ელზა პაპოშვილი
12.04.2019

 ხმაური და გაწევ-გამოწევა ზუგდიდში - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ამომრჩეველთან შეხვედრა უკვე ორი დღეა დაპირისპირების ფონზე  გრძელდება.  „ნაციონალები“ ამბობენ, რომ მათ „ოცნების“ ე.წ. ტიტუშკები დასდევენ და მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელს უშლიან. ამიტომ მათ  სიმბოლურად 5-ლარიანი გადასცეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ "ტიტუშკები" ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან იმ დროს მივიდნენ, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავდა და ამ შეხვედრის ჩაშლა სცადეს.

"ოცნების" მომხრეები შეხვედრაზე დასწრებას ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ მერობის კანდიდატთან კითხვების დასმა სურდათ. თუმცა, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მესამე სექტორსა და სანდრა რულოვსს შორის მიმდინარე შეხვედრაზე შესვლის უფლება არ მისცეს. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში ყველა გამოკითხვების მიხედვით არცევნებს აგებს და ისტერიკაშია. ის პოლიციის უფროსს ავალებს, რომ სანდრა რულოვსის და „ნაციონალების“ ყველა გადაადგილება პირად კონტროლზე აიყვანოს. სანდრა რულოვსი კი ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ყურადღება მიაქციონ და ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო არ დაძაბონ. 

ვითარება ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში  11 აპრილს მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. როგორც მისი მომხრეები ამბობენ, მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ გაერთიანებული ოპოზიციის სამი წევრი დააკავა. მათ აყვანაში ზუგდიდის პოლიციის უფროსიც მონაწილეობდა. 

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მანუჩარ ჩხეტია ყველა სანქციის გარეშე გაათავისუფლონ. გუშინ ღამემდე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ვიყავით, აბრალებენ ხულიგნობას და დაუმორჩილებლობას, რაც სისულელეა. ორი კვირაა სამეგრელოში ვარ და გადაცმული პოლიციელები მანქანებით დაგვდევენ. პროვოკაციებს გვიწყობენ და მოსახლეობასთან შეხვედრას გვიშლიან. ეს არის დაუშვებელი და სამარცხვინო. 

როცა წუხელ მივიდნენ  ჩვენები საკითხავად, ვინ იყვნენ, იმის მაგივრად, ისენი დაეკავებინათ, ვინც უკანონდ გვითვალთვალებდა, ჩვენი ხალხი დააკავეს. ორი გამოუშვეს, მაგრამ ერთი დატოვეს. ეს დაუშვებელია, ვერავინ შეგვაჩერებს და ჩვენს კამპანიას გავაგრძელებთ. ხალხი უკვე ძალიან განერვიულებულია, როდესც ასეთ ტერორს უყურებენ. მოსალოდნელია კიდევ სიტუაციის უფრო დაძაბვა. ვითხოვ მთავრობას და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს, ამ პროცეეს კარგად გადახედონ, რადგანაც ასე მუშაობა შეუძლებელია“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.  

ოპოზიციამ გაასაჯაროვა ფოტოები, რაც, მათი აზრით, ამტიკიცებს, რომ სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის ჩაშლას პოლიციები ცდილობდნენ და ამას ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა მურღულია ხელმძღვანელობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სანდრა რულოვსის შეხვედრებზე ოპოზიციამ ფარული თვალთვალი დააფიქსირა. ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ ამ დროს გააგზავნა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელმა ა.კ. მესიჯი პოლიციის უფროსის მოადგილესთან "მაშინ გამოვალთ და გამოსასვლეთან დავდგებით, იქ გამოივლიან. გვიღებენ, აუუუ". მესიჯის საპასუხოდ კი პოლიციის მაღალჩინოსანმა მურღულიამ მისივე თანამშრომელს უპასუხა "ყლ... ჭამონ" 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენლი, ლევან ნატროშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს , რომ მნიშვნელოვანია გუშინ ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების დაკავებაზე გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და ისეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რომელიც არ დატოვებს კითხვებს, რომ ვიღაცას პოლიტიკური ნიშნით სდევნიან. მისი თქმით, ეს შემთხვევა არც პირველი და არც უკანასკნელია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კვლევებში განსაკუთრებით ფრთხილად იყვნენ სამართალდამცავი უწყებები, რათა ხელოვნურად არ მოხდეს წინასაარჩევნო პროცესების დაძაბვა და ამით ჩრდილი არ მიადგეს არჩევნების შედეგებსა და საარჩევნო პროცესს. ნატროშვილი ამბობს, რომ თითქმის ყველა არჩევნებზე ერთიდაიგივე ხდება, განსაკუთრებით კი სამეგრელოს რეგიონში. 

„გამონაკლისი ეს არჩევნებიც არ აღმოჩნდა,  რა თქმა უნდა,  გარკვეული ინციდენტები იქნება. ამ შემთხვევაში რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი, რადგან ინციდენტის აღწერისას სხვადასხვა მხარე სხვადასხა ვერსიას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შემთხვევები მაქსიმალურად იქნას გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მხრიდან ისე, რომ პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით არ გაჩნდეს კითხვები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კანდიდატს ზოგადად, პოლიციამ ხელი არ შეუშალოს საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში“, - აცახდებს ნატროშვილი 

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებიც და კანდიდატებიც უფრო მეტად მობილიზებულები და ფრთხილები უნდა იყვნენ იმისთვის, რომ გარკვეულ შემთხვევებში სიტუაციის გამწვავებისგან თავი შეიკავონ.  მისი აზრით, ზუგდიდის ფაქტთან დაკავშირებით  ვინ იყო მტყუანი და ვინ  მართალი, რთული დასადგენია, ვინაიდან არ არსებობს კონკრეტული ვიდეომტკიცებულება და მხოლოდ  "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციები ვიცით.  სწორედ ამიტომ ნატროშვილი ფიქრობს, რომ გამოძიება ობიექტური უნდა იყოს. 

ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცავების მიერ დაკავებული და მოგვიანებით გათავისუფლებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ანი წითლიძე და გიორგი პატარაია წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

ოპოზიციას და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების დროს მანუჩარ ჩხეტიასთან ერთად დააკავეს ოპოზიციის ორი წევრი, გიორგი პატარაია და ანა წითლიძე, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. პატარაიას და წითელაძის  შეფასებით, ოპოზიციის წევრების დაკავება ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციაა, რადგან მმართველი ძალა აცნობიერებს, რომ ისინი არჩევნებს წააგებენ.

„მთელი დღის განმავლობაში იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები, ეს ყველაფერი დაიწყო დილიდან, როდესაც ქალბატონ სანდრას ჰქონდა შეხვედრა სოფელ ჭითაწყარში, სადაც ადგილობრივებს ხვდებოდა და მოაგზავნეს კრიმინალები, ეცადნენ შეხვედრის ჩაშლას, არ გამოუვიდათ... მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობდა გარკვეულ პროვოკაციებს და ეს ერთადერთზე მიანიშნებს, რომ სანდრა რულოვსი იგებს ზუგდიდში, ხელისუფლება არის წარმოუდგენელ პანიკაში, მაგრამ ინდა დავარწმუნო, რომ ასეთი ქმედებები დაშინება, დაკავება ჩვენი წევრების ნამდვილად ვერ იმოქმედებს მათზე დადებითად,“ - განაცხადა გიორგი პატარაიამ. 

 „ქართული ოცნების“ მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დასახელებული გიორგი შენგელიას საარჩევნო რულოვსის შტაბის წარმომადგენლებს სპეკულაციასა და პროვოკაციაში ადანაშაულებს. „ოცნების“ შტაბის წარმომადგენელმა მამუკა წოწერიამ უარყო „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები, რომ სანდრა რულოვსს პარტია „ქართული ოცნების“ წევრები უთვალთვალებენ.

მისი თქმით, ხალხი, ვისთანაც ოპოზიციას კონფლიქტი მოუვიდა, ის ადამიანები არიან, რომლებიც ნაციონალების მმართველობისას დაზარალდნენ.

"ჩემი ინფორმაციით, შეკითხვები, რომელიც დაისვა გარკვეული პირების მიერ, იყვნენ მათი რეჟიმის მსხვერპლნი და აქვთ ლეგიტიმური უფლება დასვან მწვავე შეკითხვები და მიიღონ პასუხი" - განაცხადა მამუკა წოწერიამ.     

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×