თამარ შუკვანი
12.04.2019

 „სამწუხაროდ, პროცესი რადიკალიზაციისკენ მიდის. ეს არ არის მხოლოდ თბილისში, საკრებულოებსა და პარლამენტის შენობაში. პროცესი ნელ-ნელა საზოგადოებაზეც გადადის და ყველაზე ცუდი, რაც ხდება, საზოგადოების დიფერენცირებაა. ამას ხელს უწყობს გარკვეულწილად ტელევიზიებიც," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე დღეს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა" და"ქართული ოცნების" წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

ძაბირაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას" 2003 წლის რევოლოციის 2020 წელში გადმოტანა სურს, რაც სახელმწიფოსთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. მისი თქმით, თუ დღეს მიმდინარე პროცესები გაგრძელდება, სამოქალაქო დაპირისიპირებას მივიღებთ.

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და მითუმეტეს იმ კომბინაციამდე მივიდეს, რომ დიალოგი ამ ორ სუბიექტს შორის შეუძლებელი გახდეს. ჩვენ უკვე ისეთ ვითარებაში ვართ, თუკი პროცესები ასე წავიდა, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირება მივიღოთ გაცილებით ადრე, ვიდრე არჩევნები ჩატარდება.

„არჩევნები შესაძლოა აღმოჩნდეს დამაგვირგვინებელი ფაზა. გარკვეული ძალები, ამ შემთხვევაში უფრო „ნაციონალური მოძრაობა," ცდილობს 2003 წლის ვითარების რეამინირებას, მაგრამ მაშინ სხვა მდგომარეობა გვქონდა და 2003 წლის 2020 წელში გადმოტანა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

„პირველ რიგში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში, მაგრამ საზოგადოება და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, უნდა იყოს გაცილებით ფხიზლად, რომ ისევ არ მივიღოთ ახალი სამოქალქო დაპირისპირება," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისათვის, დღეს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა" და „ქართული ოცნების" წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც „ნაცმოძრაობის" წევრი როინ ზიოძე დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანება სახის არეში მიაყენეს.

ბათუმის საკრებულოში ამ ორ მხარეს შორის დაპირისპირებას მანამდეც ჰქონდა ადგილი, სადაც ერთმანეთს ფიზიკურად „ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე და „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი პატარაძე დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოში პატარაძემ მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაგეგმილი იყო პროზაიკოს ტერენტი გრანელის ბიუსტის განთავსება, რაზეც ქამადაძემ შესწორება გაუკეთა, რომ გრანელი პოეტია. აღნიშნულს პატარიძის გაღიზიანება მოჰყვა და ისინი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგად კი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×