სასულიერო პირები, დეპუტატები და მეცნიერები ბილწსიტყვაობის აკრძალვას მოითხოვენ
თამარ შუკვანი
11.04.2019

 „ნებისმიერი ასეთი ინიციატივა, რაც არ უნდა კეთილი განზრახვის უნდა იყოს, აუცილებლად უარყოფით შედეგს მოიტანს. ამიტომ ამ მიმართულებით უნდა იქნას საზოგადოებაც ჩართული. აკრძალვა და ცენზურის დაწესება, რომ ადამიანები ამის გამო 21-ე საუკუნეში გააკონტოლონ, არასწორად მიმაჩნია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას თეოლოგი ლადო ნარსია სასულიერო პირების, დეპუტატებისა და მეცნიერების ერთი ჯგუფის ინიციატივას, რომელიც ბილწსიტყვაობის აკრძალვას ითვალისწინებს.

11 აპრილს სამების ახალგაზრდულ ცენტრში სასულიერო პირების, დეპუტატებისა და მეცნიერების შეკრება გაიმართა, სადაც ბილწისტყვაობის შეზღუდვასა და რეგულაციების დაწესებაზე იყო საუბარი. შეკრებილები პირდაპირ ეთერში და სოციალურ ქსელში ბილწსიტყვაობის აკრძალვას მოითხოვენ. შეკრება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გადაიღო.

ნარსია აცხადებს, რომ მსგავსი ცენზურის შემოღება და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა ნეგატიურ შედეგს მოიტანს და მსგავს რეგულაციაზე საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იქნება.

„საინტერესოა, რა ინიციატივით გამოდიან და ინიციატივის შინაარსი რაში მდგომარეობს. თუ ფიქრობენ იმ საკითხზე, რაც უკვე გავიარეთ და შესაბამისი რეაქციაც გვქონდა, რომ დაწესდეს გამოხატვის თავისუფლებაზე კონტროლი და გარკვეული ტიპის ცენზურა, ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება და ნებისმიერი ასეთი ინიციატივა რამდენიმე ადამიანის მსჯელობის საზღვრებში დარჩება. მათ შეიძლება ჰქონდეთ სურვილი, ამიტომ შეუძლებელია ეს პოლიტიკის საგნად იქცეს და სამართლებრივ რეგულირებას დაექვემდებაროს.

„არ მინდა ყველაფერთან მაინცდამაინც ასოციაციები გაჩნდეს, რაც ძირითადად სხვა სახელმწიფოების პრაქტიკას უკავშირდება, როგორიც არის თუნდაც ჩრდილოეთ კორეა. ისე, მსგავსი ტიპის ინიციატივები და რეგულაციები რუსეთსაც გააჩნდა," - განაცხადა ლადო ნარსიამ.

თეოლოგი გოგი ყიფიანის თქმით, რომელიც ცენტრში სიტყვით გამოვიდა, კომისიამ არაერთხელ მიმართა პარლამენტს, ჩაეწერა, რომ კონსტუტუცია საზოგადეობრივი მორალის სტანდარტებს იცავს, მაგრამ პარლამენტმა ეს არ ჩაწერა.

„საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებებით ხდება აგრესიის, ძალადობის დამკვიდრება საზოგადოებაში. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ეთერში ბილწსიტყვაობას, ცილისწამებას. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ისეთი ფილმები როგორიც არის „ნათლიმამა", „ კარლიტოს გზა", „ნაიარევი სახე", რომელმაც ეს საზოგადოება აქცია კრიმინალებად და რომანტიული გახადა კრიმინალური ცხოვრება," - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×