„არ მგონია პარლამენტმა შალვა შავგულიძის წინადადება გაიზიაროს", - ასეთ კომენტარს აკეთებს იურისტი ლია მუხაშავრია „თავისუფალი დემოკრატებისა" და „ევროპული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა მის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს - შოთა ქადაგიძეს, ლევან გზირიშვილსა და ზაზა ხარებავას ვადამდე უნდა შეუწყვიტოს უფლებამოსილება, რითაც სასამართლო სისტემაში არსებული „კლანი" უვადო მოსამართლეებად მათთვის მისაღები კანდიდატების გამწესებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას დაკარგავს.
მუხაშავრიას თქმით, თუ სამართლებრივად პარლამენტს სრული უფლება აქვს, უფლებამოსილება შეუწყვიტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მის მიერვე არჩეულ წევრებს, თუმცა ამ 3 წევრის უკან გაწვევა საბჭოში ძალთა ბალანსს მაინც ვერ შეცვლის.
„სამწუხაროდ, ძალთა ბალანსს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ 12 წევრიდან სამს რომ შეუწყდება, 9 წევრი დარჩება და უმრავლესობა მაინც მათია", - აცხადებს მუხაშავრია.
ცნობისთვის, შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი ეფექტური მექანიზმი სასამართლოს კლანური მმართველობის შესაჩერებლად, არის ამ სამი იუსტიციის საბჭოს წევრის უფლება მოსილების შეწყვეტა, რის შემდეგაც, „კლანს" აღარ ექნება იუსტიციის საბჭოში საკმარისი ხმები თავისი კანდიდატურების გასაყვანად.
„ერთადერთი ეფექტური მექანიზმი ამის შეჩერების არის სწორედ ამ სამი წევრის გამოწვევა, ვინც არ შეასრულა მოვალეობები. ასეთ შემთხვევაში „კლანს" აღარ ექნება იუსტიციის საბჭოში საკმარისი ხმები კანდიდატურების გასაყვანად", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.