ტატა შოშიაშვილი
16.04.2019

 „რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონის საბოლოო ანექსია არ არის მიზანი - უნდა, რომ სამხრეთ ოსეთი დისტანციაზე ყავდეს, მაგრამ მაქსიმალურად მართავდეს სიტუაციას... ცდილობენ, რომ ამით „ლეგიტიმური" გახადონ რუსეთის მოქალაქეების რაც შეიძლება დიდხანს ყოფნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს უკანონობაა", - ასე შეაფასა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომლითაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რუსეთში, ხოლო რუსეთის მოქალაქეებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უვადოდ ყოფნის საშუალება ექნებათ.

პუტინის მიერ რუსეთის სახელმწიფო დუმაში რატიფიკაციისათვის შეტანილი პროტოკოლის თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მისი რეალიზება „ხელს შეუწყობს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას".

„რეზონანსთან" საუბრისას, პოლიტიკურმა ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივაში ახალი არაფერია. რუსეთი ცდილობს, რომ თავის საკანონმდებლო სტრუქტურას მოარგოს ყველაფერი და თავისი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრება:

რუსეთს ყველა საშუალება აქვს იმისთვის, რომ მოახდინოს ცხივნალის რეგიონის ანექსია. ამის გაკეთება ყირიმის ანექსიის დროსაც შეეძლო, შედარებით „უმტკივნეულოდ" მოხდებოდა, რადგან ყირიმის ანექსიის შემდეგ „ბარემ" სამხრეთ ოსეთის ანექსიითაც ერთ დარტყმას მიაყენებდა მსოფლიოს. მაგრამ რუსეთს თავის დროზე არ გაუკეთებია და დღემდე არ აკეთებს ამას.

„გარკვეულწილად, მისთვის (რუსეთისთვის) საბოლოო ანექსია არ არის მიზანი, არამედ უნდა, რომ სამხრეთ ოსეთი დისტანციაზე ჰყავდეს, მაგრამ მაქსიმალურად მართავდეს სიტუაციას.

„ის, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ისედაც უვადოდ ცხოვრობდა რუსეთის ტერიტორიაზე, სიახლე არაა. ამის პრობლემა ჯერჯერობით არ ყოფილა და არავინ არ გამოუძევებიათ რუსეთიდან. ოსების უდიდესი ნაწილი დღეს მუდმივად, რეგულარულად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ნაწილზე.

„მგონია, რომ ეს საქართველოს კანონმდებლობისთვის შეუფერებელი და უკანონო დოკუმენტი მიმართულია იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ცხოვრების საშუალება - ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ცდილობენ, რომ ამით „ლეგიტიმური" გახადონ და შესძინონ ძალა იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს ცხოვრობდნენ რუსეთის მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ეს ოკუპაციის გაგრძელებაა. სამწუხაროდ, ამაში ახალი არაფერია, ახალი იყო 2008 წელი - ეს არის გაგრძელება იმ ყველაფრისა", - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, საქართველომ საერთაშორისო დონეზე უნდა აღნიშნოს დ მუდმივად იმეორებდეს იმას, რომ რუსეთის მოქმედება უკანონობაა და არ ჯდება არც საქართველოს და არც საერთაშორისო საკანონმდებლო სივრეში:

„ვინაიდან ეს „დაკანაობნება" კანონდარღვევაა, საჭიროა ამაზე ხმამაღლა საუბარი. ყველგან უნდა ითქვას, რომ არ შეიძლება რუსეთის ამ მოქმედების ლეგიტიმურად ჩათვლა. რუსეთის მოქალაქემ, რომელიც ამ დოკუმენტის მიხედვით იცხოვრებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, უნდა იცოდეს, რომ უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე", - განმარტა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×