თამთა ჩაჩანიძე
12.04.2019

 უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატებმა პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ ზელენსკიმ პირდაპირ ეთერში ერთმანეთი ლანძღეს. ეს მაშინ მოხდა, როცა პოროშენკომ ტელეკომპანია "1+1"-ში გამოსვლისას თავისი კონკურენტი სტუდიაში დებატებისთვის მიიწვია.

ზელენსკი უმალ ჩაერთო ტელეფონით სტუდიაში და პოროშენკო უღირს საქციელში დაადანაშაულა. თქვა, რომ პოროშენკომ მშვენივრად იცოდა, ის ამჟამად უკრაინაში არ იმყოფებოდა და ცხადია, სტუდიაში ვერ მივიდოდა.

"უცნაურია, რომ იგი მე მიწვევს ტელეკომპანია "1+1"-ში დებატებისთვის. პოროშენკომ ძალიან კარგად იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი, რადგან აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურის მანქანებმა "მიმაცილეს"." - თქვა სტუდიაში ტელეფონით ჩართვისას შოუმენმა.

"პოროშენკომ გაიხსენოს, რომ მთავარ დებატებში 19 აპრილს "ოლიმპიისკის" სტადიონზე მე მივიწვიე, ის დამთანხმდა პირობებზე. მე ჩემს მოწინააღმდეგეს ვთხოვე, ნუ მიწოდებდა ნარკომანს და "ბიდლოს", მაგრამ არაფერია საგანგაშო, ჩვენ, უბრალო ხალხს, შეგვიძლია ეს შეურაცხყოფა გადავყლაპოთ," - განაცხადა ზელენსკიმ

პოროშენკომ კი უპასუხა, რომ არ აჰყვება ოპონენტს პროვოკაციებში. კანდიდატებმა დაიწყეს პირდაპირ ეთერში ურთიერთლანძღვა და ერთმანეთს საუბარში ხელს უშლიდნენ. მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკის მოსმენისკენ მოუწოდა, შოუმენმა კი უთხრა, რომ ხუთი წელი ხალხი მას უსმენდა და ეს უკვე საკმარისია.

შეგახსენებთ, რომ პოროშენკო-ზელენსკის დებატების თარიღი, რომელიც სტადიონზე უნდა გაიმართოს, კვლავ შეუთანხმებელია. ზელენსკი ამის ჩატარებას 19 აპრილს ითხოვს, პოროშენკო კი 14-ში.

უკრაინაში 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, სადაც კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი სხვაობით მოუგო მეორეზე გასულ პოროშენკოს. ბოლო გამოკითხვით, მეორე ტურის წინ მოქმედი პრეზიდენტი ოპონენტს კატასტროფული, 30%-იანი სხვაობით, ჩამორჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×