ელზა პაპოშვილი
11.04.2019

 საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის გამოსვლა ევროპარლამენტში და ევროპარლამენტარებისგან დასმული მწვავე კრიტიკული კითხვები. რას ითხოვენ ევროპელები საქართველოსგან და რატომ გამოთქვეს მათ უკმაყოფილება საქართველოში დემოკარტიის  ხარისხის მიმართ. დეპუტატები ბახტაძეს პასუხს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ძალადობის,  მოსყიდვის ფაქტებზე და 600 ათასი ადამიანისთვის წინასაარჩევნოდ ჩამოწერილი ვალებზე სთხოვდნენ. პრემიერს  11 ევროპარლამენტის მიერ მის სახელზე გაგზავნილი წერილიც შეახსენეს, სადაც არჩევნების დროს საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და ია კერზაიას საქმეზეა საუბარი.

მწვავე კითხვები მამუკა ბახტაძის მისამართით სხდომაზე  ყველა პოლიტიკური გუნდიდან ისმოდა, მათ შორის ”ქართული ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური გუნდის სოციალისტების წევრმა, ფრანკ შვაბემ პრემიერ ბახტაძეს პირდაპირ ჰკითხა, რატომ შერაცხა ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორი ფაშისტებად, მაშინ როცა ისინი კორუფციის ფაქტებს იძიებენ. კითხვები პოლიტიკური ოპონენტების დევნასაც ეხებოდა. პრემიერს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელმაც ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.  

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აფასებს. კანდელაკის თქმით, დროის გასვლის გამო კითხვის დასმა ვერ მოახერხა, თორემ პრემიერს ჰკითხავდა, რატომ არ მოითხოვა, საქართველოს ოკუპაციისა და დევნილთა საკითხი მოხვდეს დასავლეთის სანქციების მოთხოვნებში და საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს დღის წესრიგში რუსეთის ხელმძღვანელობასთან უმაღლეს დონეზე შეხვერების დროს.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პრემიერმა კი ისაუბრა ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ არ უთხოვია მთავარი, რომ ჩვენი ოკუპაციის და დევნილთა საკითხი მოხვდეს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების მოთხოვნებში და რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე. ანუ გამოდის, რომ ამას საქართველო არ ითხოვს და თუ არ ითხოვს, რატომ მიიღებს? რაც შეეხება კითხვა-პასუხს, უბრალოდ, ნახეთ ჩანაწერი (იმედია, პრემიერის პრესსამსახური თავად დადებს და არ დამალავს) და თავად შეაფასეთ. მისი პასუხების შემხედვარე ხმების მოსყიდვაზე, სასამართლოზე და სხვა მწვავე კითხვებზე მთელ დარბაზში უხერხული მომენტები ხშირად იყო”, – აცხადებს კანდელაკი. 

 „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე კი ამბობს, რომ პრემიერის ევროსაბჭოში გამოსვლა და მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან უხერხული იყო, რადგანაც არცერთ იმ საქმეზე, რომელზეც პარლამენტარებმა კითხვები დაუსვევს გამოძიება არ ჩატარებულა და პასუხი არავის არ გაუცია. კახიძე აცხადებს, რომ პასუხების გაცემის დროს ბახტაძე უსუსურად გამოიყურებოდა, რადგნაც მას კონკრეტული პასუხები არ ჰქონდა. 

„ძალიან უხერხულია, როდესაც ჩვენი ქვეყნის პრემიერი ევროპარლამენტარების წინაშე ასე უტიფრად ცრუობს და აცხადებს, რომ თითქოს ვალების ჩამოწერას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. პირველ მეორე ტურებს  შორის ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა. ეს ასევე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან არის დადგენილი.  რა თქმა უნდა, ასევე ადგილი ადმინისტრაციული რესურსის არნახული მასშტაბით გამოყენებას ჰქონდა. არა მხოლოდ რესურსის გამოყენება  მოხდა, არამედ ისეთი სახის წნეხს ჰქონდა ადგილი, რომ ია კერზაიას გარდაცვალება მოჰყვა. 

რაც ყველაზე სამწუხაროა, ამ ტრაგედიას არანაირი ტიპის სამართლებლივი შეფასება არ მოჰყოლია. იას შვილი დაზარალებლადაც კი არ არის მოხსენიებული. მეორე მწვავე საკითხი, რაზეც ევროპარალმენტარებმა სწორედ გაამახვილეს ყურადღება ეს არის მართლმსაჯულების კრიზისი, რომლის წინაშეც ვდგავართ. აფგან მუხთარლის საქმე არის სამარცხვინო, რომელიც ჩვენს ქვეყანას ლაქად დარჩება. ამ საქმემ აჩვენა, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მზად არიან გააქრონ და გააყალბონ ჟურნალისტის ქვეყნიდან გატაცების  ფაქტი“,-აცხადებს ოთარ კახიძე. 

მისივე თქმით, როდესაც მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და ამით პირდაპირ თქვა, რომ მერაბიშვილს ხელისუფლება უკნონო პატიმრობაში ამყოფებს, ამაზე დიდი სკანდალი რაღა უნდა იყოს. კახიძე აცხადებს, რომ  ივნისში  ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ამ საქმეზე სპეციალურ დასკვნას მიიღებს და უფრო მეტი ითქმება. რაც შეეხება ზოგად ფონს, რაც ბახტაძის გამოსვლაშიც ნათლად ჩანდა, დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან და ხალხის მოთხოვნებათან დაკავშირებით რეალობას სრულიად აცდენილია. მისი აზრით,  ევროპარლამენტარების მიერ დასმული კითხვები, რომელიც საკმაოდ კრიტიკული იყო, სრულიად შეესაბამება იმ რეალობას რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუმცა ხელისუფლებას ამის გათვიცნობიერება არ უნდა, რომ მათ წინაშე ყველა მართალია.   

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×