"ოცნებაში" ივანიშვილის შემდეგ ერთადერთი გავლენიანი ფიგურა დარჩა - კახა კალაძე. საინტერესო ის არის, კალაძე თუ დარჩება ივანიშვილის გვერდით, თორემ კობახიძე თავისი ზარდიაშვილებით, მათიკაშვილებით და ვიღაცებით იქნება თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს... თუ არ რჩება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, პროცესი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და 2020 წელს "ქართული ოცნება" როგორც მოქალაქეთა კავშირი 2003 წელს, აბსოლუტურად გაკოტრებული მივა არჩევნებამდე," - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილი და "შენების მოძრაობის" მოქმედი წევრი ანი მიროტაძე.
"რეზონანსი": ბესელიას ჯგუფის შემდეგ "ოცნება" დატოვა პარტიის 2-მა წევრმა თბილისის საკრებულოდან. თქვენი აღქმით, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება და "ოცნებიდან" სხვებიც წავლენ?
ანი მიროტაძე: პარტიაში კობახიძის გუნდსა და დანარჩენებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს გარდაუვალია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აბსოლუტური შეუთავსებლობაა ღირებულებებში, ფასეულობებში, ხედვებში, პოლიტიკურ გემოვნებაში და ა.შ.. თუმცა, მე მგონია რომ მთავარი ამბები გველოდება წინ.
"რ": რა ამბავი?
ა.მ: პარტიაში ივანიშვილის შემდეგ ერთადერთი გავლენიანი ფიგურა დარჩა - კახა კალაძე. საინტერესო ის არის, კალაძე თუ დარჩება ივანიშვილის გვერდით, თორემ კობახიძე თავისი ზარდიაშვილებით, მათიკაშვილებით და ვიღაცებით იქნება თუ არა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ, ამ ადამიანებს არც პოლიტიკური ბექგრაუნდი აქვს და არც პოლიტიკური წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთადერთი კითხვაზეა პასუხი გასაცემი - რჩება თუ არა ივანიშვილის გვერდით კალაძე. თუ არ რჩება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, პროცესი იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და 2020 წელს "ქართული ოცნება" როგორც "მოქალაქეთა კავშირი" 2003 წელს, აბსოლუტურად გაკოტრებული მივა არჩევნებამდე.
ეს პოლიტიკური გუნდი არის აბსოლუტურად უსახური. ვერავინ დამაჯერებს, რომ ივანიშვილს არ ჰქონდა წარმოდგენა, როგორ პოლიტიკურ გუნდს კრებდა, რადგან ის ქორწილში დასაპატიჟებელი ადამიანების სიას არ კრებდა, არამედ პარლამენტის წევრებს.
"რ": თქვენი აზრით, სინამდვილეში "ოცნებიდან" რატომ მიდიან? მართლაც მოსამართლეები არიან მიუღებლები, თუ ეს საბაბია და რეალურად ნახეს, რომ მომავალ სიაში ვერ მოხვდებოდნენ?
ა.მ: მთლად ასე არ ვიტყვი, თუმცა ცხადია, ეს ადამიანები, ოღონდ სახელებისა და გვარების გარეშე ვისაუბრებ, რომლებსაც წლების განმავლობაში არ გასჩენიათ პროტესტი სასამართლო რეფორმის, ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით ყველაფერი კარად არ იყო, ისინი მხარს უჭერდნენ ამას, ცხადია, მათ გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. არ ვგულისხმობ ლევან გოგიჩაიშვილს, ის ჩემს დროს არ ყოფილა პარლამენტში და არ ვიცი. ცალსახად არ ვამტკიცებ იმას, რომ თავიანთი ადგილი ვერ დაინახეს სამომავლოდ ივანიშვილის გვერდით. თუმცა ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, კობახიძის გუნდის გაძლიერება, ყოველ შემთხვევაში მათ მცდელობას ვგულისხმობ, ასეთ შემთხვევაში კობახიძის გუნდს გარეთ მყოფებს, ბესელიას, ფოფხაძეს და სხვებს ნაკლები შანსები ექნებოდათ.
"რ": ანუ, შესაძლოა პროცესები ისე წავიდეს, რომ ივანიშვილი და კობახიძის ჯგუფი დარჩნენ მარტო პარტიაში?
ა.მ: თუ დაინახეს, რომ ივანიშვილს გვერდით ყოფნა მომგებიანი არ არის, წავლენ. ივანიშვილისადმი ერთგულების ნიშნით შეიძლება მხოლოდ ენძელა მაჭავარიანი დარჩეს და კიდევ რამდენიმე.
"რ": უკმაყოფილების მთავარი თემა მურუსიძის სასამართლოში ყოფნაა და ამ დროს ვხედავთ, როგორ თავგამოდებით ცდილობს ივანიშვილი მურუსიძე გაამართლოს. ისიც კი თქვა, რომ შავუგილიძის არასწორი ქმედების გამო ვერ შეძლო მურუსიძემ კარგი გადაწყვეტილების მიღება გირგვლიანის საქმეზე. რაში სჭირდება, რას იგებს ივანიშვილი მურუსიძის ასეთი ქებით?
ა.მ: ემოციურად თუ შევხედავთ, ძალიან მეცოდება, იმიტომ რომ ძალიან აღრეული ჰქონია ივანიშვილს ღირებულებები. სრულიად ერი თანხმდება, რომ ანტიგმირია მურუსიძე და მასზე გადაფარება დააზიანებს ყველას. არ ვიცი, ამას რატომ ვერ ხვდება და თუ ხვდება და მაინც აკეთებს, გამოდის რომ რაღაცის მძევალია, ან რაღაც ვალი აქვს ამ ხალხის. წარმოუდგენელია ასეთ ანტიგმირებზე გადაფარებით იყოს დაკავებულ ქვეყნის მმართველი. სასამართლოს გაკონტროლებისთვის სჭირდება ეს ხალხი, რომლებიც გამოცდილები არიან იმაში, როგორ უნდა იყვნენ მართულები. ამაზე კარგ ხალხს სად იპოვის? მას სჭირდება ეს ანტიგმირები, რომლებიც ბევრად უკეთესად მართულები იქნებიან მის მიერ.