„პირველ ტურში ვერ გამოვლინდება გამარჯვებული... ოპოზიცია სერიოზულად ეძებს ისეთ კანდიდატს, რომელიც ხაჯიმბას გაუმკლავდება", - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთის დე ფაქტრო რესპუბლიკაში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები.
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სეპარატისტულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს გაიმართება, ხოლო კანდიდატების რეგისტრაცია კი 22 მაისიდან იწყება.
დე ფაქტო პარლამენტმა საარჩევნო პროცედურებში გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა. კერძოდ, 21 ივლისს „საარჩევნო უბნებზე" აღარ მოხდება ამომრჩევლის მარკირება და ბიულეტინში ყველა არასასურველი კანდიდატის გადახაზვის ნაცვლად (რჩებოდა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელსაც ამომრჩეველი ხმას აძლევდა), სავალდებულო ხდება სასურველი კანდიდატის მონიშვნა.
„რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო რჩევნები, სავარაუდოდ, ერთი ტურით არ შემოიფარგლება და რაულ ხაჯიმბას „პრეზიდენტის" პოსტისთვის ძლიერ მოწინააღმდეგეს წარუდგენს ოპოზიცია:
„მგონია, რომ პირველ ტურში ვერ გამოვლინდება გამარჯვებული. მკაფიოდაა გამოკვეთილი სიტუაცია, რომლის თანახმადაც გაიმართება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - მე ასე მგონია.
„მერე ვნახოთ რაც იქნება. ალბათ, მეორე ტურში გავა ხაჯიმბა და რომელიმე სხვა კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი ექნება - ოპოზიცია სერიოზულად ეძებს ისეთ კანდიდატს, რომელიც მეორე ტურში გაუმკლავდება ხაჯიმბას", - განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, „არჩევნების" მსვლელობისას ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ აფხაზეთში არეულობა დაიწყოს, რადგან ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებით სეპარატისტული ხელისუფლება შეეცდება, რომ მსოფლიოს თავისი ცივილიზებულობა დაუმტკიცოს:
„არ მგონია, რომ რამე არეულობა მოხდეს. აფხაზეთში როგორ იქნა მიაღწიეს იმას, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩვნები ტარდება დროულად. აქამდე ყოველთვის რევოლუციები, სიკვდილი და გადაგდებები იყო ხოლმე.
„ახლა კი ყველა დაინტერესებულია იმით, რომ მსოფლიოს შეუქმნან განცდა, რომ ისინიც ცივილიზებული ხალხია და ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩაატარონ არჩევნები მშვიდად", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.