"არც ივანიშვილმა და არც სააკაშვილმა არ იციან 21-ე საუკუნის პოლიტიკური კულტურა და როგორ იმართება თანამედროვე სახელმწიფო, ამიტომ ჩვენი მიზანია დავიწყოთ ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა და ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდეს" - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": ივანიშვილმა თავის ინტერვიუში მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ მმართველ გუნდში ყველაფერი დალაგდა და რომ "ოცნებას" მომავალ არჩევნებში პრობლემები არ ექნება. თქვენ როგორ ხედავთ "ოცნების" მომავალს?
კახა კუკავა: ივანიშვილის ინტერვიუ საინტერსო არ არის, საინტერესოა საზოგადოების რეაქცია, რომელმაც დაინახა, რომ პრობლემა თავად ივანიშვილშია. ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის იყო ლიდერი, დღეს მისი ინტერვიუ დადებითად მხოლოდ ორმა ადამიანმა შეაფასა, კობახიძემ და ზარდიაშვილმა.
რაც შეეხება მის განცხადებას, რომ მმართველ გუნდში ყველაფერი დალაგდა და "ოცნებას" მომავალ არჩევნებში პრობლემები არ ექნება, რეალობა ისაა, რომ მმართველ გუნდს ადრე თუ გრიპი ჰქონდა, დღეს ძლიერ ავადაა და რაც უფრო გადაავადებს მკურნალობას, შედეგი უფრო რთული იქნება. ანუ თუ ჯიუტად გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი კარგადაა, ვერც პოლიტიკურ გავლენას შეინარჩუნებს და ისე დაამთავრებს, როგორც 2003 წელს შევარდნაძემ დაამთავრა, 2012 წელს კი სააკაშვილმა. დღეს "ოცნება" დგას მხოლოდ იმის იმედად, რომ თავად საზოგადოებაში არ არის კონსენსუსი, ვინ შეცვლის ივანიშვილს, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი იქნება ალტერნატივა, გამოჩნდება სერიოზული ძალა და ლიდერი, ეს ხელისუფლება კონკურენციას ვერ გაუძლებს.
"რ": ოპოზიციის შანსებზე რას იტყვით, იმედი აქვთ, რომ შუალედურ არჩევნებს მოიგებენ?
კ.კ: შუალედური არჩევნები გადამწყვეტი ფაქტორი არ არის, თუმცა ზუგდიდის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ზუგდიდი პოლიტიკურად აქტიური ქალაქია. აქ ერთმანეთს მხოლოდ ორი კანდიდატი უპირისპირდება და არ არის გამორიცხული რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი ოპოზიციის კანდიდატს დაუჭიროს. ისე, არც ოპოზიციაა მყარი და ლიდერთა გარკვეული ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ მიშას გარეშე არაფერი გამოვა და მას შესციცინებენ თვალებში. სააკაშვილის ფაქტორი არსებობს, თუცმა პრობლემა თავად მასშია. იგი საკუთარ პარტიას ვეღარ აკონტროლეს და რომ იტყვიან, ვერც ვერაფერი ისწავლა და ვერც ვერაფერი დაივიწყა. მის ინტერვიუსაც ვუსმინე, ის დარჩენილია 2007 წელში, არცერთი შეცდომა არ უღიარებია და ისევ დაჭერებზე ლაპარაკობს. ამან კი შეიძლება მისი დაბრუნების შემთხვევაში ახალი სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.
ფაქტია, რომ არც ივანიშვილმა და არც სააკაშვილმა არ იციან 21-ე საუკუნის პოლიტიკური კულტურა და არც ის, როგორ იმართება თანამედროვე სახელმწიფო, ამიტომ ჩვენი მიზანია, დაიწყოს ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა და ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდეს.