ეკატერინე ბასილაია
12.04.2019

 ოკუპირებული გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია აცხადებს, რომ გალში მცხოვრებმა ქართველებმა რუსული ენა აუცილებლად უნდა ისწავლონ, სხვა შემთხვევაში იძულებულები იქნებიან ტერიტორია დატოვონ.

„თუკი გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება, იძულებული იქნება ეს ტერიტორია დატოვოს. ქართველებს იმდენად სძულთ რუსები და რუსული ენა, რომ ამბობენ, - ასწავლეთ აფხაზური. ჩვენ აფხაზურსაც ვასწავლით, მაგრამ აფხაზური ენა ერთ-ერთი ყველაზე რთულია და მისი ცოდნითაც კი, აფხაზეთში საკუთარი თავის რეალიზებისთვის რუსული უნდა იცოდე. აქ ყოველთვის რუსულად საუბრობდნენ, იმიტომ რომ ჩვენ მრავალეროვანი რესპუბლიკა ვართ, რუსული კომუნიკაციის ენაა", - განაცხადა ნადარაიამ აფხაზურ მედიასთან ინტერვიუში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოხუმის რეჟიმი გალის ქართულ მოსახლეობას აიძულებს რუსული ენაზე ისაუბროს.

ამჟამად გალის რაიონში ფუნქციონირებს 30 სკოლა. ამ 30 სკოლიდან მხოლოდ გალის ე.წ. ქვედა ზონაში დარჩენილია 10 სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ქართული სკოლის სტატუსს, თუმცა იქაც 1-დან 7 კლასის ჩათვლით სწავლება მთლიანად რუსულ ენაზეა, მხოლოდ 8-11 კლასებში შენარჩუნებულია ქართული სწავლება და 4 წელიწადში ეს 10 სკოლაც მთლიანად რუსულენოვანი გახდება. გალის რაიონში ქართული სკოლების რუსულად გადაკეთება 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო.

ამ სკოლებში ჯამში ირიცხება 4 108 მოსწავლე და დასაქმებულია 754 მასწავლებელი. მოსწავლეების 98% არის ქართველი. ასევე მასწავლებლების 90% არის ეთნიკური ქართველი და სათანადოდ არ ფლობს რუსულ ენას.

შერიგებისა და თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა ნაირა ამალიას „კულტურის და განათლების საკითხების კურატორად" დანიშვნის შემდგომ.

„აფხაზური და რუსული ენის არმცოდნე მასწავლებლებს ემუქრებიან გათავისუფლებით. იკრძალება საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული ქართული სახელმძღვანელოებით სწავლება და მათი შეტანა. ხშირად ეწყობა ადგილობრივი ე.წ. უშიშროების სამსახურების წარმომადგენლების ე.წ. „რეიდები" საბავშვო ბაღებში და სკოლებში. გალის რაიონის მოქმედ ქართველ მასწავლებლებს აიძულებენ რუსულ ენაში გადამზადებას და პერიოდულად უტარებენ ტესტირებას", - განაცხადა ციხელაშვილმა.

გალის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონიას თქმით, აფხაზი ჩინოვნიკების მხრიდან მუქარა და ქართულენოვანი სწავლების იძულებით შეწყვეტა უკვე კარგა ხანია დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში.

ის ამბობს, რომ გალის რაიონი დაიყო ქვედა და ზედა ზონებად და თავდაპირველად ე.წ. ზედა ზონის ქართული სკოლები გადააკეთეს რუსულად.

„უშუალოდ ქალაქ გალში და მაღალმთიან სოფლებში, ე.წ. ზედა ზონაში ქართული სკოლების რუსულად გადაკეთება დაიწყო 1994 წლიდან. ჯერ რუსულეონოვანი დაწყებითი კლასები გახსნეს და ამ პრინციპით განდევნეს ქართული კლასები. ყველა კლასში ქართული ენა დარჩა როგორც ერთ-ერთი უცხო ენა და ეთმობა კვირაში მხოლოდ თითო-თითო საათი - ერთი საათი ენას და ერთი საათი ლიტერატურას. ასეთი სულ 9 სკოლაა. 2008 წლის ომის შემდეგ კი ტყვარჩელის და ოჩამჩირის მხარეში მოქცეულ ქართულ სკოლებში ერთბაშად, მთლიანად აიკრძალა ქართულენოვანი სწავლება და საერთოდ, უცხო ენადაც აღარ დატოვეს და კვირაში ერთ საათიც არ ეთმობა ქართულ ენას,"- ამბობს შონია.

რაც შეეხება გალის ე.წ. ქვედა ზონას. აქ 2016 წლამდე 11 სკოლა ინარჩუნებდა ქართული სკოლის სტატუსს, თუმცა ამ სკოლების რუსულად გადაკეთება 2015-2016 წლის სასწავლო წლიდან დაიწყო, როდესაც 1-4 კლასები ერთბაშად რუსულ სწავლებაზე გადაიყვანეს. ასევე გაუქმდა ერთი სკოლაც - თაგილონის სკოლა.

„დღეის მდგომარეობით, ე.წ. ქვედა ზონაში თაგილონის საბაზო სკოლა გაუქმდა და დარჩენილია 10 სკოლა, სადაც 1-7 კლასები რუსულენოვანია, 8-11 კლასებია ქართული და 4 წელიწადში ქართული კლასები საერთოდ არ იარსებებს გალის რაიონში და ყველა სკოლის სტატუსი რუსული სკოლა იქნება. ყველა სკოლა იძულებით გადაიყვანეს რუსულეონოვან სწავლებაზე, მიუხედავად ამისა მასწავლებლები ქართველები არიან დარჩენილები და მუდმივად არის მუქარა, რომ მასწავლებლებმა რუსული უნდა იცოდნენ და გაკვეთილები რუსულად უნდა ჩაატარონ. „გადაამზადეს" კიდეც რუსულ ენაში,"- ამბობს შონია.

მისი თქმით, რაც გუდაუთელი ნაირა ამალია დაინიშნა გალში განათლების „კურატორად", სკოლებში წნეხი გაძლიერდა - ამოწმებს სკოლებს, ბაღებს და ბავშვებს უკრძალავს არა მხოლოდ ქართულად სწავლებას, არამედ გაკვეთილების გარეთ ქართულად და მეგრულად ლაპარაკსაც კი. მასწავლებლებს კი ემუქრება, რომ თუ მოთხოვნებს არ დაიცავენ და მშობლიურ ენაზე ილაპარაკებენ, მათ გაათავისუფლებენ და აფხაზი მასწავლებლებით ჩაანაცვლებენ.

კონფლიქტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, მშობლიურ ენაზე სწავლის და ლაპარაკის აკრძალვა, ეს აპარტეიდის გაგრძელებაა.

„არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე იქამდე მივიდეს საქმე, ქართველი მასწავლებლები გაუშვან სკოლებიდან, თუ უფრო ღრმად არ შეტოპა აფხაზურმა რეჟიმმა. მე ასევე არ ვფიქრობ, თუ გალის მოსახლეობა რუსულსაც ისწავლის, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე ცუდი გალში რაც ხდება ისაა, რომ აკრძალვაა ქართულად სწავლაზე. ქართულად სწავლა რომ ყოფილიყო, მაშინ არანაირ პრობლემა არ იქნებოდა იგივე რუსულად სწავლებაზე, მაგრამ როდესაც მშობლიურ ენაზე სწავლას გიკრძალავენ, ეს უკვე აპარტეიდია,- აცხადებს ცქიტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×