ვიცოდი. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება," - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×