„ეს ყველაფერი უმიზეზოდ არ დაწყებულა, კონკრეტული პრეტენზიებით დაიწყო, რაც შემდეგ კობახიძის რეპლიკაში „გადაგივლით ყველას" გადაიზარდა. ბოლოს, იმისათვის, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო, ბოდიში ერთადერთი გამოსავალი გახლდათ. ბოდიშის მოხდა კობახიძის მინუსად არ ჩამითვლია, პირიქით, ეს ყველაზე ადეკვატური რეაქცია იყო. დღეს, ამბობს, რომ ბოდიში არ მომიხდიაო," - აღნიშნავს „რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც განაცხადა, რომ ივანიშვილს ბესელიასთან ბოდიშის მოსახდელად არ მიუყვანია.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს დეპუტატ ეკა ბესელიასთან ბოდიშის მოსახდელად არ მიუყვანია, თუმცა მისი ოპონენტები საპირისპიროს ამტკიცებენ. პარტია „ქართული ოცნებიდან" წამოსული დეპუტატი გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარეს ტყუილში ადანაშაულებს.
ფოფხაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე კობახიძემ ბესელიას ბოდიში მოუხადა, რაც კობახიძის მხრიდან ყველაზე ადეკვატური ქმედება იყო, რადგან, როგორც ფოფხაძე აცხადებს, შეხვედრისას სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა, რაც კობახიძის რეპლიკას „ერთხელაც ყველაზე გადაგივლით"-ს მოჰყვა.
ფოფხაძე „რეზონანსთან" დეტალებზე საუბრობს:
„სასამართლო სისტემის განხილვა მიდიოდა. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის სტანდარტებთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა და არგუმენტები გამოგვქონდა. საუბარი დაიწყო იმ კონტექსტში, რომ თქვენ რატომ მეგობრობთ დათო ჭიჭინაძესთან. ამ საუბარს გია ჟორჟოლიანის კომენტარი მოჰყვა, რადგან კობახიძემ თქვა, რომ გიასთან კაბინეტში დათო ჭიჭინაძე მივიდა, რაზეც გიამ უპასუხა - „შენ ვინ გეკითხება ჩემთან კაბინეტში ვინ შემოვაო".
„კობახიძემ კი ასე რამ თქვა, რომ „მე თქვენ ყველას გადაგივლითო", რაც ეკამ გაიგონა და ძალიან მკვეთრი ფორმით დაუპირისპირდა. ეკა საკმაოდ აგრესიული იყო ირაკლისთან მიმართებაში და სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა შესვენება გამოაცხადა.
„ჩემს გვერდზე იჯდა არჩილ თალაკვაძე, შემდეგ კობახიძე და ბოლოს - ბიძინა ივანიშვილი. გავიგონე, ივანიშვილმა უთხრა, რომ არ შეიძლება ასე ლაპარაკი კოლეგებთან მიმართებაშიო.
„ამ შესვენების დროს ივანიშვილმა და კახი კალაძემ მოიყვანეს კობახიძე ეკასთან. გვერდზე გაწევა მომიწია იმისათვის, რომ ბატონი კობახიძე შემოსულიყო ამ სივრცეში; უთხრეს, რომ ეკასთვის ბოდიში მოეხადა, რაზეც ეკამ უპასუხა - „მე ამის ბოდიში არ მჭირდება". სახეზე შეეტყო, ცოტა აელეწა და აგრესიულად ანიშნა, რომ კობახიძისგან ბოდიში არ უნდოდა.
„ამის შემდეგ რომ შევედით დარბაზში, ბიძინამ - კობახიძემ ბოდიში მოიხადა და არ იყო მისი მხრიდან სწორიო, - ამით დამთავრდა ეს ყველაფერი. ჩავთვალე, რომ ამ სიტუაციაში ბოდიში ძალიან ადეკვატური იყო. ფრაზა „ერთხელ ყველას გადაგივლით" შემდგომ თანამშრომლობასა და კოლეგიალობას გამორიცხავს," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.