"ქალაქის მერი, თითქმის ორი წელი ლაპარაკობს, რომ აღვადგენთ, გავარემონტებთ, გავაკეთებთ, და ამ დროს თითქმის დაინგრა მთლიანად მეტროსადგურები. ლაპარაკით ილაპარაკოს, მაგრამ რეალურად ჩვენ გაკეთებულს ვერ ვხედავთ," - აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მისი თქმით, მეტროსადგურებში არსებული მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ მეტრო ფაქტობრივად პარალიზების წინაშეა.
"უკვე უძლურები არიან, დამალონ ის ფაქტები, რომ მეტრო არის პარალიზების წინაშე. თითქმის დღე არ გავა, რომ არ მოხდეს ავარიული შეჩერება. ამას, სატრანსპორტო კომპანია ცდილობს, შეფერხება დაარქვას. მწყობრიდანაა გამოსული და არ აკმაყოფილებს აღარანაირ სტანდარტებს აღარც ესკსლატორი, აღარც გვირაბი და აღარც ხიდი, რაც უფრო მეტად ცდილობენ, რომ მდგომარეობას გვერდი აუარონ, მით უფრო მწვავდება სიტუაცია. მიწის ქვეშ აღარ არის ეს პრობლემა, ამოვიდა მიწის ზევით, ამიტომაც იძულებული გახდნენ, რომ პრაქტიკულად ეღიარებინათ არსებული სიტუაცია," - აცხადებს მესხიშვილი.
ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამის ორგანოებს ყოველთვის მიუთითებდნენ, რომ მეტროსადგურებში არის პრობლემები, მაგრამ რეაგირებას არავინ ახდენდა.
"ამის გამო სიცრუეში და კერძო დაინტერესებაში დაგვდეს ბრალი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მერს სატრანსპორტო კომპანია არ აწვდიდა რეალურ ინფორმაციას და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი რიგზეა. ახლა ქალაქის მერი კი არადა მთელი საზოგადოება დადგა ფაქტის წინაშე."
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მეტროს რეაბილიტაცია-გაუმჯობესება და მოდერნიზება დააანონსა. თქვა, რომ ამაში 100 მილიონი დაიხარჯება.
"დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს, 20 მილიონი არის ამისთვის გამოყოფილი მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე, 4 ახალი შემადგენლობა გვეყოლება განახლებული, რეაბილიტირებული, რომელიც უახლოეს მომავალში დაემატება. წლების განმავლობაში არსებობს ეს პრობლემა. 2018-2019 წელს 100 მილიონი დაიხარჯება მეტროში. ეს არის როგორც მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ასევე სიგნალიზაცია, ვინტილაციის პროექტის განხორციელება," - განაცხადა კახა კალაძემ.