თამარ შუკვანი
13.04.2019

 „ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება, დიდ კომედიას მაგონებს, ოღონდ უნიჭო კომენდიანტები არიან. ნათქვამია - ტრაგიკომედია, ჩვენთან ტრაგიკომედია უკვე აღარ არის; ცალკე ტრაგიზმია - ისეთი ქვეყანაა, ისეთი ხალხი გვყავს, რომ ცალკე კომედიაა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" დღევანდელ შეხვედრას.

სიხარულიძე ამ შეხვედრის ინიციატორს - პოეტ დავით მაღრაძეს „ჭკვიან კაცს" უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი მოძრაობებისა და პარტიების მოსმენით საზოგადოება დაიღალა.

„დაიღალა ეს ხალხი ამ მოძრაობებით. თან როგორ ხდება ერთი და იგივე ხალხი, რომ ჩანს? ხან იქით არიან, ხან - აქეთ, ხან იმასთან არიან, ხან - ამასთან... ხალხს არ სჯერა ამათი მოძრაობის. ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება. ღმერთმა ხელი მოუმართოთ.

„უფრო ჭკვიანი კაცი, როგორიც დათო მაღრაძეა, ცხოვრებაში არ მინახავს. როგორ კარგად იცის პოლიტიკური ფინტები, ეს არის უდიდესი პოლიტიკოსი. იგი პირველი ფინტების ჩამტარებელია. ახლა ოპოზიციონერი გახდა, მერე პოზიციონერი იქნება, ბოლოს ისევ ოპოზიციონერი...

„ძალიან ჭკვიანი კაცია, კარგად ექცევა ყველას. თავისი საქმე მიყავს დიდებულად. ეს ხალხი შეჩვეულია მოტყუებას და იქამდე უნდა ატყუონ ხალხი, სანამ არ დაღლიან," - აღნიშნავს სიხარულიძე.

მისი თქმით, დავით მაღრაძე მომავალში შესაძლოა პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში მოგვევლინოს.

„საქართველოში არაფერს ნაღდს არასოდეს პერსპექტივა არ ექნება, მაგრამ ტყუილებზე აგებულ პარტიებსა და მოძრაობებს პერსპექტივა აქვთ, რადგან მათ უკან ძალიან მდიდარი ხალხი დგას.

„ამათგან რომელს უყვარს საქართველო? რომელია საქართველოსთვის შეწირული? ყველა საკუთარ თავს იცავს - „დაიცავი საკუთარი თავი". შეიძლება, რომ ისევ ეს ძველი სახეები ამოტივტივდა?! არც კი რცხვენიათ.

„დათო მაღრაძეს ცოტა ხანში საქართველო იხილავს პრემიერ-მინისტრად, ან პრეზიდენტად, ანდა პარტლამენტის თავმჯდომარედ. ამაში ეჭვიც აღარ მეპარება. ძალიან ჭკვიანია, გაუმარჯოს. ღმერთმა მოატყუებინოს ყველა, მთელი თავისი ხალხი," - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

ცნობისათვის, დღეს ფილარმონიაში მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე დასასწრებად პოლიტოკოსები და ცნობილი სახეები მივიდნენ, მათ შორის მმართველი გუნდის ყოფილი წევრებიც ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ვატო შაქარაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი. ასევე მომღერლები დათო ხუჯაძე და „უცნობი". შეხვედრას „შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×