თამარ შუკვანი
11.04.2019

 „რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ალბათ მიზეზები აქვთ და ამიტომაც დატოვეს „ოცნება." აღარაფერი მიკვირს; „ქართული ოცნება" ისე იქცევა, დიდი ხნის წინ უნდა დაეტოვებინათ. ბევრი, ვინც შიგნით არის, ალბათ უნდა მიხვდეს, რომ ის ღირებულებები, რაც „ქართულ ოცნებაში" არსებობდა, უკვე დიდი ხანია აღარ არის. თუ ღირებულებებისთვის არიან, უნდა დატოვონ, თუ თბილად ყოფნისთვის, მაშინ უნდა დარჩნენ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვატო შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის მხრიდან „ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილებას.

„რეზონანსი": შესაძლოა თუ არა, ეს „ქართული ოცნების" რღვევის პროცესის გაგრძელებად ჩაითვალოს?

დავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნების" პრობლემები ნაკლებად მაინტერესებს, რადგან „ოცნება" დღეს აღარ არის საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო სუბიექტი. ის ქართველი ხალხის ინტერესებთან უკვე დაპირისპირებაშია შესული. ამიტომ მათი პრობლემები ნაკლებად საინტერესოა მოსახლეობისთვის.

„რ": იმ შემთხვევაში, თუკი ჯიშკარიანი და შაქარიშვილი ეკა ბესელიასთან გაერთიანდებიან, რა შანსები ექნებათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

დ.ჭ: სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვხედავ მათ პოლიტიკურ პერსპექტივას.

„რ": თქვენ რა გეგმები გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

დ.ჭ: არ ვაპირებ არავისთან გაერთიანებას. ვაპირებ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის შექმნას. არავისზე ნაკლები გამოცდილება და ცოდნა არ გამაჩნია ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისათვის.

ყველა ჩართულია გარკვეული ლოკალური მიზნებისთვის ბრძოლაში და დიდ სურათს ჩვენი ქვეყნის მომავლისა, ვერ ვხედავ.

„რ": დღეს „ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესები როგორ ასახვას ჰპოვებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?

დ.ჭ: ყველაფერს გავაკეთებ, რომ არჩევნები 2019 წელს ჩატარდეს. არ მიმაჩნია სწორად, რომ 2020 წლამდე ეს პარლამენტი მივიდეს. დღეს ის დეპუტაცია, რაც საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი, ნამდვილად არ იმსახურებს ჩვენი მოსახლეობის ფულის ფლანგვას 2020 წლამდე.

დღეს „ოცნებაში" ისეთი ხალხი არის დაბანაკებული, რომელსაც არც ღირებულებები, არც იდეალი და არც მომავლის ხედვა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, 2019-ში იქნება თუ 2020 წელს, ეს აბსოლუტურად უპერპექტივო გაერთიანებაა.

„რ": ივანიშვილის ინტერვიუს როგორ შეაფასებდით?

დ.ჭ: პრაქტიკულად, არ შეესაბამება იმ რეალობასა და ინტერესებს, რაც დღეს ქვეყანაშია. აბოლუტურად მიუღებელი იყო ნახევარი საათი მურუსიძის ადვოკატობა.

ის აქცენტები, რომელიც მანამდე ზვიად გამსახურდიასთან მიმართებაში იყო გაკეთებული, აბსოლუტურად აცდენილი არის იმ პათოსთან, რაც ახალგაზრდების საზღვარგარეთ გაშვებას შეეხებოდა. ზვიად გამსახურდია მაქსიმალურად ცდილობდა საქართველოში დაეტოვებინა, ყველას ქართველებისა და საქართველოსთვის ემსახურა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×