ბელარუსსა და რუსეთს შორის განცხადებებით კონფლიქტი გრძელდება. ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთში უკვე იმდენად გათავხედნენ, რომ ხელებს უგრეხენ.
ლუკაშენკო აღშფოთებულია იმით, რომ მოსკოვი სანქციებით რუსულ ბაზარს უკეტავს ბელარუსის ზოგიერთ პროდუქტს.
„სიკეთე, რომელსაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისთვის ვაკეთებთ, მუდმივად ბოროტებით გვიბრუნდება. იქ უკვე იმდენად გათავხედდნენ, ხელების გრეხვა დაგვიწყეს", - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა. მის განცხადებას ბელარუსული სააგენტო „ბელტა" ავრცელებს.
„ბოლო დროს ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი ბელარუსის წინააღმდეგ სულ უფრო და უფრო მეტ სანქციას აწესებს. თვითონვე სანქციების ქვეშ არიან და ამავე დროს მოკავშირეებს იგივე ხერხით ებრძვიან. თუ ნავთობსადენების რემონტია საჭირო, შეაჩერეთ ნავთობის ტრანზიტი და დაიწყეთ რემონტი, რადგან სიკეთე, რომელსაც რუსეთისთვის ვაკეთებთ, ყოველთვის ბოროტებით გვიბრუნდება... ხან ერთი დაწესებულება დაკეტეს, ხან მეორე. შემდეგ ხან სტაფილო არ მოეწონათ, ხან სალათი, ხან კიტრი. ზოგჯერ ისინი ეჭვობენ, რომ ჩვენ რაღაცას ვაწვდით სხვა ადგილიდან. ყოველ დღე იხურება ჩვენი საწარმოები. ჩვენ გვიხურავენ ბაზარს", - განაცხადა ლუკაშენკომ.
პასუხი მოსკოვიდანაც გაისმა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის ემოციურ განცხადებებს და პრეტენზიებს არ ეთანხმებიან და მათი აზრით, განცხადების ტონი უნდა შეესაბამებოდეს ორ ქვეყანას შორის მოკავშირეობის ურთიერთობებს.
„ჩვენ ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ეს ყველაფერი შეიძლება, რამენაირად ასოცირდებოდეს სანქციებთან ან ხელების გადაგრეხვასთან", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისათვის, „როსსელხოზნადზორმა" ბელარუსიდან რუსეთში ვაშლისა და მსხლის იმპორტი დროებით აკრძალა, ყალბი ფიტოსანიტარული სერტიფიკატის გამო. აკრძალვა 12 აპრილიდან შევიდა ძალაში და როგორც უწყებაში განმარტავენ, შენარჩუნდება შექმნილი სიტუაციის დარეგულირებამდე.
"როსსელხოზნადზორმი" მინსკს ასევე აკრიტიკებს იმის გამო, რომ ბელარუსიდან რუსეთში ევროპის ის პროდუქტები შედის, რაც ემბარგოს ქვეშაა.
საგულისხმოა ის, რომ მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ „სისულელე" უწოდა საუბარს, რომ რუსეთი ბელარუსს „კვებავს".
ლუკაშენკოს თქმით, რუსეთის ამ აგრესიამ მიყვანა იქამდე, რომ მინსკი იძულებულია დასავლეთთან თანამშრომლობა გააფართოვოს.
„ბაზარზე ჩვენს პროდუქტებს არ უშვებენ, პარაზიტებს გვიწოდებენ, ზეწოლას ახდენენ, სადაც კი შეუძლიათ," - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამავე დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ნორმალური რომ იყოს, ევროკავშირთან შეთანხმების აუცილებლობა არ დადგებოდა.